251 კოვიდინფიცირებული 24 საათში – საბერძნეთი ანტირეკორდს ამყარებს

საბერძნეთის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურმა განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკა გამოაქვეყნა

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საბერძნეთში, გავლილ 24 საათში, კოვიდინფიცირება 251 კაცს დაუდგინდა, 47-ით მეტს, ვიდრე გუშინ და 12 აგვისტოს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 16-ით მეტს.

სულ, საბერძნეთში 6632 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დადგენილი. კოვიდინფიცირებულთა საშუალო ასაკი 41 წელია (0-დან 102 წლამდე).

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა. სულ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 223-ია. კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი შეადგენს 77 წელს (35-დან 102 წლამდე).

საბერძნეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 3409-დან 4477-მდე, 1068-ით ანუ 31%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 192-დან 206-მდე, 14-ით ანუ 7%-ით გაიზარდა.

საბერძნეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 34 ინფიცირება და 0,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 14 დღის საშუალო კი 154 ინფიცირება და 1,2 გარდაცვალებაა.

ინფიცირების  შემთხვევების მატების გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ მოხსნილი შეზღუდვების ნაწილი დააბრუნა. ატიკაში (ათენი და მიმდებარე დასახლებები), კრეტაზე, ფრაკიაში, აღმოსავლეთ მაკედონიაში 31 აგვისტომდე შუაღამიდან დილის 7 საათამდე იკრძალება რესტორნების და გასართობი დაწესებულებების მუშაობა. სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად