A1 ბანერი

ბარამიძე სააკაშვილის მიერ დასავლეთის კრიტიკაზე: მე იგივე აზრს სხვა სიტყვებით გამოვხატავდი

„ადამიანმა შეიძლება სხვა ტერმინებით გამოხატოს პოზიცია, უფრო დიპლომატიური ტერმინებით. მე პირადად იგივე აზრს სხვა სიტყვებით გამოვხატავდი, მაგრამ აზრი არ იცვლება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „აიპრესს“ განუცხადა.

პოლიტიკოსს ვკითხეთ, სქართველოს მესამე პრეზიდენტის დასავლეთის მიმართ კრიტიკა მისთვის თუ არის მისაღები და იზიარებს თუ არა იმ ტერმინოლოგიას, რაც სააკაშვილმა გამოიყენა.

„ბუნებრივია, რომ ევროპა არის ჩვენი ოჯახი და მისკენ მივისწრაფით. ჩვენ ვართ მისი ისტორიული ნაწილი. მისი კრიტიკა სულაც არ ნიშნავს მის მიუღებლობას. ძალიან უნდა გინდოდეს, რომ დაინახო თითქოს სააკაშვილმა დასავლეთსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს ან ძალიან უნდა გინდოდეს ან ტვინმოგრეხილი უნდა იყო“, – ამბობს ბარამიძე.

კითხვაზე, მისთვის თუ არის მისაღები სააკაშვილის ტერმინოლოგია? როგორიც იყო კოლონიზაცია, ევროპული კონკურენცია და ერთმანეთის ჩაძირვაზე მუშაობა და ა. შ. ბარამიძე პასუხობს:

„ადამიანმა შეიძლება სხვა ტერმინებით გამოხატოს პოზიცია, უფრო დიპლომატიური ტერმინებით. შესაძლებელია ოფიციალური განცხადება ასე არ დაწეროს. მე პირადად იგივე აზრს სხვა სიტყვებით გამოვხატავდი. მაგრამ, აზრი არ იცვლება. ფაქტია, რომ კონკურენცია მართლაც არის. გადავხედოთ ბოლო დროინდელ ვითარებას აშშ-სა და ევროკავშირს შორის. ლამის არის, რომ სავაჭრო ომი დაიწყონ. ერთმანეთს ტარიფები დაუწესეს 25%-იანი, მეტალის იმპორტზე და ა. შ. ასეთ გამოვლინებებს ადგილი აქვს. კონკურენტული გარემოა.

თუ ჩვენ შევდივართ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია, როგორც ძირძველი ევროპელების, კულტურისა და მენტალიტეტის თვალსაზრისით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ოჯახის ნაკლოვანებების ან სუსტი მხარეების დანახვა არ შეგვეძლოს. საბჭოთა მიდგომაა, როცა ამბობენ, რომ თუ რაღაცა გააკრიტიკე, ეს შენთვის მიუღებელია. პირიქით უნდა დავინახოთ – მივდივართ იმ ოჯახისკენ, რომლის პლუსსაც ვხედავთ და მინუსსაც. არჩევანი შეგნებულია. მთავარი გზავნილი სააკაშვილის ის იყო, რომ ასეთ ვითარებაში სხვის იმედზე კი არ უნდა ვიყოთ. გამოჩნდა, რომ მარტო სხვის იმედზე ვერ ვიქნებით. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერც საქართველო იქნებოდა დღეს არაოკუპირებული, თუნდაც ის 80% და არც უკრაინა. ამას არასდროს დავივიწყებთ.

სააკაშვილის მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამისთვის არის საჭირო კორუფციის და კრიმინალის დამარცხება. ეფექტიანი დემოკრატია. პირდაპირ დემოკრატიას პროპაგანდირებს სააკაშვილი. ნებისმიერი მსხვილი საკითხი სწორედ ხალხმა განიხილოს პირდაპირ და პირდაპირ უყაროს კენჭი და ასე მიიღონ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა პარლამენტი და სხვა არჩევითი ორგანოები უნდა იყოს ეფექტიანი, მაგრამ ხალხის ჩართულობაც უნდა იყოს მაღალი ხარისხით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ „აიპრესთან“.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ტაბულა” ავრცელებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...