2023 წლიდან საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები – კანონპროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას განცხადებით, რომელმაც კანონპროექტების ზოგად პრინციპებზე ისაუბრა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.

„ღვინის კატეგორიებს ემატება ახალი – „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. შემდეგი ცვლილება ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის. ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს. კანონში შეტანილი ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის საფუძველზე, ტრანზიტული ტვირთების ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი სხვა ცვლილებები აღნიშნული ოთხი მთავარი ცვლილებიდან გამომდინარეობს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიცირების მიზანი მოქმედი კოდექსის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს. მომხსენებლის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კი უკვე არსებული ჯარიმების ოდენობის დაზუსტება ხდება და შესაბამისი ჯარიმები კონკრეტული თანხით განისაზღვრება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა დღესვე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა საკანონმდებლო პაკეტი -კანონპროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კნონპროექტები, რომლებიც პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანის და გოდერძი ჩანქსელიანის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული კანონპროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. ორივე საკითხზე მომხსენებელი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იყო. კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტებს ასევე მხარი დაუჭირა.

კომენტარები
იტვირთება...