45 წელს გადაცილებულმა წყვილებმა შესაძლოა ჩვილი ბავშვის აყვანა ვეღარ შეძლონ

შესაძლოა "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდეს და შვილის აყვანის მსურველებს ასაკობრივი ზღვარი დაუწესდეთ. პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მიმართა.

თუ დეპუტატები ცვლილებას მხარს დაუჭერენ, მშვილებელთა ასაკთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება და 45 წელს გადაცილებული წყვილები ჩვილი ბავშვის აყვანას ვეღარ შეძლებენ. ასევე, მათ შორის სხვაობა მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 45 წელი უნდა იყოს. ასევე, ცვლილების მიხედვით ბავშვი ბიოლოგიური მშობლისგან მიტოვებულად 6-ის ნაცვლად 3 თვეში ჩაითვლება. 

კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებების განხორციელება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში:

"- პრინციპების დონეზე ხდება გასაშვილებელი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის უპირატესი გარემოს განსაზღვრა და აღიარება, როგორიცაა: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა.

– ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია კანონის სუბიექტების განსაზღვრას მათ მოქალაქეობას უკავშირებს. მოქმედი კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.

წარმოდგენილი პროექტით კი კანონის სუბიექტთა წრე დაჯგუფებულია მუდმივად ცხოვრების ნიშნით. კერძოდ, კანონი გამოიყენება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირისმიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით აღზრდა.

– ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიური ზრუნვა და აღზრდა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.

– მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოში იქმნება სათათბირო ორგანო – თავსებადობის კომისია, რომელიც იკრიბება გამონაკლის შემთხვევებში (ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით), რათა მონაწილე მხარეების ჩართვის გზით მიღებული იქნას გადაწყვეტილება თავსებადობის პროცესში გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით.

– სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა.

– სერტიფიცირება, რაც წარმოადგენს შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს. ამასთან, მოსამზადებელი კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს/პირს შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და ზრუნვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერთიფიკატი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირებმა/პირმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.

სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა ასევე აუცილებელი წინაპირობაა მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის.

– მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება‐მოვალეობები. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6 თვიანი ვადა შემცირდა 3 თვემდე.

– ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა, თუ დადგინდა, რომ მშობელი, არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება შვილის ბედით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. განხილვის შედეგები უდნა ეცნობოს სააგენტოს.

– მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიცარ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები). კანონპროექტით მოხდა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც, კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი. გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს.

ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება ქორწინებაში მყოფმ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი აკმაყოფილებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი.

– სავალდებულო ხდება საქართველოში მუდმივად მცხოვრების მშვილებლების (მშვილებლის)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ ასახავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს და ადასტურებს მითითებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

– საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. აღნიშნულ ცვლილებით წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს.

– მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებულნი არიან შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღეში, წერილობით დაადასტურონ პოზიცია (თანხმობა/უარი) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე.

– მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ერთი და იმავე მშვილებელი პირებისთვის/პირისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად აყვანის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მშვილებლებმა/მშვილებელმა ორივეჯერ უარი განაცხადეს შეთავაზებაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლების (მშვილებლის) აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე.

– იკრძალება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლების/მშობლისა და მშვილებლების/მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევები, ვინაიდან, მოქმედი რეგულაცია უფლებას ანიჭებს დაინტერესებულ მხარეებს (ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი) თავად განსაზღვრონ ბავშვის მიტოვების შემდეგ მშვილებელი გარემო, რაც ზღუდავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სრულფასოვან ჩართულობას ამ კატეგორიის ბავშვების გამოვლენის, სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი საჭიროებების შესაბამისად, უპირატესი მშვილებელი პირების/პირის შეთავაზების თვალსაზრისით.

– გაშვილებული ბავშვის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემების შეცვლა განხორციელდება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

– მინდობით აღმზრდელ ოჯახში შესაძლებელია განთავსდეს არასრუწლოვანი, შვილთან ერთად.

– მინდობით აღსაზრდელი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, შეუძლია დარჩეს მინდობით აღზრდაში სწავლის დასრულებამდე.

– „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მოქმედ კანონში მოცემულია 2 ტერმინის განმარტება:
„მიმღები ოჯახი“ და „დედობილ/მამობილი“. კანონპროექტის მიხედვით, ამ ტერმინების ნაცვლად იარსებებს ერთი ტერმინი – „მინდობით აღმზრდელი“, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო მოსახერხებელია, რადგან მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება ერთ პირთან (დედობილი, ან მამობილი) და არა ოჯახთან.

– შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განხორციელებისას, მოხდება 10 წლამდე ასაკის ბავშვის აზრის გათვალისწინება მისი ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.

– დაზუსტდა შვილად აყვანის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაუქმების რეგულაციები, რაც აისახება ამ ორი ინსტიტუტის სამართლებრივ შედეგებში;

– საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესის განხორციელებისას, საერთაშორისო შვილად აყვანის კომპეტენტურ ორგანოებს უწესდებათ ვალდებულება დააკმაყოფილონ რიგი მოთხოვნები (კრიტერიუმები);

– საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისათვის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებელი პირის შერჩევა განხორციელდება კომისიური წესით;

– საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესში დგინდება მიმღები და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების ურთიერთობის წესი;

– ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის შესახებ ანგარიშების დოკუმენტბრუნვის სპეციალური წესების შემოღება;

– მცირდება საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მიმღები სახელმწიფოდან მოწოდების სიხშირე, რაც განაპირობებს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პოტენციური მშვილებელი პირების მოზიდვას. შესაბამისად, რეგულაციები მეტი მოქნილობას იძენს უცხო ქვეყნის კანონმდებლობასთან მიმართებაში;

– განისაზღვრება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის წესი", – წერია "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად