23-30 სექტემბერს ბათუმი ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, წელს საქართველოში მეორედ გაიმართება ევროპის სპორტის კვირეული.

კვირეული საზეიმოდ გაიხსნება 23 სექტემბერს, 15:00 საათზე ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ბათუმი მიმდინარე წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს ატარებს.

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მაია ხაჯიაშვილი, მინისტრის მოადგილე – ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი – ლაშა ჯავლეიშვილი, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე – სოფო ხალვაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასობრივის სპორტის სამმართველოს უფროსი – ზვიად ზაალიშვილი, ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” პრეზიდენტი – მაია აზარაშვილი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი – ჯემალ ძაგანია.

სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.

სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი. გახსნის ცერემონიის თანაორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.

2020 წლიდან ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონია იქნება გარდამავალი და გაიმართება იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც ყველაზე აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება კვირეულის ორგანიზებაში.

ევროპის სპორტის კვირეული არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 30 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.

ღონისძიებების კალენდარი:
22 სექტემბერი, 15:00 – ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელ პარკში, EUROPEANMOBILITYWEEK-ის ფარგლებში გაიმართა მსვლელობა ელექტრო სკუტერებითა და ველოსიპედებით;

23 სექტემბერი, 15:00 – ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე;

24 სექტემბერი, 12:00-18:00 კონფერენცია აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან თემაზე „მასობრივი სპორტი და ფიზიკური აქტივობა“, სამინისტროს შენობა, სანაპიროს ქ. N4, მე-5 სართული სააქტო დარბაზი;

25 სექტემბერი, 10:00 საათიდან – სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა სამინისტროებში გაიმართება შიდა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში;

26 სექტემბერი, 14:00 საათიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება თამაშები ტრადიციულ სპორტის სახეობებში;
27-30 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე მდე ვერის პარკში ევროპის სპორტის კვირეულის სპორტული სოფელი მოეწყობა
27 სექტემბერი – 15 სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სხვადასხვა აქტივობას სპორტულ სოფელში; პარალელურად, სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის კოორდინაციით, ღონისძიებები გაიმართება 200-მდე სკოლაში;

28 სექტემბერი – 11:00-18:00 სპორტულ სოფელში წარმოდგენილი იქნება ამერიკული სპორტის სახეობები. 13:00-ზე გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის ცერემონია; 17:00 შევარდენის სარაგბო ბაზა უმასპინძლებს ამერიკულ ფეხბურთში პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს – საქართველო/ყაზახეთი; 20:00 საათზე, ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, სარაგბო ბაზაზე #BeActive Night-ის ფარგლებში, გაიმართება იოგას თეატრალიზებული შოუ და მასტერკლასი;
29 სექტემბერი, 09:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, კლასიკური გიმნაზიის წინ სტარტს აიღებს „თბილისი მარათონი“; 09:00 – 11:00 სპორტულ სოფელში, ჭადრაკის სასახლეში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ჩვენება – საქართველო/ურუგვაი; 11:00-18:00 სპორტულ სოფელში გაიმართება მაგიდის ჩოგბურთის ფინალი სამინისტროებს შორის;
30 სექტემბერი, 10:00 საათზე ვეტერან ჩოგბურთელთა ტურნირი და ევროპის სპორტის კვირეულის სიმბოლური დახურვის ცერემონია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად