სენატორებმა რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი მოამზადეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან ორმა სენატორმა, ჯიმ რიშმა და რობერტ მენენდესმა განაცხადეს, რომ ისინი კანონპროექტს ამზადებენ, რომელიც თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ კომიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

სენატორები ასევე სირიაში „მავნე ქმედებების“ გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დაჟინებით მოითხოვენ. მათი განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს. მოსკოვის წინააღმდეგ დაანონსებული ახალი სანქციების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კანონპროექტი თურქეთში იარაღის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მათ, ვინც სირიაში თურქ სამხედროებს იარაღს აწვდის, სანქციები დაუწესდებათ.

ასევე, სენატორები თურქეთის ნატო-ში წევრობის საკითხსაც ეჭვქვეშ აყენებენ.

როგორც ჯიმ რიშმა განაცხადა, კანონპროექტის მიზანია დაუპირისპირდეს “არასტაბილურობას, რომელსაც ახლო აღმოსავლეთი თესავენ”.

რობერტ მენენდესმა დასძინა, რომ კანონპროექტი არა მხოლოდ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის შეჭრას ეხება, ასევე მოითხოვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ  “ყოვლისმომცველი სტრატეგია” შეიმუშავოს.

ხუთშაბათს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ანკარაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აღნიშნა, რომ ამერიკამ და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლის  დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რათა ქურთების თავდაცვითმა ძალებმა საკუთარი ძალების გაყვანა შეძლონ.

სამშაბათს, 15 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, რამდენიმე თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა. 

ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველა  ძალისხმევა გამოიყენოს იმისთვის, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის შეიარაღებული ოპერაციები დასრულდეს.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად