თამარ ბაჩალიაშვილის დედა: კელი დეგნან, გთხოვთ, შემხვდით-ჩემ შვილს სიკვდილი არ აკმარეს, ყველანაირ ლაფში ამოსვარეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ნათესავები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში აქციას მართავენ.

ისინი მოითხოვენ, მათი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ჩაერთოს ამერიკის ფედერალური ბიურო(FBI).

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვედრის თხოვნით მიმართავს. გაითვალისწინებს თუ არა ელჩი დედის თხოვნას ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ 23 წლის გოგოს დედა უკვე მერამდენე დღეა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

“ჩემი შვილი აწამეს და ისე მოკლეს, გთხოვთ კელი დეგნან, გეხვეწებით, გემუდარებით, გთხოვთ, შემხვდით. ჩემი უმანკო კრავი გასვარეს, ყველანაირ ლაფში ამოსვარეს. სიკვდილი არ აკმარეს”, – ასე მიმართა თეონა თამაზაშვილმა ელჩს აშშ-ის საელჩოსთან.

თეონა თამაზაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მის თხოვნაზე  გამოხმაურება, საელჩოს წინ შიმშილობას დაიწყებს.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თვითმხილველების თქმით, გაუჩინარებულ თამარ ბაჩალიაშვილს პოლიციამდე ორი ახალგაზრდა კაცი ეძებდა, რომლებიც ოჯახის ახლობლებლად გაეცნენ. მოგვიანებით კი გაირკვა რომ პირები არ არიან ოჯახის ახლობლები.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ის 2 პირი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად