2021 წელს, როდესაც ტრამპი აღარ იქნება – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

თუ შენ ვერ ხედავ პრობლემას, შენ თავად ხარ პრობლემა! არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ, დღეს ხშირად სწორედ ასე მიმართავს ადამიანი ოპონენტს. ამერიკის ქალაქებიდან მოდის გამაოგნებელი ინფორმაცია ადამიანური მსხვერპლის, მათზე ძალადობის და დამცირების, პოლიციელებზე თავდასხმის,  კერძო საკუთრების განადგურების, ძეგლების, წიგნების, ფილმების შებღალვისა და მთლიანად ისტორიის რევიზიის მცდელობის შესახებ. მაგრამ ყველაზე სახიფათო ის უფსკრულია საზოგადოებაში, რომელიც მიმდინარე პროცესებმა ლანგარზე დაგვიდო.

დღევანდელი ცხოვრების წესმა, ინფორმაციის უდიდესმა ნაკადმა ადამიანები ინტელექტუალურ გადაღლილობამდე და გაზარმაცებამდე  მიიყვანა. ადამიანს არ აქვს დრო და ხშირად სურვილიც გაერკვეს მოვლენის კონტექსტში, გაიხსენოს ისტორია, შეადაროს ფაქტები, გააანალიზოს მოვლენა და ცხოვრობს სათაურიდან სათაურამდე შინაარსის გაცნობის გარეშე. დღეს სწორედ ასეთი ადამიანი საკუთარი „თავის ხატებით და მსგავსებით“ ცდილობს სამყაროს შეცვლას.

ამ ბლოგის და მისი პარაგრაფების სათაურებიც სწორედ აღწერილ “სულისკვეთებას” ეხმიანება

  1. მერკელი – ყველაზე კარგი ლიდერი

ძალიან კარგი ლიდერია ანგელა მერკელი, შესანიშნავი! გერმანიის უსაფრთხოებას აშშ განაპირობებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რესურსებს კი გერმანია რუსეთიდან იღებს. ამერიკას საკუთარ საზღვრებს გარეთ ყველაზე მსხვილი, 50 ათასკაციანი (მათ შორის 37 ათასი სამხედრო პირია) სამხედრო ბაზა, გერმანიაში ყავს განთავსებული. სწორედ ეს სამხედრო ბაზა წარმოადგენს გერმანიის და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტს. ამავე დროს, რუსეთი გერმანიის მტკივე პოლიტიკური მხარდაჭერით ახორციელებს ბუნებრივი აირის ახალი გრანდიოზული მაგისტრალის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას. ეს მაგისტრალი ევროპას კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე. იმ ფონზე როდესაც გერმანია ფინანსებით ინტენსიურად კვებავს რუსეთს, მისი ფინანსური კონტრიბუცია ნატოში (პირობითად ნატოს ბიუჯეტში) ნატოს რეკომენდაციის შესაბამის მშპ-ს 2%-ზე ნაკლებია და თითქმის არ იხდის ამერიკული ბაზების შენახვის ხარჯებს.

  1. გერმანიის ფინანსები ყველაფერს ალბათ ვერ გაწვდება

გერმანიის ეკონომიკა უმსხვილესია ევროპაში და ის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია. 2018 წელს, გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტის ნამატმა (ნამატმა და არა თავად ბიუჯეტმა) 58 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს თანხა ორჯერ მეტია ევროკავშირის სამი ქვეყნის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ერთობლივ წლიურ ბიუჯეტზე.  ამავე, 2018 წელს გერმანიამ ამერიკული სამხედრო ბაზების ხარჯების (სრული ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი) მხოლოდ 18% გადაიხადა, ისიც უმეტესად არაფინანსური აქტივებით არის შევსებული, მაგალითად ქირაზე უარი, მომსახურება და ა.შ. შედარებისთვის სამხრეთ კორეა ქვეყანაში განთავსებული აშშ სამხედრო ბაზების ხარჯების 41%-ს, ხოლო იაპონია 50%-ს აფინანსებს.

  1. როგორ შლის ტრამპი ტრანსატლანტიკურ კავშირს

დონალდ ტრამპმა, აშშ-ს პრეზიდენტად არჩევიდან მალევე მიუთითა გერმანიას და ევროპელ პარტნიორებს, რომ მისთვის მიუღებელია მოცემულობა, როდესაც ნატოს ბიუჯეტის ორ მესამედს ამერიკა ავსებს, ხოლო სხვა ქვეყნები მშპ-ს 2%-საც კი არ იხდიან, მიუღებელია  მოცემულობა, როდესაც  ამერიკა აფინანსებს 82%-ით გერმანიაში განლაგებულ სამხედრო ბაზას და ამით აძლიერებს (ფაქტიურად ქმნის) გერმანიის და ევროპის უსაფრთხოებას, ხოლო გერმანია ამ დროს ფულს უხდის და აძლიერებს რუსეთს. ამერიკამ ნათლად განუმარტა გერმანიას და  ევროპელ პარტნიორებს, რომ ერთობლივად ამერიკული უსაფრთხოების და რუსული ბუნებრივი აირის მიღება შეუძლებელი გახდება. ამერიკა აპირებს სანქციების დაწესებას ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც რაიმე სახის მონაწილეობას მიიღებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობაში. ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ უკვე დააფრთხო მსხვილი ევროპული კომპანიები, რომელთაგან ერთერთი უკვე ჩამოშორდა მაგისტრალის მშენებლობას. 6 ივნისს კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპს გერმანიიდან გაჰყავს 10 ათასამდე ამერიკელი სამხედრო უახლოესი სამი თვის განმავლობაში. როგორც მოსალოდნელი იყო მედიის და ჰალსტუხიანი ექსპერტების უმეტესობამ, ტრამპს დასდო ბრალი ნატოს შერყევაში, ტრანსატლანტიკური კავშირის დასუსტებაში და საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველის რღვევაში.

  1. ჰორაციუსის ტაქტიკა და თრაკიელი სპარტაკი

ერთი ძველი ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში რომსა და ალბა-ლონგას (ქალაქი ლაციოში, რომუსის და რომულუსის სამშობლო) შორის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამართულიყო. ბრძოლის შედეგად კი მხოლოდ გამარჯვებული ქალაქი დარჩებოდა, დამარცხებული კი დაინგრეოდა. კეთილმა ღმერთებმა მოისურვეს დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება და გადაწყვიტეს გამარჯვებულის მცირე დაპირისპირებით გამოვლენა. შედეგად, რომაელი პატრიცების, ჰორაციუსების სამი ტყუპისცალი ძმა დაუპირისპირდებოდა ალბა-ლონგელი კურიატიელების სამ ტყუპისცალ ძმას. საინტერესოა, რომ ჰორაციუსები და კურიატიელები ერთმანეთისთვის ბიძაშვილები გახლდათ. შუა ბრძოლაში ორი რომაელი დაიღუპა. მესამე, პუბლიუსი კი მხნედ იდგა 3 დაშავებული კურიატიელის წინააღმდეგ. ამის შემდეგ პუბლიუსი გაექცა კურიატიელებს, რომლებიც დაღლილობისა და დაზიანებების გამო მას სხვადასხვა სიჩქარით დაედევნენ. პუბლიუსის გათვლაც ეს იყო. ის უეცრად შემობრუნდა და სამივეს მიყოლებით, ცალ-ცალკე მოუღო ბოლო. ექვსი საუკუნის შემდეგ იგივე ტაქტიკა გაიმეორა თრაკიელმა გლადიატორმა სპარტაკმა, რომელიც ოთხ მოწინააღმდეგესთან მარტო დარჩენილი ასევე გაექცა მათ. გაოგნებული მაყურებელი ვერ იჯერებდა, რომ მათი გმირი ასე ლაჩრულად ასრულებდა სიცოცხლეს. სპარტაკსაც დაედევნა ღონედაცლილი და დაზიანებული 4 გლადიატორი, რომელთაც ერთად სპარტაკი ვერ დაამარცხებდა. რამდენიმე ათეული ნაბიჯის შემდეგ სპარტაკი შემობრუნდა მდევრებისკენ და ერთმანეთისგან დაშორებულ მეტოქეებს ცალ-ცაკლე ადვილად გაუსწორდა.

  1. ტრამპი პუტინის კაცია

სპარტაკის არ იყოს, ტრამპსაც სურს ჰორაციუსის ტაქტიკის გამოყენება. მან იცის, რომ დღეს შეუძლებელია ყველა მეტოქესთან ერთად დაპირისპირება და ცდილობს მათ შორის დისტანცია შექმნას. მისთვის მთავარი მავნებელი ჩინეთია, მან იცის რომ პირველი დაპირისპირება მასთან ელის და არა რუსეთთან. უფრო სწორედ კი დაპირისპირება უკვე დაწყებულია. ამრიგად „შვიდი ქვეყნის“ (G7) ფორმატში ტრამპის მიერ რუსეთის (ასევე სამხრეთ კორეის, ავსტრალიის და პაკისტანის) მოწვევის ინიციატივა მხოლოდ ჩინეთის დასუსტებას ემსახურებოდა, ხოლო გერმანელი მერკელის, კანადელი ტრუდოს და ფრანგი მაკრონის მხრიდან ამ ინიციატივის ჩაგდების მცდელობა, მხოლოდ ჩინეთის გაძლიერებას უწყობს ხელს. ტრამპი „ტირანს კი არ გაურიგდა“, როგორც მედიის უმეტესობა გვატყობინებს, არამედ „ტირანს ებრძვის“ . პარტნიორები კი ხელს უშლიან, რადგან მათთვის ფორმა და უკაცრავად პოზა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეალური პოლიტიკის წარმოება. ევროპელების (და ამ შემთხვევაში კანადელისაც) მეტიჩრული, პოზიორული და მხოლოდ შაბლონური მესიჯბოქსებით გაჯერებული სრულიად მოუქნელი პოლიტიკა უკვე ძალიან მავნებლური ხდება.

  1. ტრამპი უკრაინის და სხვების ინტერესებს უგულებელყოფს. რეალური ლიდერები კი გლობალური უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ

გერმანია ტრამპს ახსენებს, რომ პირობის თანახმად, G7 ფორმატში რუსეთი მხოლოდ ყირიმის ანექსიაზე უარის თქმის შემდეგ უნდა დაბრუნდეს. გერმანია იცავს უკრაინას ამერიკისგან, ანუ ქვეყნისგან, რომელიც  „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ს“ დახურვას ცდილობს და უკრაინას უმნიშვნელოვანესი იარაღით, კერძოდ ამერიკული ტანკსაწინააღდეგო სარაკეტო კომპლექსით, ე.წ. ჯაველინებით ამარაგებს. ეს გერმანელების მხრიდან უკრაინელების დაცინვაა, თუმცა ამ დღეებში გერმანელებმა უკრაინელებს კიდევ ერთხელ დასცინეს, რაზეც ბლოგის ბოლოს დავწერ.

ამერიკის მხარდაჭერამ „მარშალის გეგმიდან“ დღემდე მნიშვნელოვანწილად განაპირობა ევროპელების კეთილდღეობა. ამერიკელებს გააჩნდათ ობიექტური მოლოდინი, რომ ევროპელები კრიტიკულ ვითარებაში სოლიდარულ დამოკიდებულებას გამოამჟღავნებდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ სოლიდარობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა გააგრძელებს მეწველი ძროხის ფუნქციის შეთავსებას, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკას კვლავ ქველმოქმედებად ჩათვლის. ხსენებულ ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ წინამორბედებს, რეალური და სამართლიანი პოლიტიკის განხორციელება რომ ნდომებოდათ და არა მხოლოდ აღშფოთებული მესიჯ-ბოქსებით შემოფარგვლა, ქმედით ნაბიჯებს ჯერ კიდევ 2008 წელს გადადგამდნენ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაზე საპასუხოდ. ამ შემთხვევაში რუსეთი ყირიმის ანექსიას ვერც კი გაიფიქრებდა.

წლების განმავლობაში, ჩინეთის მიმართ წარმოებულმა გაუმართავმა პოლიტიკამ ის ეკონომიკურ გიგანტად აქცია. დღეისათვის მისი ეკონომიკა  – მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით მხოლოდ ამერიკას ჩამოუვარდება. ერთის მხრივ ვერავის დაუშლი გამდიდრებას, მაგრამ ჩინეთი უმეტესწილად გამდიდრდა დასავლეთის პოლიტიკოსების მხრიდან მინიჭებული პრივილეგირებული სავაჭრო-ეკონომიკური უფლებების და საკუთარი მტაცებლური ეკონომიკური პოლიტიკის (ტექნოლოგიების და კვლევების მიტაცება, საავტორო უფლებების უგულებელყოფა და სხვა) გამო. ახლო მომავალში კომუნისტური ჩინეთი, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა არც თუ ისე პოპულარული საქმე გახლავთ, მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიდერად შეიძლება მოგვევლინოს. თავად განსაჯეთ 2000 წელს  ამერიკის ეკონომიკა ჩინეთისაზე 8,5 ჯერ დიდი იყო, დღეს კი მხოლოდ ერთნახევარჯერ დიდია.

  1. ადამიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია

ტრამპის ახალი კლიშეა რომ ის რასისტია და მისი ადმინისტრაცია ხელს უწყობს რასისტულ განწყობილებებს. სწორედ ეს კლიშე და არა რეალური პრობლემატიკა არის ამერიკის და ევროპის ქალაქებში გამართული მიტინგების მონაწილეების უმეტესობისთვის მთავარი საზრდო. რასისტი პრეზიდენტი უნდა წავიდეს! ერთდროულად კომიკურიც და ტრაგიკულიც არის ამ ფონზე სტოკჰოლმში გამართული აქცია „რასობრივი თანასწორობის და პოლიციური ძალადობის წინააღდმეგ“ (ციტატა ერთერთი ჰედლაინიდან), სადაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე შეტაკებაც კი მოხდა. საინტერესოა, სტოკჰოლმში მიტინგზე მონაწილე ადამიანები, უმეტესწილად ახალგაზრდები, რომელთა ლოზუნგია „ფერედკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, არ თვლიან რომ ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია? შვედეთში, კორონავირუსით გარდაცვლითა 90% 70 წელს ზემოთ ადამიანებია. შვედეთის განსხვავებული პოლიტიკის გამო ვირუსის შედეგად გარდაიცვალა  ათჯერ მეტი ადამიანი ვიდრე ნორვეგიაში და რვაჯერ მეტი ადამიანი ვიდრე ფინეთში. (შვედური მოდელის არაეფექტურობაზე, მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისით, ორი კვირის წინ ვრცლად დავწერე და აღარ გავმეორდები). უხეშად რომ დავთვალოთ, დაახლოებით ისე, შვედ ეპიდემიოლოგს ანდრეს ტეგნელს როგორც სჩვევია ხოლმე – შვედებს მეზობლების მაგვარი პოლიტიკა რომ გაეტარებინათ, შესაძლოა 4000 ადამიანით ნაკლები მსხვერპლი მიეღოთ.

მხოლოდ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, ასეთი ვითარება საქართველოში რომ ყოფილიყო და სამი თვის განმავლობაში არც სამოქალაქო საზოგადოება, არც ცალკე ახალგაზრდები და არც პოლიტიკური პარტიები არავითარ პროტესტს არ გამოთქვამენ, მაგრამ სიამოვნებით უპირისპირდებიან საკუთარ პოლიციელებს ამერიკაში ძალადობით მოკლული ადამიანისადმი სოლიდარობის გამო. ცოტა უცნაურია არა? ამის მიზეზს მე შვედეთის პოლიტიკურ სტატის-ქვოში ვხედავ.

შვედეთი უკვე 200 წელია ნეიტრალური ქვეყანაა, მოსახლეობის შემოსავლები საკმაოდ მაღალია. ათწლეულების განმავლობაში ქვეყანას უმეტესწილად სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ჰყავს, რომლის დღევანდელმა მეთაურმა თანამდებობაზე, ანუ პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთვის გადამწყვეტი ხმები რადიკალური მემარჯვენეებიისგან მიიღო. სოციალ-დემოკრატიულმა მართველობამ, ნეიტრალიტეტმა და  უბრალოდ კარგმა და უდარდელმა ცხოვრებამ უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ რეაქციები ქვეყანაში უცნაურად შეცვალა. შვედები სხვა შემთხვევებშიც ყოფილან პირველები და გამორჩეულები. მაგალითად, ევროპაში პირველად სწორედ შვედეთში გაიხსნა ჩინური კონფუცის ინსტიტუტი 2005 წელს, რომელიც საბოლოოდ ჩინური კულტურის, ენის და ტრადიციების  გაცნობასთან ერთად, ჩინური პოლიტიკის გატარების არც თუ მთლად კანონიერი ორგანო აღმოჩნდა (ათი წლის შემდეგ შვედებმა ინსიტიტუტი დახურეს). ასევე, შვედეთი იყო პირველი ევროპული ქვეყანა 2014 წელს, რომელმაც პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე აღიარა პალესტინის სახელმწიფოებრიობა, რასაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის, ცნობილი გამოხმაურება მოჰყვა: „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა გაცილებით რთულია ვიდრე “იკეას” აწყობა. ჯობს საკითხს მეტი პასუხისმგებლობით და უფრო სენსიტიურად მოეკიდოთ“.

  1. მემარცხენეთა კრიზის-მენეჯმენტი და საერთოდ რა სურთ დემოკრატ ლიდერებს

მემარცხენეებმა დრო იხელთეს და შვედების გარდა სხვა ქალაქებშიც ატარებენ ადამიანებზე ექსპერიმენტებს. როგორც ვიცით ამბოხებული ამერიკული ქალაქების მმართველობაში უმეტესად ამერიკული დემოკრატები არიან წარმოდგენილები. ექსპერიმენტებიდან ყველაზე საინტერესო პოლიციის უფლებების შეკვეცის მცდელობა მეჩვენება. მაგალითად მინიეპოლისის ქალაქის საბჭოს უმრავლესობა საერთოდ აპირებს ქალაქის პოლიციის გაუქმებას, ხოლო ნიუ-იორკი დაფინანსების მკვეთრად შემცირებას გეგმავს. რა შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას ამგვარი ტენდენცია, სადაც სტატისტიკა კრიმინალის შესახებ საკმაოდ მაღალია, ძნელად წარმოსადგენია.

ახლა კი კვლავ მსოფლიოს ლიდერების შესახებ. მერკელი მძიმედ, მაგრამ მაინც თანხმდება ნატო-ს დაფინანსების გაზრდას, ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ. პუტინი დროებით აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას და დაამთავრებს 2021 წლის პირველ კვარტალში; ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ჯანმოს ბიუჯეტში 2020 და 2021 წელს ორი მილიარდი აშშ დოლარით შეავსებს, ოღონდ იმ პირობით, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე გამოძიება ამ პერიოდში არ უნდა დაიწყოს. დააკვირდით, აქცენტი ყველას 2021 წელზე ან მის შემდგომ პერიოდზე აქვს. მათი ხედვა, სურვილი, ოცნება და აუცილებლობა ნათელია – ამ დროს ტრამპი აღარ უნდა იყოს პრეზიდენტი.

  1. რეზიუმე

ტრამპი, არა მხოლოდ დემოკრატებისთვის, არამედ მთელი ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელი პოლიტიკოსია. ჩემი ხედვით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მხარდაჭერა ხშირ შემთხვევებში ტრამპის მიერ მიღწეულ ელექტორალურ და პრაქტიკულ წარმატებაზე ანგარებიანი რეაქციაა. მისი ექსტრავაგანტური ქცევები ასევე მიუღებელია ამერიკული ბომონდისთვის (ეს უბრალო ამბავი არ გეგონოთ) და ევროპელი ლიდერებისთვისაც და შედეგად ანტი-ტრამპისტული განწყობილებები, სულ უფროდაუფრო მოდური ხდება საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. ბუნებრივია ტრამპი უშვებს შეცდომებს, თუმცა მისი მთავარი მტერი უადგილო და წამგებიანი განცხადებებია. ამავე დროს, უმეტეს შემთხვევებში მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის ქმედებები შედეგიანი და ეფექტურია და რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ის საკმაოდ მოქნილია და შეუძლია გამოწვევების ცვლილებებზე საპასუხოდ, ეფექტურად შეცვალოს პოლიტიკა და გადააწყოს პრიორიტეტები.

რამდენიმე დღის წინ რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი. მან 2005 წელს ითამაშა საკვანძო როლი „გაზპრომის“ მაშტაბურ პროექტში. შროდერმა, ამა წლის 26 მაისს  უკრაინის ელჩს გერმანიაში, ანდრეი მელნიკს ორჯერ უწოდა „ვიღაც ჯუჯა“. ასეთი „შექება“ ელჩმა მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა, რომ ელჩი აკრიტიკებდა შროდერის წინადადებას, რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნის თაობაზე. ანუ რუსებისთვის და მათზე მომუშავე ევროპელებისათვის „ვიღაც ჯუჯაა“ უკრაინის ელჩი, უკრაინელები, ყველა ვინც რუსებისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა, ყველა ბალტიისპირელი, პოლონელი, ქართველი, ამერიკელი, თუნდაც გერმანელი ან სხვა ვინმე.

ჩვენ არ ვართ ჯუჯები. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად