300-ზე მეტი სიმღერა და ყველა თელავისთვის – 82 წლის კომპოზიტორის ჯუმბერ სახეიშვილის საოცარი შესრულება (ვიდეო)

82 წლის არის, თუმცა ასაკის მიუხედავად შემართება კვლავ ახალგაზრდული აქვს…

300-ზე მეტი სიმღერის ავტორია, ამბობს რომ ყველაფერი რაც  აქამდე შეუქმნია ან/და ქმნის, მხოლოდ თელავს და თელაველებს ეკუთვნის

არის  თელავის  საპატიო  მოქალაქე,  მისი  ვარსკვლავი კი  რამდენიმე  თვის  წინ  ნიკო სულხანიშვილის  სახელობის  სამუსიკო  სასწავლებლის წინ  საზეიმოდ გაიხსნა

ამჟამად  თელავის  მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ქალთა ვოკალურ ანსამბლს ხელმძღვანელობს.

რა გეგმები  აქვს სამომავლოდ  კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილს და რატომ უძღვნის საკუთარ შემოქმედებას მხოლოდ და მხოლოდ თელავს, ,,აიპრესის,, ინტერვიუდან შეიტყობთ.

20 წლის ასაკში დავიწყე ეს საქმიანობა. მე თვითონ ძალიან მსიამოვნებდა სიმღერების შექმნა, ეს პროცესი ზოგადად. თუმცა რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი შემოქმედება თელავის ფარგლებს გარეთ არ გასულიყო. თბილისში ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და მეუბნებოდნენ, მოდი რა ჩვენც ვიმღერებთ შენს სიმღერებსო, მაგრამ უარი მიიღეს ჩემგან. პასუხი იყო ის, რომ ყველაფერს თელაველებისთვის ვწერ მეთქი და მართლაც ასე გამოვიდა.

ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი სხვათა შორის, და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის ვარ, ახლაც ძალიან აქტიურად ვწერ, ამაში მეხმარებიან ვინც ჩემთან არიან დაკავშირებული, სოლისტები, თვითონ ანსამბლიც.

ივნისის თვეში მქონდა საავტორო კონცერტი, რამდენი წელია მეხვეწებოდნენ თელაველები ეს კონცერტი ჩავატაროთო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ ვიცლიდი. მინდოდა მე თვითონ ჩავდგომოდი ყველაფერს სათავეში. კონცერტზე რომ გამოვედი,დამსწრე საზოგადოებას ვუთხარი, ეს სიმღერები თელაველებისთვის არის დაწერილი და თქვენ კუთვნილებას თქვენ გიბრუნებთ მეთქი.

პირველი ნაწარმოები როდის შექმენით, მუზა როდის მოდის?

მე არ მგონია რომ რამე მუზა არსებობდეს, უბრალოდ მე ის ვიცი, რომ ახალგაზრდობიდან  ვიყავი შეყვარებული და სიბერემდე ასე მოდის. ამასწინათ ტელევიზიაში ვიყავი და მეკითხებიან, აბა თქვენი თემატიკა რა არისო, მე ვუთხარი სიყვარულია მეთქი.  ცოტა ისე შემომხედეს, ახლა ასეთ ასაკში არც  დაიჯერეს ჩემი ნათქვამი. მე ვფიქრობ, რომ თუ შენი ქალაქი არ გიყვარს, თუ ხალხი არ გიყვარს, თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, ისე ვერ დაწერ, არაფერი სიმღერა არ გამოვა, სადაც გული არ მონაწილეობს, ის საქმე არ გამოვა.

ისე კი მიმართულება უნდა მოგცეს თვითონ ლექსმა,  ამას კარგი დაფიქრება სჭირდება, რომ არ გაიყაროს ტექსტი და მუსიკა ერთმანეთისგან. მე მგონი მე ეს შევძელი.

როგორ წერთ მუსიკას, სამუშაო  გარემო  როგორი უნდა იყოს რომ დაიწეროს  ახალი ნაწარმოები, რაიმე   განსაკუთრებული  „რიტუალი  ხომ   არ   გაქვთ?

მე განსაკუთრებული არაფერი მინდა, მხოლოდ ის, რომ არავინ ხელი არ შემიშალოს. პირველი რაც არის, ეს არის ლექსი, ამ ლექსზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ შეიძლება რომ ლექსი წავიკითხო და იმ წუთშივე დავჯდე და გავაკეთო. ერთი ისტორია გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. 9 აპრილის ამბები ახალი მომხდარი იყო, დაბადების დღე მაქვს ივლისში, ბევრი მეგობარი მყავს პოეტი და მომაწოდა ერთ-ერთმა ქალბატონმა ორი ლექსი, ერთი ეხებოდა 9 აპრილს დაღუპულებს. დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრები საღამოს უნდა მოსულიყვნენ ჩემთან, თუმცა დავურეკე ლექსის ავტორს და ვუთხარი ცოტა ადრე მოდი მეთქი და მაშინვე წავამღერე, ეს პრემიერა 1989 წელსვე შესრულდა.

ადამიანი ვერ იტყვის, როგორ უყვარს მეორე ადამიანი, ამის განმარტება არ არსებობს. არ ვიცი ტოლსტოის აბრალებენ ამ გამონათქვამს – მაგრამ სიყვარული მიწიერი არ არისო, ეს არის ზეციურიო და მე  ვეთანხმები ამ აზრს.  სიყვარულზე როცა არის ხოლმე ლაპარაკი, რატომღაც უმრავლესობა ფიქრობს ქალისა და ვაჟის სიყვარულზე, მაგრამ ზოგადად  სიყვარული განუზომელია. სწორედაც რომ განუზომელი სიყვარულით არის შექმნილი ჩემი ნაწარმოებები.

რა ინტენსივობით  ქმნით ახალ ნაწარმოებს,  რამდენად ხშირად წერთ?

საკმაოდ ხშირად, ამ ერთ წელიწადში მე მგონი 7-8 ნაწარმოები მაქვს შექმნილი. მთლიანობაში კი დაახლოებით 300 ან ცოტა მეტი სიმღერა მაქვს დაწერილი. რამდენიმე ხნის წინ, ჩემს ნოტებს ვარჩევდი და შემხვდა ისეთი სიმღერები, რომლებიც მართლა არ მახსოვდა. მაგრამ ისე თითქმის ყველა სიმღერა მახსოვს, რაც დამიწერია. ოღონდ როგორც კომპოზიტორების წესია, თითქმის არცერთი ლექსი არ ვიცი ზეპირად.

დაკვეთით თუ შეგიძლიათ სიმღერის  დაწერა?

დაკვეთით რა უნდა დაწერას, მაგრამ შესატყვისი ლექსი უნდა ჰქონდეს. ისედაც ნებისმიერ რამეზე ან ვინმეზე რომ დავწერო, ისეთი სიყვარულია ჩაქსოვილი, რომ ეს სიყვარული ყველაზე ვრცელდება.

რამდენად ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები?

ჩვენ ადამიანები ისე ვცხოვრობთ, რომ ჩვენ თავზე ბევრი რამე არ ვიცით, ეს მართლა არ არის კარგი. ბევრჯერ ყოფილა რომ ადამიანს უზარმაზარი ნიჭი ჰქონია და გვიან აღმოუჩენია.

ქართველი ერი ნიჭიერია, თუმცა ჩვენ ვართ კოსმოპოლიტები, ეს ძალიან ცუდია. მომღერლებს ჰგონიათ, რომ სხვა ენაზე რომ იმღერებენ იმით წარმატებას მიიღებენ, ეს ტყუილია. მაგალითად, მე ძალიან მსიამოვნებს იაპონელები რომ მღერიან ჩვენს სიმღერას, ტექნიკურად ბრწყინვალედ აკეთებენ ყველაფერს, თუმცა გულით არ კეთდება. ვინმე რომ იტყვის ხოლმე, რომ ქართული სიმღერა შესასრულებლად რთულია, მე უბრალოდ მეცინება. თუ ძირი არ გაქვს ქართული, ესე იგი არც უნდა იმღერო. ახლა ფაქტიურად უარი თქვეს ქართული სიმღერების შესრულებაზე, ძალიან მწყინს ეს ფაქტი.

საუბრის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ  ყველა სიმღერა, რომელსაც ქმნით ეკუთვნის თელავს და  თელაველებს, რა ხიბლი აქვს ასეთი ამ პატარა ქალაქს?

სხვათა შორის, ჩემი პირველი სიმღერები საქართველოზე დავწერე, რა თქმა უნდა მეორე გადახვევა იყო ასეთი სიმღერა: ,,ლურჯთვალა თეთრო აპრილო, ვარდი გასხია ყელამდე,, მაშინაც შეყვარებული ვიყავი. საქმე იმაშია, რომ მე ყოველთვის ვიძახდი, რომ თელავს აქვს რაღაც მაგნიტი, რომელიც ყოველთვის მიგიზიდავს და უნდა რომ იმასთან იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი ბოლო საყრდენი მაინც თელავი იყო, მამაჩემიც ასე იყო. ოპერაში მღეროდა, მაგრამ მერე ადგა და თქვა, მე საამათო კაცი არ  ვარო და წამოვიდა თელავში, პაპაჩემიც ასე ყოფილა და ალბათ იმის პაპაც.

ჩემს ახალგაზრდობაში პატარა ქალაქი იყო თელავი და ერთმანეთთან ისე  ვიყავით ყველა, როგორც ნათესავები. ქალაქში ყველამ იცოდა ვინ ვინ იყო, იყო ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ეხლა კი რა ვიცი, ალბათ ქალაქიც არეულია და მსოფლიოც.

ახალგაზრდა თაობას რას ურჩევდითროგორ მუსიკას უნდა უსმინონ?

ყველა ჟანრი მართლაც ძალიან კარგია, ერთმანეთისგან განსხვავებულია, იმიტომაც არის საინტერესო. საინტერესოა ასევე ჩვენი ძირი რაც არის ქართული სიმღერა. აუცილებელია კლასიკის მოსმენა, ეს არის ფილოსოფიური ნაწარმოებები,  გენიოსები რომლებიც მოღვაწეობდნენ 18-20 საუკუნეების დასაწყისში, მართლაც გენიოსები იყვნენ.

მუსიკა ათავისუფლებს ადამიანს ყველაფრისგან. მაგალითად ჩემ შემთხვევაში,სიმფონიური რომ უკრავს შეიძლება ითქვას, რომ ვარ ,,დაღუპული,, აბსოლიტურ მედიტაციაში ვარ ამ დროს.

ახალგაზრდებს  ვურჩევდი, რომ  რაც შეიძლება ხშირად მოუსმინონ მუსიკას, იმიტომ რომ ამშვიდებს, აწყნარებს ნერვიულ სისტემას, არის სამკურნალო.

მუსიკა არის დიდი საოცრება, მე მგონია რომ ადამიანის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი არის მუსიკა.

მე ვიტყვი ხოლმე, მარტო მამა, ძე და სულიწმინდა არ არის, ყველაფერში არის სამება. ეს სამებაა თვითონ მუსიკის დამწერი, შემსრულებელი და მესამე აუცილებელი, ეს არის მსმენელი. ვიღაც რომ წუხს ხოლმე, რომ აი მე დაკვრა არ შემიძლია, მე სიმღერა არ შემიძლია, ვეუბნები ხოლმე, რომელიც შეგიძლია ის უნდა გააკეთო მეთქი.

ჩვენ არ ვცდილობთ რომ  მოვუსმინოთ ჩვენ თავს, ვაკეთოთ ის,ჩვენ რაც გვიყვარს.ამის გაკეთება ყველა შემთხვევაში შეიძლება როგორი დაკავებულებიც არ უნდა ვიყოთ. ამას რომ ვაკეთებდეთ 100 წლამდე სიცოცხლეს არაფერიც არ უნდა, პირველი 80 წელი გაჭირდება ცოტა (იცინის)

თანამედროვე  ახალგაზრდა  შემსრულებლებთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა გაქვთ როგორც  კომპოზიტორს. როგორ შეაფასებდით მათ, ხომ არ გიჭირთ მათთან მუშაობა?

როდესაც ადამიანს აქვს კარგი ყური და რა თქმა უნდა, ვოკალური მონაცემიც, საკმაოდ იოლია მუშაობა.  ძირითადში, მე ვისთანაც ვმუშაობ, მეხსიერება აქვთ ძაან კარგი, ამიტომაც მე არ მიჭირს ურთიერთობა, თუმცა ცოტა ზარმაცები არიან. დაგირეკავენ, იცი რაა დღეს მე მოსვლა არ შემიძლია, იმიტომ რომ სტუმარი მყავს, მე ვეუბნები იცით რა არის? პირველი რაც იყო კომუნისტურ საზოგადოებაში, ადამიანები ისჯებოდნენ სამსახურის გაცდენის გამო. სადაც წესრიგი არ არის, იქ საქმე არ გამოდის, ამიტომაც ვეტყვი ხოლმე, თუ სახლში არავინ არ არის წამოიყვანეთ თქვენი სტუმარი საათნახევრით და დაასწარით რეპეტიციას, ამით არაფერი დაშავდება მეთქი.

ვთქვათ, მეცადინეობას გამოაკლდა რომელიმე ხმა, ესე იგი ჩაიშალა მეცადინეობა, მერე ვის დავაწეროთ ეს ჩაშლა, ვიღაცეებმა ხო რაღაც დახარჯეს –  ენერგია, მანქანით მოვიდნენ, ესე იგი მარტო ჩემთან კი არ არის გაცდენა დანაშაული, ამ ხალხთანაც.

სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ, ასაკის მიუხედავად შესაშურ ფორმაში ხართ როგორც გარეგნულად,  ასევე შემოქმედებითი კუთხით, რას უმზადებთ თელაველ შემსრულებლებს და მსმენელებს?

მე მინდა რომ ჩემი სიმღერების დიდი ნაწილი გავახმოვანო, რა თქმა უნდა. ასევე მინდა, რომ თელავში გვქონდეს კამერული ორკესტრი. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ამაზე დაფიქრება არ იქნებოდა უხეირო. სურვილი მაქვს ჩემი იდეის შესახებ სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლის პედაგოგებსა დაველაპარაკო. ამ მხრივ, ზარმაცები რომ არ ვიყოთ, შესანიშნავი ანსამბლის გაკეთება შეიძლება. იმ ქალაქში, სადაც მოღვაწეობდა ნიკო სულხანიშვილი, ძალიან დიდი სირცხვილია, რომ შერეული ანსაბლი არ გვქონდეს.

რამდენიმე თვის  წინ, თელავის სამუსიკო სასწავლებლის წინ გაიხსნა თქვენი ვარსკვლავირას   ნიშნავს ეს თქვენთვის, როგორი შეგრძნებაა?

სიმართლე რომ გითხრათ, ვაიმე – უიმე არ დამიწყია. არასდროს ვარსკვლავისკენ მიმართული არ ვყოფილვარ, მე მიყვარდა, მსიამოვნებდა ამ საქმის კეთება, და თუ ვინმესაც ესიამოვნებოდა ჩემი შემოქმედება, სწორედ ეგ არის ჩემი ვარსკვლავი. ისე კი მართლაც დიდი ბედნიერებაა ქალაქში რომ დადიხარ და რომ არ იცნობ, ისეთი ადამიანები მოდიან, გეფერებიან, ეს უფრო ქალბატონებმა იციან, ხელებზე რომ მკოცნიან ხოლმე პირდაპირ უხერხულობაში ვვარდები, ან რომ უკრავ და ვიღაც რომ მოგეპარება  და თმაზე გაკოცებს, ესეც მეუხერხულება. არ მიყვარს როდესაც ჩემზე ლაპარაკობენ, გეგონება გენიოსი დავიბადე, მართლა არ არის კარგი. მაგრამ  დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც შენ ქალაქს შენი ვარსკვლავი ამშვენებს. ისე კი უნდა აღვნიშნო, რომ ათეული წლების განმავლობაში ვინც კი ჩემს სიმღერებს მღეროდა, ზოგი ქალაქიდან წავიდა, ზოგი ქვეყნიდან და დავრჩით აქ პატარა-გოგო ბიჭები.( იცინის)

ავტორი: ნათია ნანაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად