ბაქრაძე: “ქართული ოცნება” შევიდა საკუთარი მანიპულაციით და ტყუილით იმ ჭაობაში, სადაც უფრო ღრმად ეფლობა

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძის განცხადებით, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ოპოზიციის დღევანდელ შეკრებაზე საპროტესტო აქციების თემა იქნა განხილული, თუმცა, “ევროპული საქართველო” ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული პანდემიის მდგომარეობას და არანაირ პირობებში პოლიტიკური ამოცანის მისაღწევად საფრთხის წინაშე არ დააყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე აქტიურად იმუშავებს.

“ოპოზიციისთვის საპროტესტო აქცია, დემონსტრაცია, არის პოლიტიკური ბრძოლის კონსტიტუციური და ლეგიტიმური მეთოდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, “ევროპული საქართველო” ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული პანდემიის მდგომარეობას და არანაირ პირობებში პოლიტიკური ამოცანის მისაღწევად ჩვენ საფრთხის წინაშე არ დავაყენებთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ქვეყნის შიგნით ვიმუშავებთ საზოგადოებრივი აზრის შესაქმენალდ, არ გამოვრიცხავთ სხვა ტიპის აქტივობებსაც, ოღონდ გადაწყვეტილება კონკრეტულ ფორმებზე მიიღება ყველაფრის გათვალისწინებით”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი განმარტებით, 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით ვითარება გამწვავდა და ამ გამწვავების ინიციატორი იყო “ქართული ოცნება”, როდესაც ოპოზიციას ოფიციალურად ბრიფინგით ამცნეს, რომ თურმე,  არანაირი შეთანხმება პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე არ არსებობს და შესრულებას არ აპირებენ.

“უპრეცედნენტო რაღაც მოიგონეს, ელჩებს სთხოვეს საკუთარი მანიპულაციის დადასტურება. ამას მოჰყვა ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების განცხადება. დღეს უკვე რამდენიმე ევროპარლამენტარმა გააკეთა გამოხმაურება, სადაც პირდაპირ საუბრობენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. საერთაშორისო დონეზე საკითხი უკვე გამწვავებულია და “ქართული ოცნება” შევიდა საკუთარი მანიპულაციით და ტყუილით იმ ჭაობაში, სადაც უფრო ღრმად ეფლობა და საიდანაც არსებობს ერთადერთი გამოსავალი – შესრულდეს შეთანხმება და პროცესი გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად