2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით ცნობილია – ბრძანება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებს 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, განსაზღვრულია კონკრეტული სფეროები თუ რომელ მიმართულებაზე მოუწევთ აპლიკანტებს ისტორიის და რომელზე მათემატიკის ჩაბარება.

დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი.

“დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები: ა) ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული), ბიოლოგია; ბ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამებისა), უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში:

ა) ფიზიკა;
ბ) ქიმია;
გ) ბიოლოგია;
დ) ზოგადი უნარები;
ე) გეოგრაფია;
ვ) ლიტერატურა;
ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
თ) სამოქალაქო განათლება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხოური ენის და მათემატიკის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს.“;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად