ალექსანდრე ქანთარია: პრემიერის მოხსენება თვალნათელი მაგალითია, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ქანთარია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოხსენების შემდეგ, დაინტერესდა მთავრობის გეგმებით იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც კულტურის სფეროში კოლექტიურად ქმნიან პროდუქტს.

„კითხვა კონკრეტულია – კულტურის, ხელოვნების იმ დარგების შესახებ და იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ურთიერთობაში, კოლექტიურად ქმნიან სწორედ პროდუქტს. მაგალითად, თეატრი, რომელთა მსახიობებს ასპარეზი აღარა აქვთ. მიმდინარეობს თუ არა ეპიდემიოლოგებთან ერთად გარკვეული გეგმის შემუშავება – როგორ, რა სახის, რა ფორმით უნდა დაუბრუნდეს ეს ხალხი თავის ასპარეზს. და ასევე ქორეოგრაფია, კინოწარმოება და ხელოვნების ის დარგები, რომლებიც ამჟამად გაჩერებულია, თუ არის რაიმე გეგმა, თუ როგორ შევეწიოთ ამ ხალხს“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი მოხსენება იმის თვალნათელი მაგალითია, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად და ამან მოიტანა სწორედ ის შედეგი, რომელსაც ამ ეტაპისათვის გამარჯვება შეიძლება დავარქვათ, რამაც აგვაცილა იმ საშინელებებს, რასაც ვხედავდით სხვა ქვეყნებში.

„ამისთვის ბარაქალა, ყოველ თქვენგანს. ამაში მართლაც თავდაუზოგავი შრომაა გაწეული. ეს არის პირველი ეტაპი ბუნებრივია, და ის მეორე ეტაპი, ვფიქრობ რომ ალბათ გაცილებით ძნელი იქნება, ერთი მხრივ, რომ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გააქტიურება, მეორე მხრივ – აღვადგინოთ ეკონომიკა და მესამე, რაც არ გითქვამთ არავის, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი, ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც ამ პირობებში მიიღო და მისი დაცხრობაა საჭირო, ვინაიდან ამ უხილავ დანაღმულ ველზე დაძაბულად სიარულით, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ რასაკვირველია გარკვეული ემოციული შოკი მიიღო. სწორედ მათი დიდი წყალობაა, რომ მხარი დაუჭირა ხელისუფლებას და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მეორე ეტაპსაც ასევე წარმატებით გაივლის.

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ. საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” -ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო.

დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს უსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს. პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად