42 წლის მამაკაცმა ავტომობილის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე წარმატებით ჩააბარა

42 წლის მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ავტომობილის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე წარმატებით ჩააბარა.

დიდი ბრიტანეთის სალიზინგო კომპანია Select Car Leasin-ის მიერ ინფორმაციის თავისუფლების კანონის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის სტანდარტების სააგენტოდან (DVSA) გამოთხოვილი მასალებიდან ირკვევა, რომ 42 წლის ინგლისელმა მამაკაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა მხოლოდ 158-ე ცდაზე ჩააბარა.

ანგარიშიდან გამომდინარე, თეორიული გამოცდის ჩაბარება მამაკაცს 3644 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

მეორე ადგილზე გასულ 30 წლის ქალს მასზე 41-ით ნაკლები, 117 ცდა დასჭირდა თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად. მან თანხაც მამაკაცზე ბევრად ნაკლები, 2691 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

მე-3 ადგილზე გასულ 48 წლის ქალს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 100-ზე ნაკლები, 94 ცდა დასჭირდა.

მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ინგლისელებისთვის ბევრად უფრო მარტივად ჩასაბარებელია.

რეკორდსმენს, 72 წლის მამაკაცს, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის 42 ცდა დასჭირდა. მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა სამუშაო დღეებში 62, ხოლო დასვენების დღეებში კი 75 ფუნტი სტერლინგი ღირს. აქედან გამომდინარე, შეუპოვარ მამაკაცს მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 3225 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

მას მცირედით ჩამორჩა 47 წლის ქალი, რომელსაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის 41 ცდა და 3075 ფუნტი სტერლინგი დასჭირდა.

DVSA-ს მონაცემების თანახმად, მართვის პრაქტიკული მოწმობის ჩაბარების დროს ყველაზე ხშირად გზაჯვარედინზე გავლის რიგითობის წესს არღვევენ, მეორე ყველაზე გავრცელებული დარღვევა ხედვის სარკეების გაუსწორებლობაა, მესამე კი საჭის არასწორი მართვა.

აღსანიშნავია, რომ წარუმატებლობის მიზეზები ერთი და იგივეა 2013/14 წლიდან მოყოლებული.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში დაახლოებით ერთნაირია და 46-47%-ის ფარგლებშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად