2019 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 324,554 მგზავრს მოემსახურა. რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112%-ით გაიზარდა და 55,895 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15,973 მგზავრმა ისარგებლა. რაც 52%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18%-ით გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა. ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად