2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო შეფასებულია, როგორც ”ჰიბრიდული რეჟიმი”

ჟურნალ The Economist-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა და უმაღლესი 10 ქულიდან 5,42 ქულა აქვს მინიჭებული.

კვლევის მიხედვით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის (სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ავტოკრატიული და დემოკრატიული რეჟიმების ერთგვარ ეკლექტიკურ ერთიანობას წარმოადგენს. ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც ახასიათებს დემოკრატიის გარკვეული ელემენტები) ქვეყნების რეიტინგში მოხვდა.

გასულ წელთან შედარებით, ამ რეიტინგში საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა.

ჟურნალ The Economist-ის კვლევა “დემოკრატიის ინდექსი 2019” მსოფლიოში დემოკრატიის თვალსაზრისით  არსებულ მდგომარეობას ასახავს 165 დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ორ ტერიტორიაზე. რეიტინგში საუბარია, როგორც სრულად დემოკრატიულ ქვეყნებზე, ასევე ავტორიტარულ რეჟიმებზე.

მთლიანობაში, რეიტინგში 167 ქვეყანა შედის, რომელთაგან 164 გაეროს წევრია. რეიტინგში ლიდერები არიან ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი, მათ სხვადასხვა თვალსაზრისით 10 ქულა აქვთ.

აღნიშნულ რეიტინგში რუსეთის ფედერაცია 134-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბელარუსი – 141-ე ადგილს. ორივე ქვეყანა კლასიფიცირდება, როგორც “ავტორიტარული რეჟიმები”.

კვლევაში სომხეთი 86-ე ადგილს იკავებს და კლასიფიცირდება, როგორც “ჰიბრიდული რეჟიმი”. რაც შეეხება თურქეთს, ის 110-ე ადგილს იკავებს და “ჰიბრიდული რეჟიმების” კატეგორიაშია. აზერბაიჯანი ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაშია და ის 147-ე ადგილს იკავებს.

უკრაინამ “დემოკრატიის ინდექსის” 2019 წლის ყოველწლიურ რეიტინგში 78-ე ადგილი დაიკავა და  “ჰიბრიდული დემოკრატიის” სტატუსი შეინარჩუნა.

დემოკრატიის მაჩვენებელი ხუთი ძირითადი პუნქტის მიხედვით შეფასდა: საარჩევნო პროცესები და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები.

მსოფლიოში გლობალური დემოკრატიის მიხედვით საერთო ქულამ 5.44 ქულა შეადგინა, რაც 2006 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მოამზადა თაკო ჩხაიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად