2020 წლის პროპორციული არჩევნების განხილვა პარლამენტში გაგრძელდება

2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო პროცესი პარლამენტში გაგრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დღეს სრულდება, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,საჯარო განხილვები 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა ქვეყნის მასშტაბით.

“მადლობას ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ყველა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ამ განხილვებში. ძალიან ბევრი საინტერესო პოზიცია და კითხვა იყო გამოთქმული და რა თქმა უნდა, საპარლამენტო განხილვების დროს ამას გავითვალისწინებთ. დღეს იმართება ამ სერიის ბოლო საჯარო შეხვედრა თბილისში. ამის შემდეგ უკვე საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება, მიიღებს შემაჯამებელ ოქმს და პროცესი გადავა საპარლამენტო განზომილებაში”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსნებთ: განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 300 000 მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში ითვალისწინებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება არჩევნების ბარიერის გარეშე ჩატარებას. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტს მხარს მაინც დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად