“220 მილიონი ლარისა და 165 მილიონი დოლარის პროექტების განახლება მოხდა” – ინტერვიუ აჭარის ეკონომიკის მინისტრთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტი 324 მილიონ ლარს აჭარბებს. იგი 2018 წლის მონაცემთან შედარებით 3,4%-ითაა გაზრდილი, ფინანსების განკარგვის თითქმის 1/3 კი მხოლოდ ეკონომიკის სამონისტროზე მოდის. რაში გახარჯავს უწყება თანხებს, რა პრიორიტეტები აქვს მიმდინარე წელს რეგიონში ბოლო 7 წლის განმავლობაში მესამედ განახლებულ „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს, „აიპრესის“ კითხვებს ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პასუხობს:

ინვესტიციები არის რეგიონის ეკონომიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, როგორია ტენდენცია, მზარდი თუ პირიქით?  საქსტატის  მონაცემებით  2017 წელთან შედარებით 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  რეგიონში 160 მილიონით შემცირდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რამ განაპირობა ეს?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციები მეტწილად იზრდებოდა ჰესებში შემოსული ინვესტიციებიის ხარჯზე. რა თქმა უნდა, სხვა სექტორებიც მეტნაკლებად წლიდან წლამდე მზარდი იყო, თუმცა ძირითადი ბირთვი უცხოური ინვესტიციების იყო ჰესების მშენებლობა. დაახლოებით 450 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ჰესების მშენებლობაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რათქმაუნდა მზარდი ტენდენცია უცხოური ინვესტიციების კონპონენტში ამით იყო განპირობებული. 2018 წელს ძირითადად ყველა ეს პროექტი დასრულდა და ეს კარგია. უნდა მოხდეს მათი ექსპლუატაციაში შესვლა, ამოქმედება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მუდმივად, თუნდაც ჰესების მიმართულებით შეინარჩუნო ასეთი მზარდი ტენდენცია. რაღაც ეტაპზე ეს ჩერდება და ამას აქვს შესაბამისი ეფექტი. ასევე ჩვენს ქვეყანაში იყო არჩევნები. თუ ავიღებთ ნებისმიერ ქვეყანას და მათ შორის საქართველოს წინა წლების ტენდენციას, ვნახავთ, რომ უშუალოდ არჩევნები როდესაც ტარდება, იმ კვარტალში აუცილებლად და ზოგადად არსებული ვითარებიდან გამომდინარე წინა ერთი ან ორი კვარტალით ზუსტად უცხოური ინვესტიციების ჭრილში არის რაღაც დონეზე სტაგნაცია და რატომ, ამასაც ლოგიკური ახსა აქვს. უცხოელი ინვესტორი, რა თქმა უნდა,  აკვირდება ვითარებას, როდესაც მათ იციან, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნები მათ ურჩევნიათ დაელოდონ, რაც არ უნდა სტაბილურად მიმდინარეობდეს არჩევნები.

როდესაც ბიზნესმენს სთავაზობ ახალ ხედვას, მასაც სჭირდება საკითხში ადაპტირება. ჩვენ სექტემბერში გამოვეცით განკარგულება შენელებულ და შეჩერებულ პროექტებზე. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ბოლო მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ  35 კომპანია და პროექტი გადაიხედა. საერთო ჯამში, 220 მილიონი ლარის და 165 მილიონი დოლარის პროექტების ხელახლა აღორძინება  მოხდა. თუ ვიმსჯელებთ რატომ მოხდა ამ  პროექტების შეჩერება, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები არის აქაც, თუმცა ეს იყო მეტწილად გამოწვეულია შიდა კერძო სექტორში მიმდინარე პროცესებით.

რეგიონში უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე  გკითხეთ, რომელიც შემცირებულია. შემცირების მიზეზი მაინტერესებს.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ  რეგიონში  განხორციელებულ ინვესტიციებზე, ეს მოიცავს რამდენიმე კონპონენტს: მათ შორის ერთ-ერთი არის უცხოური ინვესტიციები და დაგეთანხმებით, ეს არის მნიშვნელოვანი.

საერთო ჯამურ ინვესტიციებზე თუ ვისაუბრებთ, მე შემიძლია გითხრათ რომ რეგიონში გაზრდილია. დასაქმებულთა რაოდენობა 2018 წლის მეოთხე კვარტალში დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი. ასევე კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა გაზრდილი არის 11%-ით.  2019 წლის პირველ ორ თვეში, ბიუჯეტში შემოსული შემოსავლები, საშემოსავლო ნაწილიდან მიღებული გადასახადები  გაზრდილი არის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით. ანუ ორი კონპონენტისგან შეიძლება გაიზარდოს ეს: პირველი – უფრო მეტი ადამიანი არის დასაქმებული და დასაქმებულების ხელფასი არის გაზრდილი. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბიუჯეტში შემოსული თანხები, ქონების გადასახადით გაზრდილი არის 5 მილიონი ლარით. ამას თუ გადავიყვანთ აქტივებში, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით გაზრდილი არის ამ ბიზნესში აქტიურად ჩართული აქტივების ოდენობა. ჩვენ თუ ერთიან ჭრილში შევაფასებთ ინვესტიციების საკითხს, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ რეგიონში გაზრდილი არის სწორედ იმ სხვა კომპონენტებიდან გამომდინარე ინვესტიციები.

თქვენ ჰესების მშენებლობა დაასახელეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზად, თუმცა „აჭარ-ენერჯი 2007“ კიდევ ერთ ჰიდროელექტროსადგურს აშენებს მდინარე ჭოროხზე, რომლის დაგუბების გამოც მიმდებარე სოფელ მარადიდის მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაეტბორა. გარდა მიყენებული ზარალისა მოსახლეობა ამბობს, რომ მათ უმრავლესობას ამ დრომდე არ მიუღია კუთვნილი კომპენსაცია, რას აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად ეკონომიკის სამინისტრო?

ჰესებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და აგრეთვე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება. ნებისმიერი გადაწყვეტილება აქამდეც და ამის შემდეგაც, შემიძლია დაგარწმუნოთ იქნება მიღებული სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე.  საკმაოდ რთული პროცესია. არ არის ერთ დღეზე გადასაჭრელი საკითხი. მიდის მუშაობა. შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები ჩართულები არიან და მალე იქნება მიღებული ის ოპტიმალური გადაწყვეტილება, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, ამ მიმართულებით მოსახლეობა ბოლო პერიოდში სულ უფრო უკმაყოფილოა ბათუმის გენერალური განვითარების გეგმის საკითხით. ხშირად მოიხსენიებენ მოქალაქეები ბათუმს, როგორც “ბეტონის ჯუნგლებს” როგორია თქვენი პოზიცია და  სტრატეგია,  როგორც ეკონომიკის მინისტრის ?

საზოგადოების გარკვეული ნაწილი რაღაც აჟიტირებულად უდგება ამ თემას, ასე რომ აქ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს ორი ფაქტორის გათვალისწინება. პირველი, რომ ეს იყოს თანხვედრაში კანონთან და რეგიონის დინამიურ განვითარებასთან და მეორე უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი მოსახლეობის ინტერესი და რა თქმა უნდა, კერძო სექტორის ინტერესი. როდესაც ვიღებთ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს რაღაც სენტიმენტები იყოს მინიმუმამდე  დაყვანილი.

თქვენი აზით „ბეტონის ჯუნგლები“ არის მაგალითად გმირთა ხეივნის მიმდებარედ, ან ინასარიძე-კობალაძის  ქუჩების დასახლება?

გემოვნების საკითხია.  უშუალოდ გმირთა ხეივანს თუ ავიღებთ, დაგეგმარებით ხდება. აქ გათვალისწინებული იყო იგივე სხივის დახრილობის კუთხე, სხვადასხვა განვითარების პერსპექტივა და შესაბამისად ამ გეგმით გრძელდება გმირთა ხეივნის განვითარება. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია სადღაც იყოს გადაცდომები და ხარვეზები, თუმცა როცა სისტემის მიდგომაზე ვსაუბრობთ, აქ რაღაც ხდება უფრო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანიპულირება ამ თემებით.

თქვენ გადაწყვეტილებების  კანონიერებაზე გაამახვილეთ ყურადღება, რამდენად დაცულია ეს კანონი, მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულომ რივიერას ტერიტორიაზე ზონის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს მომავალში იახტკლუბთან სკვერის ნაცვლად 6 მაღლივი კორპუსი განთავსდება? 

გადაწყვეტილებას ერთი კონკრეტული პირი არ იღებს. აქ მიდის სხვადასხვა დაწესებულებების ჩართულობა, იქნება ეს საკრებულო, მერია, სამინისტრო, მთავრობა და ერთიანად შეჯერებულად ხდება რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის მისაღებია ყველაფერი ის, რაც არის კანონის ფარგლებში და რაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას.

რაც შეეხება რეგიონში  ყველაზე ძვირადღირებულ პროექტს, შპს “სტადიონის” მშენებლობის ხარისხი რამდენად დაცულია „უეფა“-ს მე-4 კატეგორიის  სტანდარტებთან მიმართებაში, მაშინ როცა  პროცესს  ზედამხედველი კომპანია ვერ აკონტროლებდა,  რადგან ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. ასევე  გარკვეულ ეჭვებს იწვევს ექსპერტიზის ბიუროს მიერ პროექტის დამტკიცებული 97 მილიონიანი ხარჯთაღრიცხვის 30 მილონამდე ლარით გაძვირება..

ის პირვანდელი გაჟღერებული რიცხვი, რომ სტადიონის მშენებლობა ჯდება 97 მილიონი, 100 მილიონამდე – ეს არის რიცხვი დღგ-ს გარეშე. თუ დღგ-ს გავითვალისწინებთ დაახლოებით გამოდის 120 მილიონამდე. შემდეგ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ეს განპირობებული იყო რეგიონში მომხდარი სამწუხარო ფაქტით. მანამდე პროექტში ეს არ იყო გათვალისწინებული და ამან გამოიწვია ძირითადად მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები. როცა ხდება ამხელა მასშტაბის მშენებლობა, რაღაც სახის ხარვეზები, იგივე პროექტირების, განხორციელების დროს ხდება.

რომ გითხრათ იდეალურად ვაშენებთ თქო და იდეალურად იქნება აშენებული ყველა ობიექტი არასწორი იქნება ხო?! ჩვენს ქვეყანას ამ ტიპის ობიექტების მშენებლობის გამოცდილება რეალურად არ ჰქონია, არასდროს არ აგვიშენებია. რაც შეეხება ზედამხედველ კომპანიას, ტენდერი გვქონდა გამოცხადებული ორჯერ და ჩავარდა. კომპანიამ, რომელმაც წარმოადგინა დოკუმენტები, სამწუხაროდ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ამის გამო საჭირო გახდა განმეორებით გამოცხადებულიყო. სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას ზაფხულიდან უკვე უწევს კომპანია „სიემსი“. მის სატენდერო პირობებში იყო ჩადებული, რომ არა მხოლოდ მიმდინარე და სამომავლო მონიტორინგი გაუკეთოს მშენებლობას, აგრეთვე, უნდა შეისწავლოს დეტალურად უკვე განხორციელებული სამუშაოები.  მალე იქნება ზედამხედველი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების დასკვნის განხილვა. ეს იქნება „უეფა“-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტის სტადიონი როგორც იცით. შესაბამისად, „უეფა“-მ მოგვცა რაღაც რეკომენდაციები, ანუ ეს არ არის იძულების სახით, მათ შორის არის განათებასთან დაკავშირებით ე.წ. ვარვარა ნათურები და არის ლედგანათება, რომელიც გრძელვადიან ვარიანტში არის შეღავათიანი, თუმცა ამ ეტაპზე შეძენის დროს ძვირი.  ჩვენ ეხლა ვმსჯელობთ პროექტის გაძვირების ხარჯზე გადაწყდეს თუ არა, რადგან პროექტში გათვალისწინებული იყო ვარვარა ნათურა.

ანალოგიურად პროექტში ჩადებულია ნატურალური ბალახი, თუმცა ჰიბრიდული ბალახი საწყის ეტაპზე ძვირი ჯდება, თუმცა თამაშის შემდეგ უფრო სწრაფად ახერხებს რეაბილიტაციას. რაც შეეხება 20 მილიონს, რომელიც ახლახანს გვქონდა გამოცხადებული, სტადიონს ხომ უნდა პარკინგი? იმ 100 მილიონში იყო მხოლოდ სტადიონის შენობა. ირგვლივ სტადიონის მოპირკეთება არ იყო იქ ჩადებული. მიდის ამ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტების დაზუსტება და მალე გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვინც აიღებს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაზე პასუხისმგებლობას.

სტადიონი ხელშეკრულების შესაბამისად 2020 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, თუმცა იმ ტემპებით რა ტემპებითაც დღეს მიდის მშენებლობა უნდა დასრულდეს გაცილებით ადრე, შესაძლებელია 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის წლის ზაფხულამდე.

რაც შეეხება ქობულეთის ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხს, რა ეტაპზეა, რა თანხები გაიხარჯა და რომელი ბიუჯეტით შეივსება ის 5 მილიონი ლარი, რომელიც საჯარო მოხელემ ფინანსური მაქინაციებით მიითვისა და მისი უმეტესობა ამ  დრომდე არ დაბრუნებულა ბიუჯეტში, მაშინ როცა ბათუმის ნაგავსაყრელი ქალაქის განაშენიანების ზრდიდან გამომდინარე სულ უფრო უახლოვდება დასახლებას  და  ქმნის ანტისანიტარიას? ასევე რა ბედი ეწევა ცეცხლაურის მიმდებარედ მაცხოვრებლეს, რომელთა კომპენსირება პროექტში არ არის გათვლილი.   ისინი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელთან მიმდებარედ ცხოვრება  საფრთხის შემცველია.

შემიძლია წინსწრებით გითხრათ, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი ქობულეთში, ცეცხლაურში ძალიან მალე საბოლოოდ დასრულდება საერთაშორისო ტენდერი. მოგეხსენებათ ბევრი პროცედურა არის გავლილი და ამ ეტაპზე ორი კომპანია არის გამოვლენილი თურქული და პოლონური.  მათ შორისს უნდა გაკეთდეს საბოლო არჩევანი „იბიარდთან“ და „სიდასთან“ შეთანხმებით. რამდენიმე დღის თემაა და გამოვლინდება, რომელი კომპანია ააშენებს ქობულეთში ნაგავსაყრელს. ეს არის პირველი ეტაპი ამ საკითხის გადაჭრის. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ეს არის არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვება. მნიშვნელოვანია ჯერ პირველი ეტაპი დასრულდეს და ამას მეორე ეტაპი მოყვება. ამაზეც შეთანხმება მიღწეულია, როგორც იბიარდთან. ეს უნდა მოხდეს ეკოლოგიურად, თანამედროვე სტანდარტებით და იქ დაგროვილი გაზის ამოტუმბვით. პროექტის ღირებულება, როგორც საგრანტო კომპონენტი, ასევე სასესხო კომპონენტი 7 მილიონი ევრო არის პირველ ეტაპზე გამოყოფილი. შესაბამისად არაფერი არ უშლის ხელს სულ მალე ამ პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება ბიუჯეტიდან გაფლანგულ 5 მილიონს, ძალიან სამწუხარო ფაქტია და ამაზე მუშაობენ შესაბამისი ორგანოები და დადებენ შესაბამის დასკვნებს.

როგორია მაღალმთიანი აჭარის საინვესტიციო პროექტებში ეკონომიკის სამინისტროს  წვლილი?ასევე  გოდერძის უღელტეხილზე შეცვალეს განაშენიანების გეგმა ავტორის თანხმობის გარეშე და მოარგეს კომპანიებს, რაც გარკვეულწილად ხელს შეუშლის კურორტის განვითარებას,  რამ განაპირობა და როგორია ახალი გეგმა?რატომ ჩამოერთვა მისი მართვა ადგილობრივ მთავრობას?

ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება. ამ თვალსაზრისით გოდერძიზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ამ ეტაპზე, საერთო ჯამში, 19 პროექტი აქტიურ ფაზაშია და დაახლოებით 150 მილიონი ლარის ინვესტიციები იგეგმება და მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ტერიტორია ადგილობრივებისთვის იქცეს შემოსავლის წყაროდ.  გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე გაცილებით სწორი იქნება თუ ამის ოპერირებას მოახდენს მთის კურორტები. თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ კიდე დამატებით რამდენიმე საბაგიროს მშენებლობას და კურორტის განვითარებას. რა თქმა უნდა გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ამ ობიექტის მმართველობის დაბრუნება ჩვენს დაქვემდებარებაში.

როგორია 2019 წლის საინვესტიციო გეგმები? რა იქნება წელს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა აქტიურად განიხილება და დასკვნით ეტაპზეა?

გონიოში ჩვენ ვიწყებთ 48 ჰექტარზე მცირე პოლიგონის ტერიტორიის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ამ კონცეპტუალურ ხედვაზე ვიდეო გაკეთებული და შეგიძლიათ ნახოთ. გონიოს ციხის პირდაპირ სანაპირო ზოლში არის 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და სწორედ მისი განვითარების გეგმაზეა საუბარი.

ახალი საინვესტიციო ტერიტორიის განვითარების ხედვა – გონიოს ციხესთან

#ეკონომიკა #ინვესტიციები #ახალიპროექტები #ტურიზმი #აჭარა2018☑ახალი საინვესტიციო ტერიტორიის განვითარების ხედვა-გონიოს ციხესთან➡გონიო აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ➡სწორედ ამ მიზნით, მდინარე "პატარა ჭოროხის" მიმდებარე ტერიტორიის განვითარების ხედვა მომზადდა.⬆ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა აჭარაში🔻მდებარეობა: გონიო, "პატარა ჭოროხის" მიმდებარე ტერიტორია(გონიოს ციხესთან)🔻საინვესტიციო მიწის ფართობი: 48 ჰექტარიგთავაზობთ საინვესტიციო ტერიტორიის განვითარების ხედვას⤵:✅თანამედროვე ურბანული დაგეგმარება✅სარეკრეაციო ზონები ✅ეკო-მეგობრული სანაპირო ზოლი ✅თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსები ✅პრემიუმ კლასის სახლები ✅სპორტული მოედნები ✅საფეხმავლო და ველობილიკები ✅კომერციული/სავაჭრო და გასართობი ცენტრები✅მთებით შემოსაზღვრული სანაპირო ✅იახტ კლუბი🖋შეიქმნება ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაახალი ტურისტული ადგილი აჭარაში – თქვენი ბიზნეს იდეებისთვის!

Posted by აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო on სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018

დღეს უკვე ტექნიკური დოკუმენტაცია მზად გვაქვს და გამოვაცხადებთ სავარაუდოდ ინტერესთა გამოხატვას  „გომარდულზე“ არსებული ლოკაციის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გომარდული“ იყოს როგორც  საინვესტიციო თვალსაზრისით, აგრეთვე ტურისტული თვალსაზრისით, სპორტულ ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს, მალე გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა (ტენდერი).

რამდენიმე თვის წინ ქობულეთში დაიწყო 40 მილიონიანი პროექტის მშენებლობა  ჩეხურ-სლოვაკური ინვესტიციებით და ძალიან მნიშვნელოვანი, მაშტაბური პროექტი მიმდინარეობს ქობულეთში.

ასევე ერთ-ერთი აჭარაში „ტექსტილის“ მიმართულებით უკვე მოქმედი საწარმო აპირებს გაფართოებას და საუბარი იქნება 400-500 ადამიანამდე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

ამასთანავე უმნიშვნელოვანესია, რომ დასრულდეს  ყველა ის დაწყებული მაშტაბური  პროექტები – სტადიონი, სპორტის სასახლე, საავადმყოფოს მშენებლობა, აუზის და ყინულის სასახლის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზით მომარაგების პროცესი. წელს 13 მილიონი ლარია ამ მიმართულებით გამოყოფილი. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე არის, რომ სპორტული ტურიზმისა და ხანდაზმულთა ტურიზმის მიმართულებით გვექნება ძალიან ბევრი პროექტი. რამდენიმე დღეში, როგორც გითხარით გამოცხადდება კონკურსი „გომარდულზე“ და სხვა ლოკაციაზე სპორტული ტურიზმის მიმართულებით. გონიოს ლოკაციის განვითარებაც აუცილებლად განხორციელდება და როგორც დაგპირდით ძალიან მალე გავაჟღერებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ქობულეთში, რომელზეც სამომავლოდ ნახევარ მილიარდამდე ლარი დაიხარჯება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  2019 წლის ბიუჯეტი  91 მილიონ ლარს აჭარბებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით თანხიდან 5 მილიონ 512 ათასი ლარი ხელფასებზე დაიხარჯება. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 55 მილიონი ლარი საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტზე მოდის.  13 მილიონი ლარია გათვალისწინებული აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის, თითქმის 10 მილიონი კი  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტია. ხოლო  7 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...