42 წლის ქართველს, ვენეციის პოლიცია 14 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებს და ვიდეოს ავრცელებს

10 სექტემბერს ვენეციაში 42 წლის ქართველი კობა კ. დააპატიმრეს.

ვენეციის მესტრეს (ადრე ვენეციის მეზობელი ქალაქი, ამჟამად მისი ყველაზე მრავალმაცხოვრებლიანი უბანი) Ca’ Rossa-ს ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების გამომძიებლების ცნობით, მათ კობა კ-ს მიერ 14 ბინის გაქურდვის უტყუარი მტკიცებულებები აქვთ, სულ კი, მათი აზრით, მას 100-მდე ბინა, ძირითადად, მესტრეში, უფრო ნაკლებად კი მის მოსაზღვრე მარგერას და სპინეას უბნებში, აქვს გაქურდული.

გამომძიებლების თქმით, ყველა ქურდობა იანვარ-აგვისტოს პერიოდში მოხდა, თუმცა განსაკუთრებით ბევრ შემთხვევა წლის პირველ თვეებში დაფიქსირდა. ამ დროს კობა კ. ზოგჯერ ღამის განმავლობაში 3-4 ბინას “სტუმრობდა”.

ბინების გაქურდვის ტექნიკა ყველა შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსი იყო: იგი დღისით შეარჩევდა ბინების, ღამით კი ბრუნდებოდა და ელექტრომაგნიტურ ჩამკეტიან კარს პლასტიკური ბარათით, რომლებიც შემდეგში, ჩხრეკისას, მას უამრავი ამოაჩნდა, აღებდა. ის ძალზე იშვიათად შედიოდა ბინის სიღრმისკენ, საძინებელი ოთახებისკენ და ჰოლში მოძიებული ნაღდი ფულით და ძვირფასეულობით კმაყოფილდებოდა. კვალს, იგი არ ტოვებდა. ზოგჯერ ხელთამანებს ეკეთა, ზოგჯერ კისერზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული (პოლიციის ვარაუდით, ამგვარად ის ოფლის კვალის ბინაში დატოვებისგან იზღვევდა თავს – “აიპრესი”). იგი ისე ტოვებდა ბინას, რომ მას ქურდობის დროს ვერავინ ამჩნევდა. ხშირად ბინის მეპატრონეები გაქურდვის შესახებაც ვერ იგებდნენ, ბინაში შეღწევა კი არც ერთხელ არ მომხდარა ძალის გამოყენებით.

კობა კ-ს იდენტიფიცირება სადარბაზოებში და ზოგიერთ ბინაში დაყენებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით მოხდა. იდენტიფიცირების შემდეგ პოლიცია მას დიდხანს უთვალთვალებდა და აგროვებდა სამხილებს. გამომძიებლები ამბობენ, რომ მის მიერ 14 ბინის გაქურდვა ეჭვს არ იწვევს, ხოლო დანარჩენ, იმავე უბნებში მომხდარ, ხელწერით ზედმიწევნით მსგავს გაქურდვებზე, მტკიცებულობების მოძიების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

კობას კ-ს მიერ ბინებიდან, გამომძიებლების თქმით, რამდენიმე ათეული ათასი ევრო (ძვირფასეულობა, ნაღდი ფული და ბინიდან გატანილი საკრედიტო ბარათებიდან მოხსნილი თანხა) არის მოპარული. ძვირფასეულობის დიდი ნაწილი მას გაყიდული აქვს. ჩხრეკისას, ბინაში, მარგერეზე, სადაც კობა კ. თავის მეგობარ ქართველ ქალთან ერთად ცხოვრობდა, ოქროულობის მცირე ნაწილი, 1500 ევროს ღირებულების, არის ამოღებული. ქალი გამომძიებლების ყურადღების ქვეშ მოექცა და მის შესახებ ცნობების შეგროვება მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ საპატიმრო ღონისძიება არ არის გამოყენებული.

მომზადებულია პორტალების veneziaradiotv, leggo, mestre.veneziatoday და nuovavenezia.gelocal მიხედვით

მოამზადა რაულ კაპანაძემ

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად