36 წელი ეპიდემიებთან ბრძოლაში – დიდი გამარჯვებები და მსოფლიოში აღიარებული “გაიდლაინები”(ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან)

საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახლა, ახალი კოვიდ ეპიდემიის დროს აღმოაჩინა, რომ თურმე გვყოლია მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული პროფესიონალი ექიმები, რომლებსაც  შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ძალიან მნიშვნელოვანი მისია და საერთაშორისო დონეზე წარმოგვაჩინონ, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი.

თენგიზ ცერცვაძეს და მის გუნდს მსოფლიო აღიარება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ჰქონდათ და ჩვენი ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის „გაიდლაინებით“ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ. სწორედ თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება შიდსთან დაკავშირებული დიდი წარმატება არა მხოლოდ საქართველოში, მთელს აღმოსავლეთ ევროპაშიც.

ამ სტატიაში სწორედ ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგის მიერ განვლილი, ეპიდემიებთან ბრძოლის 36 წლიანი რთული და წარმატებებით აღსავსე გზის შესახებ მოგითხრობთ…

1989 წელი. საქართველო. პირველი შიდსის ცენტრი საქართველოში…

თენგიზ ცერცვაძე: შიდსზე მუშაობა ჩვენ საქართველოში დავიწყეთ 1983-1984 წლებში, პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველებმა, მთლიანად ევროპაში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც შიდსის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ, ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა რაიმე. იცოდნენ რომ იქ იყო რაღაც ჯგუფები აშშ-ში, გარკვეული უმცირესობის ჯგუფები, რომელთა შორის გავრცელებული იყო უცნობი გადამდები დაავადება. შემდეგ, გაიშიფრა ამ დაავადების მიზეზი, ეს აღმოჩნდა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელსაც უწოდეს აივი. თვითონ დაავადებას უწოდეს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ანუ შიდსი.

როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირში პირველად ჩვენ დავიწყეთ კვლევები? მოგეხსენებათ, მაშინ მოსკოვში იწყებოდა პირველად ყველაფერი.

მოხდა ისე რომ, მოსკოვში ჩემი მასწავლებელი იყო დიდი მეცნიერი აკადემიკოსი ლენ პეტროვი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მითხრა, რომ ვერაფრით დაარწმუნა მოსკოვში ხელმძღვანელობა რომ შიდსი იყო მნიშვნელოვანი პრობლემა  და არა მხოლოდ ამერიკისთვის. მთხოვა, შეიძლება რესპუბლიკებში პირადი გავლენით და ნაცნობობით შეძლოთ კვლევების დაწყება, თუ ამას შეძლებთ, ძალიან კარგი იქნებაო.

მაშინ, მე ვმუშაობდი ბატონ სერგო კობალაძესთან, ძალიან ცნობილი ექიმი იყო. მივედი მასთან და დავარწმუნე ბატონი სერგო, რომ შიდსი იყო ძალიან სახიფათო და მას შესწავლა სჭირდებოდა. მივედით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, მაშინ ოთარ ჩერქეზია იყო თუ არ ვცდები და მთავრობის დახმარებით შევძელით სადიაგნოსტიკო აპარატურის შეძენა.  მთავრობამ გამოგვიყო საჭირო ვალუტა, ვალუტის შეძენაც კი შევიძინეთ აპარატურა და დავიწყეთ კვლევები შიდსზე.

თავიდან, 5 წელი ტყუილად ვიკვლევდით, შიდსის პირველი  შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ 1989 წელს, მაგრამ მთელი ეს 5 წელი ვიკვლევდით მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას. თუ ზუსტად მახსოვს, 1986-88 წლებში ვიკვლევდით დაახლოებით 300-400 ათას ადამიანს ყოველწლიურად.

შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა სოხუმში. ახალგაზრდა გოგონას აღმოაჩნდა, რომელიც მიმტანად მუშაობდა. გაირკვა, რომ რამდენიმე წლის წინ, ცოლად გაჰყვა  ტანზანიელს, სტუდენტები იყვნენ სანკტ-პეტერბურგში. როგორც ჩანს, ქმარს ჰქონდა შიდსი და 1 წლის  წინ გარდაიცვალა, რითი გარდაიცვალა არავინ იცოდა. ეს გოგო ჩამოვიდა სოხუმში, მუშაობდა მიმტანად და 1989 წელს აღმოაჩნდა შიდსის ერთ-ერთი გამოვლინება – მუქი, მოწითალო ფერის კვანძები სხეულზე, ავთვისებიანი სიმსივნის სარკომა, რომელიც შიდსიანებს ხშირად უჩნდებათ.

მაშინ უშიშროება აკონტროლებდა საბჭოთა კავშირში შიდსის შემთხვევებს, იმიტომ რომ არ უნდა დაგვეშვა საბჭოთა კავშირში შიდსის გავრცელება. როდესაც სოხუმში წავედით, უშიშროების თანამშრომლები გვახლდნენ. ავუღეთ ანალიზი, დადასტურდა შიდსი. ეს ახალგაზრდა გოგო მალე გარდაიცვალა. მაშინ, არ არსებობდა შიდსის სამკურნალო საშუალება, სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოზის დასმიდან 1 წელი იყო. ფატალური განაჩენი იყო შიდსის დიაგნოზი.

1989 წლის ბოლოს კი, ჩვენ პირველებმა და პირველად, საბჭოთა კავშირში შევქმენით შიდსის ცენტრი. რახან პირველი შემთხვევა უკვე გვქონდა, კვლევები გავაძლიერეთ. შემდეგ წამოვიდა ერთეული, ათეული შემთხვევა, ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვს.

2000 წელს გაერთიანდა შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრი და ჰქვია „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“.

ამ გაერთიანების შემდეგ, მე დავინიშნე ამ ცენტრის გენერალურ დირექტორად და დღემდე ასე ვარ. 20 წელი სრულდება ამ დაწესებულების ხელმძღვანელი ვარ.

ჯანმო ჯილდოდოქტორ ლის პრემია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, მხოლოდ საქართელოს აქვს…

თენგიზ ცერცვაძე:  36 წელია, რაც ეპიდემიებს ვებრძვი… 20 წელია, რაც ამ დაწესებულების დირექტორი ვარ… ჩვენი შიდსის სამსახური ვითარდებოდა და ჩამოყალიბდა ერთ-ერთ უძლიერეს  სამსახურად. საქართველოს მაშინდელი შიდსის სამსახურის დამსახურება გახდა ის, რომ არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად ევროპაში, თავიდან ავიცილეთ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

აქედან გამომდინარე,  თავიდან ავიცილეთ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი.

თქვენ რომ გადახედოთ, მსოფლიოში, ევროპაში თუნდაც რუსეთში, უკრაინაში, რა ხდება ამ მხრივ, ნახავთ რომ საქართველო მათთან შედარებით არის დიდი გამონაკლისი, ოაზისი.

სწორედ ამ წარმატებების აღსანიშნავად, პირველ რიგში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აგრეთვე სხვა ინფექციურ დაავადებებთან გაწეული ეფექტური ბრძოლისთვის, ჩვენ გადმოგვცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, ეს არის დოქტორ ლის პრემია! უფრო მაღალი ჯილდო, საერთაშორიო ორგანიზაციაში არ არსებობს.

დოქტორი ლი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადრე და თავისი ყოფილი დირექტორის პატივსაცემად დაარქვეს დოქტორ ლის პრემია.

აიპრესი“: ეს იყო  ფაქტობრივად უდიდესი აღიარება…

თენგიზ ცერცვაძე: ძალიან დიდი აღიარება იყო. გააჩნია ჯილდოებს. ჯილდოები ბევრი გვაქვს. ეს არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა წელიწადში ერთხელ, ერთ დაწესებულებას ან ერთ ადამიანს.

ჯერჯერობით, საქართველოს გარდა, ასეთი ჯილდო არ აქვს მიღებული აღმოსავლეთი ევროპის არცერთი ქვეყნის სხვა სამედიცინო დაწესებულებას, საუბარია არა მხოლოდ ინფექციური პროფილის დაწესებულებაზე,  ონკოლოგიურზეც და კარდეოლოგიურზეც. ეს არის დოქტორ ლის პრემია, ეს ჯილდო ჩვენ გადმოგვცა ჯანმო-ს მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარგარეტ შანმა…

როდის იყო ეს და სად გადმოგეცათ ჯილდო?

ეს მოხდა ჟენევაში, 2009 წლის 21 მაისს. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბელის სხდომაზე. ჟენევის, გაეროს ცნობილ სასახლეში. ამ ასამბლეის სხდომას 200-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც. იქ გადმოგვცეს ეს მაღალი ჯილდო. შემდეგ, საღამოს ჯანმო-ს ხელმძღვანელობამ გამართა სადილი, მიღება, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ამ ჯილდოსთან დაკავშირებით.

შიდსის და სხვა ინფექციური  დაავადებების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადმოგვეცა ეს ჯილდო. ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს. როგორც გითხარით, არა თუ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას არ აქვს მიღებული ასეთი ჯილდო.

36 წელი ეპიდემიებთან ბრძოლაშიდიდი გამარჯვებები და მიღწევები

დღემდე ჩვენ ვინარჩუნებთ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს. ჩვენთან შიდსით გარდაცვალების შემთხვევა 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში.

თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის თავდაუდებელ შრომას უკავშირდება შიდსის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციაც.

თენგიზ ცერცვაძე: დიახ, ეს ერთ-ერთი ნაწილია მხოლოდ შიდსის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენცია. ჩვენთან პრაქტიკულად ერთეული შემთხვევებია სულ დედიდან შვილზე გადაცემის, ისიც იმ შემთხვევაში თუ ორსული ქალი არ მოვიდა ორსულობის პერიოდში და არ გაესინჯა შიდსზე.

არსებობს კანონი, რომ ყველა ორსული უნდა გაიტესტოს შიდსზე, ზოგი უბრალოდ არღვევს ამას და არ მოდის. ყველა ვინც შიდსზე გამოკვლევა ჩაიტარა და შიდსი აღმოაჩნდა, ჩაუტარდა შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობა და ყველამ გააჩინა ჯანმრთელი ბავშვი.

ჩვენთან, შიდსით ავადმყოფები ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ ბავშვებს, ოღონდ ამისთვის აუცილებელია ის ექიმთან მივიდეს დროულად, სანამ მას არ აქვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულება. თუ მაგალითად, პაციენტს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, შიდსის გართულება, მაშინ ვერ გადარჩება. თუ ის მოვიდა ადრეულ სტადიაზე, როდესაც მას მხოლოდ შიდსი აქვს და არა სხვა სასიკვდილო გართულება, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად შეუზღუდავია.

საქართველოში არავინ არ გრძნობს რომ შიდსით ავადმყოფები არიან. ჩვენთან, შიდსით რეგისტრირებული 5 ათასი ადამიანია, დაახლოებით 9 ათასამდე სავარაუდო რიცხვია შიდსით ავადმყოფების, იმათი  ჩათვლით, ვინც არ  არის გამოვლენილი. შიდსი განაჩენი არ არის. შიდსით ავადმყოფები არ აწუხებენ, არც საზოგადოებას, არც მთავრობას. ყველა პაციენტი ვისაც შიდსი დიაგნოსტირებული აქვს, ისინი მკურნალობენ,. პრაქტიკულად შიდსი არსად წასულა, არსებობს, იმიტომ რომ  მოურჩენელი დაავადება არის, განსხვავებით ც ჰეპატიტისგან. ჩვენთან, გამოვლენილი შიდსით ავადმყოფების 86% იმყოფება მკურნალობაზე. 86% მკურნალობს აბსოლუტურად უფასოდ, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. ვინც მკურნალობაზე იმყოფება, მათგან 91%-ს ვირუსი სისხლში არ აქვს, რაც ნიშნავს რომ ის ადამიანი პრაქტიკულად ცხოვრობს როგორც ჯანმრთელი ადამიანი. უბრალოდ მედიკამენტი უნდა მიიღოს ყოველ დღე. ამიტომ, ითვლება რომ შიდსის  პრობლემა საქართველოში კარგად არის მოვლილი და მოგვარებული. ჩვენ გვაქვს ასეთი ვალდებულება აღებული, 2025 წლისთვის, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია.

თქვენ იცით რომ  ასევე აღებული გვაქვს ვალდებულება ც ჰეპატიტის ელიმინაციის, ელიმინაცია აღმოფხვრას ნიშნავს, შიდსზე ელიმინაცია არ გამოიყენება, ვინაიდან ის განკურნებადი არ არის. ანუ შიდსიანს ვერ განკურნავ, ის სანამ საკუთარი ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდება, ის ცოცხალია. ამიტომ  ვამბობთ ჩვენ შიდსის ეპიდემიის დასრულებას. ეს ნიშნავს, ყველას ვუმკურნალოთ და აღარ იქნეს შიდსის არცერთი ახალი შემთხვევა. შიდსით ავადმყოფი, ვინც მკურნალობაზე იმყოფება, როგორც გითხარით, 91%-ში ვირუსი განულებულია, ისინი არამარტო თვითონ ცხოვრობენ, არამედ გადამდებები არ არიან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შიდსით ავადმყოფის მკურნალობის 2 ძირითადი სიკეთე არსებობს. ერთი, თვითონ ავადმყოფი ცოცხლობს დიდხანს, მეორე ის გადამდები არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შიდსიანმა ჩვენთან ითანამშრომლოს. ყველამ იმკურნალოს. ჯერ ეს ვერ მოხერხდა 100%-ით, მხოლოდ 86% იტარებს მკურნალობას, 14% სხვადასხვა მიზეზებით, არ სჯერა  შიდსი რომ აქვს, არ ეშინია, თავს კარგად გრძნობს და ჰგონია კარგად იქნება. თუ 2025 წლისთვის გამოვავლენთ ყველა შიდსიანს და ვუმკურნალებთ,  ეს ნიშნავს რომ შიდსის გადაცემა შეწყდება. ანუ გადაცემის წყარო აღარ იქნება. ამას ჰქვია დავასრულოთ შიდსის ეპიდემია.

დიდი ალბათობით ც ჰეპატიტის ელიმინაცია დაემთხვევა, რომელიც ალბათ ასევე, 2025 წლისთვის დასრულდება. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დაძლევს ერთდროულად ორივე ეპიდემიას – ც ჰეპატიტის  და შიდსის. ც ჰეპატიტის ელიმინაცია უნდა მოხდეს, რაც ნიშნავს რომ ავადმყოფები არ იქნებიან, ხოლო შიდსის  შემთხვევაში, ავადმყოფები იქნებიან, მაგრამ ყველა ავადმყოფი იქნება მკურნალობაზე. არ იქნება შემთხვევების გადაცემა.

C  ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი საქართველოსთვის – საიდან გაჩნდა იდეა და რატომ აირჩიეს საქართველო…

C  ჰეპატიტის პროექტის წარმატებაზე ის შედეგი მეტყველებს, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა კომპანია „გილიადმა“ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა. საქართველოში 68 000-ზე მეტი ადამიანი სამუდამოდ განიკურნა ამ სენისგან.

რა წვლილი მიუძღვით ქართველ ექიმებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში, როგორ დაიწყო მოლაპარაკებები და რატომ აირჩიეს პატარა საქართველო იმ უდიდესი პროგრამის განსახორციელებლად, რომელსაც არაერთი ქვეყანა ელოდებოდა რიგში.

საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია, რომელიც ამ პროგრამას ხელმძღვანელობდააიპრესთანინტერვიუში იხსენებს : 2014 წელს, 9 აპრილს, გაიმართა კონგრესი ლონდონში, სადაც ბრძანდებოდნენ საქართველოდან ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე. ბატონი თენგიზი  გამოვიდა და თქვა, რომ თუ თქვენ მოგვცემთ იმ მედიკამენტს, (“სოფოსბუვირზე” იყო მაშინ საუბარი, რომელიც “გილიადმა“ გამოუშვა და FDA-მ აღიარა როგორც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი),  დანარჩენს ჩვენს თავზე ავიღებთო.

და აი, აქ გაიჟღერა პირველად სიტყვამ – ელიმინაცია.  ელიმინაცია არის აღმოფხვრა. ეს იყო პირველად გაჟღერებული იმიტომ, რომ ვირუსული დაავადებების აღმოფხვრის პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში დღემდე.

თენგიზ ცერცვაძე: როდესაც ასეთი მედიკამენტი გაჩნდა, გაგვიჩნდა იდეაც, ხომ არ ვუმკურნალოთ ყველას? საუბარია ამირან გამყრელიძესა და ქალბატონ მაია ბუწაშვილზე. ეს სამი მახსენდება ვინც ამ იდეას განვიხილავდით. აგრეთვე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში, ქალბატონი ჯულიეტ მორგანი, რომელიც აქაურ ოფისს ხელმძღვანელობდა.

2014 წლის აპრილში,  ლონდონში, კონგრესზე, მოაწყვეს სპეციალური სიმპოზიუმი, საქართველოსთვის. დიახ,  საქართველოსთვის! სადაც, მოიწვიეს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობა და ამ მედიკამენტის გამომგონებელი კომპანია “გილიადის” მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი ჯონ მარტინი.

 2014 წლის 9 აპრილს, ლონდონში მე გავაკეთე პირველი პრეზენტაცია, მოხსენება, სადაც დავასაბუთე, რომ საქართველოს ჰქონდა იმის პოტენციალი, გამოევლინა ყველა ც ჰეპატიტით ინფიცირებული, ემკურნალა და მიეღწია C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, იყო რევოლუციური ნათქვამი, რითაც დაინტერესდა ამ კონგრესზე მყოფი „გილიადის“ პრეზიდენტი ჯონ მარტინი და ამერიკის CDC-ს ხელმძღვანელობა… ამ ამბის ფინალს მივუბრუნდებით, მანამდე კი მინდა გითხრათ, რა უძღოდა ამ იდეის განხორციელბას წინ…

თენგიზ ცერცვაძე: მაშინ ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მივიღებ თქვენს წინადადებას, თუ ერთ წელში C ჰეპატიტისგან ყველა ადამიანის განკურნების გეგმას დამიდებთო!

თენგიზ ცერცვაძე: … 2013 წელს, არჩილ თალაკვაძემ და სოზარ სუბარმა, (მაშინ სასჯელაღსრულების სისტემის მინისტრი იყო სოზარ სუბარი, მოადგილე არჩილ თალაკვაძე,)  გამოთქვეს იდეა, საპატიმროებში ემკურნალათ C ჰეპატიტით დაავადებულთათვის. მოგეხსენებათ,  მაშინ საშინლად გავრცელებული იყო პატიმრებში ეს დაავადება. არავინ მკურნალობდა, სტრასბურგში ჩიოდნენ,  ძალიან ბევრი კვდებოდა, საცოდაობა იყო საპატიმროებში…

მაშინ მთავრობის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის სხდომაზე გაიტანეს ეს საკითხი. მთავრობის წევრები წავიდნენ წინაღმდეგ, სავსებით გასაგები მიზეზით – რა გამოდის უფასოდ ვმკურნალობთ პატიმრებს, როდესაც გარეთ მყოფი უფრო ღირსეული და დამსახურებული ადამიანებია და ვერ ვმკურნალობთო.

მაშინ,  ბიძინა ივანიშვილმა უთხრა სოზარს და არჩილ თალაკვაძეს – თენგიზ ცერცვაძემ იცის ამის შესახებო? არჩილმა უთხრა, კი როგორ არ იცის, სამეცნიერო ნაწილი, ამ პროექტის მასთან ერთად გავაკეთეთო.

შემდეგ სხდომაზე თენგიზი მოიყვანეთ და დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს საჭირო არისო. მივედი და მითხრა, აი მთავრობის წევრები წინააღმდეგი არიან, ეს არის დისკრიმინაცია არაპატიმრების მიმართ და თქვენ როგორ მიგაჩნიათო.

ავუხსენი, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ვუთხარი: თუ  პატიმრებს არ ვუმკურნალებთ, მაშინ რა გამოვა? ისინიც ასე დარჩებიან და ისინიც, ვინც გარეთ არის. არ შეიძლება, როდესაც ადამიანს შანსი გეძლევა რაღაც ნაწილს უმკურნალო, ეს შანსი უნდა გამოიყენო თქო.

მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ვუმკურნალოთ, ნამდვილად არ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვებაო. ოღონდ,  იქვე დასძინა, მთავრობის წევრების უკმაყოფილება თქვენ გაანეიტრალეთო…  ზუსტად 1 წელიწადში მომიტანთ გეგმას, როგორ ვუმკურნალოთ ყველა C ჰეპატიტიანს ქვეყანაშიო. ანუ, ამ ამბის მოგვარება დაგვავალა მე და დავით სერგეენკოს.

მაშინ ეს ჩანდა ფანტასტიკის სფეროდ. მე და მინისტრი ერთად წამოვედით და გზაში მეუბნებოდა – რა შარში გავეხვიეთო.  თუ გინდათ დამთხვევა დაარქვით, თუ გინდა ბიძინას წინასწარმეტყველება, განჭვრეტვა, გაუმართლა თუ რა, ფაქტობრივად, რაც დაგვავალა ის შესაძლებელი გახდა!

ლონდონში,  იმ სხდომაზე გადაწყდა ყველაფერი.  მკურნალობის 1 კურსი ღირდა 80 ათასი დოლარი. პირველ ეტაპზე, 5 ათას კაცის სამკურნალო პრეპარატი გამოგვიყვეს,  400 მლნ დოლარის.

გამოგზავნეს კომისია, ყველაფერი დეტალურად შეისწავლეს, ერთ წერტილს ვერ გამოაპარებდი ვინმეს, იმდენად მკაცრად იყო აღრიცხული ყველაფერი.

განსაკუთრებით საამაყო ის არის, რომ რამდენიმე ათეულ ქვეყანას შორის, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღეს.

5 მიზეზი ჩაიწერა დადგენილებაში, რის გამოც საქართველო აირჩიეს.

1.მთავრობის ძლიერი პოლიტიკური ნება. მთავრობამ გვითხრა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. დაწყებული წამლის უსაფრთხოება, დამთავრებული მისი განაწილებით.

2.ინფრასტრუქტურა.

3.ექიმების მომზადება

4.ერთ-ერთი რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ერთ-ერთი მიზეზად ეწერა, ანალოგიური პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება შიდსის დარგში.

5.საქართველო იყო პატარა ქვეყანა, შეიძლებოდა იმ შედეგის მიღწევა, რაც მსოფლიოსთვის იქნებოდა გამაოგნებელი! დიდ ქვეყანაში ამის მიღწევა უფრო რთულია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს, ვუმკურნალეთ 65 ათასზე მეტ ავადმყოფს და გვაქვს განკურნების ძალიან მაღალი პროცენტი – 99%-მდე, 98,8%! ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი პროცენტი განკურნების, რაც ჩვენი ექიმების კვალიფიკაციაზე მიუთითებს.

 თენგიზ ცერცვაძე: უიმედო პაციენტი არ არსებობს! ზოგი გარდაიცვალა, მაგრამ მორალური ტრამვა არ მიუღიათ!

პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სახელმწიფო კომიტეტი, რომელსაც ვალერი კვარაცხელია ხელმძღვანელობდა, კლინიკური ჯგუფს კი, რა თქმა უნდა, თენგიზ ცერცვაძე.

2015 წლის 23 აპრილს  საქართველოში ჩამოვიდა „გილიადის“ პრეზიდენტი და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას  საქართველოს მთავრობასა და „გილიადს“ შორის C ჰეპატიტის მკურნალობის მემორანდუმზე.

ვალერი კვარაცხელია იხსენებს: ძალიან დიდი პოლემიკა გვქონდა შიგნით კომიტეტში.  ამ 5 ათას პაციენტში იყვნენ უიმედო პაციენტები, რომლებსაც უმძიმესი გართულებები ჰქონდათ ცეროზით, გულის, ღვიძლის უკმარისობით.  ფაქტობრივად, ასეთ პაციენტებს არავინ მკურნალობდა. ზოგი ამბობდა, ნუ გავუგზავნით „გილიადს“ ამათ მონაცემებს, შეიძლება გაბრაზდნენ, რომ ამ წამალს ვხარჯავთ ტყუილად და შემდეგში პრობლემა შეგვექმნასო. მაშინ, თენგიზ ცერცვაძემ კატეგორიულად თქვა: ჩემთვის უიმედო პაციენტი არ არსებობს, ამ ხალხს უნდა ვუმკურნალოთო!

თენგიზ ცერცვაძე: ამ პაციენტებს  სხვა ქვეყნებში არ უმკურნალებდნენ –  ეტყოდნენ, შენ უიმედო ხარ და არ ღირს ამხელა ხარჯის გაღებაო. ჩვენ ყველას ვმკურნალობდით. ვისაც ღვიძლის კიბო ჰქონდა, იმასაც ვმკურნალობდით. ისინი მართალია გარდაიცვალნენ, მაგრამ, მორალურად მათ არ მიიღეს ტრავმა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ არავინ უთხრა, – შენ უკვე კიბო გაქვს და ამიტომ არ გიმკურნალებ. ყველას ვმკურნალობდით, ძალიან ბევრი ციროზით ავადმყოფი გადარჩა, ისე რომ არ მივიდა საქმე ტერმინალურ სტადიამდე.

მაგრამ, იყო საინტერესო მომენტი, რაც ბატონმა, ვალერიმ მოგიყვათ: მესამე გენოტიპს “ჰარვონით ”არავინ მკურნალობდა იმ პერიოდში. “ჰარვონი” ახალი პრეპარატი იყო, ამიტომ მაინც ფიქრობდნენ რომ პირველი-მეორე გენოტიპი კი ბატონო, მესამე გენოტიპის შემთხვევაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საოცარი დებატები იყო, სადაც მე კატეგორიულად ვითხოვდი, რომ  ჩაგვეწერა გაიდლაინში მესამე გენოტიპის “ჰარვონით” მკურნალობა.

გავაკეთეთ ჩვენი, ქართული გაიდლაინი “ჰარვონით”C ჰეპატიტის მკურნალობის და მივიღეთ საოცარი შედეგი – 98 % გამოჯანმრთელებულების სასარგებლოდ!

ეს აუცილებლად უნდა ვთქვა! მაშინ ბატონ, ვალერი კვარაცხელია იყო მინისტრის მოადგილე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მართვა მას დაევალა და ყოველგვარი გადაჭეარბების გარეშე ვიტყვი, რომ ვალერიმ ამ ძალიან რთულ მისიას ბრწყინვალედ გაართვა თავი!

მე ვიტყვი სრული პასუხისმგებლობით, რომ არ ყოფილიყო ბატონი ვალერი, ეს პროგრამა ან ვერ გაკეთდებოდა, ან გაკეთდებოდა ძალიან დიდი დაგვიანებით. ბატონი ვალერის როლი ამ საქმეში, შეუფასებელია!

ღორის გრიპიდან და c ჰეპატიტიდან კოვიდ 19-მდეეპიდემიების მართვა და  საქართველო საუკეთესო მაჩვენებლით

C ჰეპატიტის მართვის დროს მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა თუ არა მნიშვნელოვანი ფაქტორი კოვიდ 19 ი-ის მართვის დროს?

თენგიზ ცერცვაძე: აქ სულ სხვა ტიპის მართვაა საჭირო. კოვიდი გადამდებია, მწვავე დაავადებაა და ძალიან ვერაგი ბუნებით!

ის იყო ქრონიკული დაავადება და თანაც, როცა C ჰეპატიტის პროგრამა დავიწყეთ, ჯანდაცვის სექტორი ორგანიზებული იყო, აღჭურვილობაც გვქონდა და პაციენტების ელექტრონული ბაზებიც. თუმცა, გამოცდილების თვალსაზრისით, ცხადია, ბევრ რამეში გამოგვადგა.

გარდა ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა, 2010 წელს იყო ღორის გრიპის ეპიდემია. ღორის გრიპის ეპიდემიაც ძალიან გამოგვადგა კოვიდ 19-ის მართვის დროს.

ღორის გრიპის დროსაც, ეპიდემიოლოგიურ ნაწილს ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ხელმძღვანელობდა. კლინიკურ ნაწილს – ჩვენ. მაშინაც,  ღორის გრიპთან ბრძოლის დროს, საქართველოს  საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

აიპრესი: თავისი ბუნებით, კოვიდ 19 უფრო ვერაგია, უფრო რთულია, ვიდრე ის ეპიდემიები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ?

თენგიზ ცერცვაძე: მოდი, ნუ შევადარებთ შიდს,  C ჰეპატიტს და ახალ კორონავირუსს. შიდსი და C ჰეპატიტი კი, უნდა შევადაროთ, ორივე ქრონიკული დაავადებაა, ორივე სქესობრივი კავშირით გადაეცემა, ან სისხლით. ეს სულ სხვაა. არც შიდსით და არც ც ჰეპატიტით ავადმყოფი არ არის მწვავე პაციენტი. შენს თვალწინ არ კვდება.

ღორის გრიპის და კოვიდის შედარება უპრიანია. ორივე არის ვირუსული, მწვავე რესპირაციული დაავადებაა, მაგრამ კოვიდ 19 არის ბევრად უფრო საშიში და ვერაგი, ვიდრე ღორის გრიპი.

მართალია, სულ 3  თვეა გასული ეპიდემიიდან და ჯერ არ არის დადგენილი ზუსტად, მაგრამ კოვიდის დროს, სიკვდილობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ღორის გრიპის დროს.

შიში და ეპიდემია – თენგიზ ცერცვაძე: ეს ისეთი შიშია, როგორიც აქვს მეხანძრეს

“ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან ყველაზე საშიში ინფექციებით ავადმყოფები.ამ დროს, მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის. და ახლა როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი აზარტიცაა ამაზე მუშაობა”  – აცხადებს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი და ჩვენ, რიგით ადამიანებს, გვიჩნდება კითხვა – არ ეშინიათ?

აიპრესიბატონო თენგიზ,იყო კოვიდის დროს მომენტი, როდესაც მიუხედავად თქვენი დიდი გამოცდილებისა, შეგშინებიათ?

თენგიზ ცერცვაძე: შეშინება არა, მაგრამ… ხო,  ყველას, ვინც კოვიდზე მუშაობს, ეშინია… ოღონდ ვინაიდან პროფესიონალები მუშაობენ, ეს ისეთი შიშია, რომელიც აქვს მეხანძრეს, რომელიც ხანძრის ჩასაქარობად მიდის. მას ეშინია მაგრამ, თან არც ეშინია. მაგალითად, ჯარისკაცი, რომელიც ომში მიდის. რა თქმა უნდა, იცის, რომ საშიშია, მაგრამ მიდის, სხვების გადასარჩენად…

ჩვენ ვიცით, რომ ეს საშიშია, მაგრამ ვისაც ეშინია, არ მონაწილეობს ამაში. მონაწილეობას კოვიდთან ბრძოლაში არავის ვაძალებთ, მონაწილეობენ მოხალისეები და ისინი, ვისაც თავი აქვს გადადებული, მზად არის ყველანაირი რისკისთვის.

კოვიდის ბუნებაზე მკითხეთ, დიახ, ძალიან ვერაგია, მძიმე თანამდევი პროცესებით… ძალიან ბევრ სხვადასხვა გართულებას იძლევა, აზიანებს ძალიან ბევრ ორგანოთა სისტემას.

თავიდან ეგონათ, რომ კოვიდი მხოლოდ ფილტვების ანთებას იწვევდა, მეტს არაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ   ის იწვევს ფილტვების ანთებას, სისხლის შემდედებელ სისტემაში ე.წ. სერიოზულ მოშლილობებს, თრომბოემბოლიზმს, ჩნდება თრომბები და ემბოლები როგორც მცირე ზომის სიხლძარღვებში, ისე მსხვილ სისხლძარღვებში, მაგალითად, ფილტვის არტერიაში ჩნდება ინსულტები და სხვა მძიმე გართულება. კოვიდი აზიანებს გულს, ჩნდება მიოკარდიტები, ენდოკარდიტები.

კოვიდი აზიანებს ღვიძლს და ორგანოთა სისტემას, გრძელდება გაცილებით დიდხანს, ვიდრე გრიპი და ძალიან  ხშირად რთულდება. საკმაოდ მძიმე გართულებები აქვს, როგორიც არის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) სეფსისი და სეპტიური შოკი, რის გამოც, გაცილებით მეტი კოვიდინფიცირებული იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში სჭირდება ოქსიგენოთერაპია, მართვითი სუნთქვა.

აიპრესი: თეორიულად, რა დროს აძლევთ კოვიდს, საბოლოო დასამარცხებლად?

კოვიდის გარანტირებული დამარცხება იქნება მაშინ, როდესაც შეიქმნება ვაქცინა, ან რომელიმე მედიკამენტი – პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. დღეისთვის, არც ვაქცინაა და არც დადასტურებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი.

15-მდე მედიკამენტზე ატარებენ ცდებს, რომელიც ამსუბუქებენ კოვიდის მიმდინარეობას, თუმცა განკურნების გარანტიას ვერ იძლევა.  უამრავი კვლევა ტარდება იმის დასადგენად, რომელი მედიკამენტია უკეთესი. ამ კვლევაში საქართველოც ჩაერთვება ძალიან მალე.

პაციენტის ერთ ჯგუფი ერთი დასახელების წამალს მიიღებს, მეორე – მეორე სახის და შემდეგ მოხდება შედარება.

მარტო საქართველოში არა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტარდება ეს კვლევა ერთნაირი მეთოდიკით. შედეგები კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება თავმოყრილი. კოვიდის დამარცხება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვაქცინით, ან მედიკამენტის შექმნის შემდეგ. მანამდე, ჩვენ ვსაუბრობთ გამკლავებაზე, წარმატებაზე, რაღაც ეტაპის დამარცხებაზე.

ვამბობთ, რომ ჩვენ პირველი ტალღა დავამარცხეთ,  რატომ? იმიტომ რომ ბოლო პერდიოში ერთეული შემთხვევები ვლინდება. ქვეყანამ დაიწყო შეზღუდვების მოხსნა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება. ეს არ არის საბოლოო დამარცხება, ეს არის გამკლავება, წარმატება დაავადებასთან ბრძოლის პირველ  ეტაპზე. ჩვენ არ ვიცით, როდესაც მოვხსნით ამ შეზღუდვებს, შესაძლოა, კოვიდი შემობრუნდეს. შეიძლება, შეზღუდვების შემოღება დაგვჭირდეს. იმედი ჰქონდათ რომ სეზონურობა ახასიათებს…არ ვიცით მაგრამ, არ ჩანს რომ  გრიპივით სეზონურობა ჰქონდეს.  გრიპს სულ რომ არაფერი გაუკეთო, ის არის ნოემბერ-დეკემბერში, თებერვალ-მარტში, ზაფხულში კი ქრება, გრიპი აღარ არის. კოვიდი არ ქრება.

ანუ, მას ისეთი სეზონურობა, როგორც გრიპს არ ახასიათებს, არ აქვს. შესაძლოა, რაღაც რაოდენობამ მოიკლოს ზაფხულში, მაგრამ ის რომ მთლიანად გაქრეს, არა.

საქართველომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია კოვიდთან ბრძოლაში. ევროპაში, საქართველოს აქვს გარდაცვლილების და ავადმყოფების მხრივ  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

თენგიზ ცერცვაძე და ქართული მედია: რომ არ ყოფილიყო მედიის წნეხი და კონტროლი, ჩვენ შეიძლება ასეთი შედეგი არ გვქონოდა..

აიპრესი: ბატონო თენგიზ, თქვენ ის იშვიათი გამონაკლისი ბრძანდებით, ვინც ჟურნალისტებს არ აკრიტიკებს, პირიქით – აქებთ. არაერთხელ გადაგვიხადეთ მადლობა პანდემიის დროს, ყველაზე რთულ პერიოდში…

 

თენგიზ ცერცვაძე: იცით, მედია ვიღაცას თუ დისკომფორტს უქმნის, იმიტომ უქმნის რომ საქმეს ასე სჭირდება. ამ დისკომფორტს რომ არ უქმნიდეთ, დამიჯერეთ იქნება უფრო ცუდად გაკეთებული.

რომ არ იყოს მედია კონტროლი, ძალიან ბევრი რამ იქნება უფრო ცუდად. თუნდაც, ამ კოვიდში, სადაც საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალის მოქმედებები იყო ძალიან ეფექტური, პირადად პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოამჟღავნა კრიზისების მართვის  უნარი, გამოდგა ძალიან კარგი კრიზის მენეჯერი, რომ არ ყოფილიყო მასმედიის წნეხი, შესაძლოა, ასეთი კარგი შედეგები არ ყოფილიყო.

მასმედია მუდმივად, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე გვთხოვდა ანგარიშის ჩაბარებას. ამას ხედავენ ექიმები და მთავრობა, იძულებულები არიან ფხიზლად იყვნენ. არ გაპატიებდა მედია არაფერს და დიდი მადლობელი ვარ თქვენი ამისთვის.

 

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად