“50 საჯარო მოხელე” -იუსტიციის სასწავლო ცენტრი პროექტში მონაწილეობის მსურველებს იწვევს

იუსტიციის სასწავლო ცენტრი პროექტ "50 საჯარო მოხელეს" ფარგლებში კონკუსს აცხადებს. როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის – „50 საჯარო მოხელე“ – მონაწილე შეიძლება იყოს 21-25 წლის ასაკის ახალგაზრდა, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ნებისმიერი სპეციალობით (წარმოსადგენია დიპლომი ან ცნობა უნივერსიტეტიდან). 

კონკურსანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, დაინტერესებული იყოს საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკით, ასევე მზად უნდა იყოს ჩაერთოს გადამზადების 6-თვიან პროგრამაში.

"მოცემული პროექტის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობას, პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარებას, ასევე, ემსახურება ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას, მართლშეგნების ამაღლებას, საჯარო სამსახურის სისტემაში ორიენტაციისა და თავის დამკვიდრებისთვის მათ სათანადო ცოდნით აღჭურვას",-აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველები შემდეგ შესარჩევ ეტაპებს გაივლიან: აპლიკაცია, ინტელექტის ტესტი, ინგლისური ენა, გასაუბრება. ტესტირებას ინგლისურ ენაში ჩაატარებს ბრიტანეთის საბჭო (British Council Georgia). ენის ცოდნის დონის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნება Aptis ტესტი. შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასვლა მოხდება რეიტინგული სიით.

გასაუბრებამდე კანდიდატები შეავსებენ პიროვნულ კითხვარს. პიროვნული მახასიათებლების შესახებ მიღებული ინფორმაცია გასაუბრების ეტაპზე გამოყენებული იქნება როგორც დამხმარე საშუალება. წარმატებულ კანდიდატებს გადაეცემათ ინდივიდუალური დახასიათება და რეკომენდაცია, რაც როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ დაეხმარება საკუთარ თავზე მუშაობასა და თვითანალიზში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანდიდატთა შერჩევა მოხდება გენდერული ბალანსის გათვალისწინებით.

კურსი გაგრძელდება 6 თვეს (67 დღე − 469 საათი) შეადგენს. ტრენინგები ჩატარდება როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში. სასწავლო კურსი განხორციელდება 2 ეტაპად: I ეტაპი − ოქტომბერი-დეკემბერი − 41 დღე (287 საათი);II ეტაპი − იანვარი-მარტი − 26 დღე (182 საათი).

მეორე სემესტრში სტუდენტები იმუშავებენ კონფერენციაზე წარსადგენ რეფერატებზე. ამდენად, სასწავლო კურსების ხანგრძლივობა შემცირებულია. მეორე სემესტრში პროექტის მონაწილეები ძირითად დროს დაუთმობენ კონფერენციაზე წარსადგენ პრეზენტაციებს. კომისიის მიერ განხილული რეფერატები გამოიცემა სახელმძღვანელოს სახით.

გარდა ტრენინგებისა, სასწავლო კურსი მოიცავს სხვა დამატებით შემეცნებით/სასწავლო ღონისძიებებს.

სასწავლო პროგრამა წარიმართება ქართულ ენაზე, თუმცა პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების მოწვევა და რეფერატებზე მუშაობის პროცესში ინგლისურ ენაზე ლიტერატურის დამუშავება.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 1-დან 10 სექტემბრამდე განხორციელედება. 3 სექტემბერს შედგება პროექტის პრეზენტაცია, 14 სექტემბერს კონკურსი გამოცხადდება და  30 სექტემბრამდე გასტანს. 

"პროექტის მონაწილეები პროგრამის დამთავრების შემდეგ შეძლებენ (ცოდნადაგაცნობიერება):

– განსაზღვრონ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ძირითადი პრინციპები, ცნებები და ინსტიტუტები, ასევე საჯარო სამსახურში მოქმედი სპეციალური ნორმები;

– განსაზღვრონ ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურში პროფესიულ საქმიანობასთან, პასუხისმგებლობასა და ეთიკასთან;

– განსაზღვრონ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში საჯარო ორგანიზაციების მნიშვნელობა და მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე;

– განსაზღვრონ პიროვნების ძირითადი სამუშაო კომპეტენციები და პიროვნული პოტენციალის რეალიზების გზები;

– ჩამოაყალიბონ ორგანიზაციის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპები",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად