დავით ბერძენიშვილი: პომპეომ 2019-ში ივანიშვილს ის უთხრა, რაც 2003-ში ბეიკერმა შევარდნაძეს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელი არ წაუცდეს.

აღნიშნული განცხადება დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას გააკეთა. პოლიტიკოსი ანალოგს 2003 წლის ვითარებასთან აკეთებს, როდესაც ამერიკა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას აფრთხილებდა, რაც შევარდნაძემ არ გაითვალისწინა და საბოლოოდ ეს რევოლუციით დასრულდა.

„სტაბილურობას რაც შეეხება, სტაბილურობა უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტის დემოკრატიული სისტემით, ხელისუფლებათა განაწილებით, სასამართლოს დამოუკიდებლობით. ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებით. დემოკრატიის მაღალი ხარისხით, ადამიანის უფლების დაცვის მაღალი ხარისხით და ა. შ. ჩვენ ვართ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანა, ჩვენ არ ვართ არც ტოტალურ-ავტორიტარული რეჟიმის მიერ კონტროლირებული სტაბილური ქვეყანა. განსხვავებით აზიის ქვეყნებისგან, არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებისგან. ჯერ კიდევ შევარდნაძეს აწუხებდა ეს საკითხი. გელა ჩარკვიანმა გაიხსენა, რომ შევარდნაძე იძახდა, რა არის, ჩვენ პატარა გადაცდომებს არ გვპატიობენ და ავტორიტარულ-დესპოტური ქვეყნები ჰყავთ პარტნიორადო. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ საქართველო მიჩნეულია საკუთარ ნაწილად, სადაც დემოკრატიის მაღალმა სტანდარტმა შეიძლება უზრუნველყოს სტაბილურობა. ეს შევარდნაძემ და კიდევ ბევრმა სხვამ ვერ გაიგო“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ამასთანავე 3 ათეული წლის განმავლობაში საქართველომ დაადასტურა, რომ ის არცერთი ავტორიტარიზმის ფორმას არ ეგუება.

„ავტორიტარი ხელისუფალი ქართველმა საზოგადოებამ ბოლომდე არ ახელისუფლა და გაუშვა და თან საკმაოდ მძიმედ. დროთა განმავლობაში ეს ფორმები იხვეწებოდა. პირველი იყო ძალიან მძიმე, სამხედრო გადატრიალება, რომელზეც ორივე მხარეა პასუხისმგებელი ამ ამბავზე. მეორე, შევარდნაძის ხელისუფლება გაუშვა მოგებული არჩევნების გაყალბების გამო და მას მიაყოლა მაისში აჭარიდან აბაშიძე თავის პატრონებთან მოსკოვში. მესამეს რევოლუციაც კი არ დასჭირდა, მოგებული არჩევნები აღიარებინა ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ამჟამად, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლების მეორე ვადით არჩევის მიწურულს ასეთი მკვეთრი განცხადებით აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს მე მახსენებს ბეიკერის ჩამოსვლას 2003 წელს და შევარდნაძემ ბეიკერს რომ არ დაუჯერა და დემოკრატიული პრინციპით არ ჩამოაყალიბა საარჩევნო კომისია. მერე არ უპასუხა ტელეფონზე და მოვიღეთ ის, რომ აშშ-მა დაიცვა ქართველი ხალხის საარჩევნო არჩევანი და მიესალმა იმ ცვლილებებს, რაც მოხდა 2003 წლის ნოემბერში“, – ამბობს ბერძენიშვილი.

კითხვაზე, ანალოგიას ხედავს იმ ვითარებასთან პასუხობს, რომ დიახ.

„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის აშშ მზად იყო ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად და რაკი მოიგო ოპოზიციამ, არ მისცეს შესაძლებლობა ხელისუფლებას, რომ არჩევნები გაეყალბებინათ. ახლანდელი ვითარება ასეთია, რომ როგორც ბეიკერმა გააფრთხილა შევარდნაძე, ისე გააფრთხილა პომპეომ ივანიშვილი, რომ ერთი ანაკლიის პორტი არის აშშ-ის ინტერესებში, ისევე როგორც საქართველოს ინტერესებში. გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, უსაფრთხოებითი პროექტი. სასამართლო ხელისუფლება, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი კონტროლისგან, ჩვენ სწორედ სასამართლო ხელისუფლებასთან გვაქვს პრობლემა. სააკაშვილის მოსამართლეები – მურუსიძე-ჩინჩალაძეები გადმოიბარა ახალმა პატრონმა. ეს ჩვენ არ მოგვწონსო, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

არჩევნებს ეხებიან იმიტომ, რომ დაკვირვების ქვეშ ვართ. ბალტიისპირეთის ქვეყნები არ არიან დაკვირვების ქვეშ. როცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მათზე საუბრობს ის არც სასამართლოს ახსენებს როგორც პრობლემას და არც არჩევნებზე არ მოუწოდებს ივანიშვილს აშშ თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ჯერ კიდევ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანა ვართ, ნახევრად თავისუფალი ვართ, ანუ ნახევრად თავისუფალი არ ვართ. ასეთია ჩვენი მედია, ასეთია ჩვენი დემოკრატიული სტანდარტი. ის, რომ ამერიკელებმა ჩინეთს უნდა წაგვკიდონ? ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი. არაფერი წაკიდება არ იქნება. კონსტიტუციაში გვიწერია ევროატლანტიკური არჩევანი, ანაკლიის პორტიც ჩავწერეთ კონსტიტუციაში, ამიტომ ბუნებრივია ანაკლიის პორტის უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხების ასპექტები დასაცავია და ამის შემოძახილი იყო აშშ-ის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი არჩევნებისთვის აშშ და დასავლური სამყარო გააკონტროლებს ვითარებას და თვალს არ დახუჭავს.

დიახ, ეს იყო გაფრთხილება, რომ ხელი არ წაუცდეს და არ გააყალბოს არჩევნები. ტყუილად არ გამიხსენებია ბეიკერის ვიზიტი. არ დაუჯერა შევარდნაძემ და თავი წააგო“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “აიპრესთან”.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ აუცილებლობას ქვეყანაში სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ასევე პომეპომ ანაკლიის პორტის გესტრატეგიულ მნიშვნელობაზე და მისი განხორციელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მალე დასრულებით, გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან.

 

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...