4 გარდაცვლილი და 30 დაშავებული – ფეხით მოსიარულეებზე მონადირე მანქანის მძღოლის მსხვერპლი გერმანიაში (ვიდეო)

საზარელი შემთხვევა გერმანიის უკიდურესად დასავლეთ მხარეში ლუქსემბრგის საზღვარიდან 15 კმ-ში მდებარე ქალაქ ტრირში მოხდა

Volksfreund.de-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავე ქალაქ ტრირის მცხოვრები 51 წლის მამაკაცია. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას ფსიქიკური პრობლემები. ამბობენ, რომ იგი ხშირად სტუმრობდა ქალაქის სამწვადეს და იქ თვრებოდა.
 
ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ოდნავ გვიან პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ გრაბენშტრასედან სიმეონშტრასეს გავლით პორტა ნიგრას მიმართულებით მოძრავმა ყველგანმავალმა ტრირის საფეხმავლო ზონაში რამდენიმე ადამიანი გაიტანა და მოუწოდა ქალაქის მაცხოვრებლებს მორიდებოდნენ ამ რაიონში გამოჩენას და დარჩენილიყვნენ სახლებში.
 
სკოლებმა მოსწავლეთა მშობლები გააფრთხილა, წაეყვანათ ბავშვები სკოლიდან, რათა ისინი თავად არ წასულიყვნენ სახლებში ცენტრის გავლით.
 
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ დამნაშავე დააკავეს. როგორც პრესა წერს, პოლიციის მანქანა “ტარანზე წავიდა” და ასე შეაჩერა დამნაშავე, რომელმაც შემდეგ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. გენერალური პროკურორის თქმით, დაკავებულის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 1,4 პრომილეს შეადგენდა.
 
პრესა აცხადებს, რომ დაღუპულია 25 და 45 წლის ასაკის ორი ქალი, 73 წლის ასაკის კაცი და ერთი მცირეწლოვანი. ზოგიერთი ცნობით დაშავებულია 30 კაცი. დაშავებულთა შორისაა და საავადმყოფოშია გადაყვანილი დაღუპული მცირეწლოვანის დედაც.
 
გენერალურ პროკურორ პიტერ ფრიტცენის თქმით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივების შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლია, თუმცა არანაირი მტკიცებულობა პოლიტიკური და რელიგიური მოტივების შესახებ არ არსებობს.
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად