24 ნოემბერს ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართება

24 ნოემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართება.

კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. მოხდება სამი საუკეთესო ღვინის გამოვლენა და დაჯილდოება.

ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.

· მოწყობა აგრო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება, მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ცალკე იქნება წარმოდგენილი ჩაის კუთხე.

· ყველის სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

· ტურისტულ სივრცეში გაიგებთ ბევრს ახალი მარშრუტების და ტურისტული ობიექტების შესახებ, ამ სივრცეში მასპინძლობას „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ გაგიწევთ.

· მოხდება იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. შეგახსენებთ, რომ პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადმოსცა.

· ART სივრცეში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, გამოიფინება აგროტექნიკა.

· ყველაზე ფერად საბავშვო სივრცეში დამონტაჟდება გასართობი ატრაქციები, გაიმართება საბავშვო კონცერტები, ანიმატორები იზრუნებენ პატარების გართობაზე, მოეწყობა კონტაქტური ზოოპარკი.

· მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს დახურავს ბენდი „Yellow“.

ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

ღონისძიების სპონსორები არიან საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია „m2“, ნენსკრა ჰიდრო, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია, ოლამი, ნატს.ჯი, IFAD, აგრიჯორჯია, აგრო სახლი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემ ბი სი, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად