24 წლიანი განშორების შემდეგ 25 ქართველი გმირი ოჯახებს დაუბრუნდა (ფოტორეპორტაჟი)

აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულების ნეშტი  24 წლის შემდეგ თბილისში გადმოასვენეს და 25 პირი ოჯახებს დაუბრუნდათ. გმირები დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი  მამია ალასანიას კი, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში. 

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. 

ცნობისთვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო. ამ ეტაპზე, კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილი გმირების ნეშტები – საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტები ამოცნობილია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ. 

მთავრობის მეთაურის მიერ, პრეზიდენტის წინაშე, ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილნი არიან – არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.

პრემიერის წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად