2019 წლის 6 თვეში საქართველოში თვითმკვლელობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღს საქართველოც უერთდება. წელს მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრობლემას ეძღვნება. ფსიქიკური აშლილობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა სჭირდება.

ფსიქიკური აშლლილობის მდგომარეობას მიეკუთვნება დეპრესია, შიზოფრენია, პოსტ ტრავმული აშლილობა,
ბიპოლარული აშლილობა და სხვა. კოალიცია “მოძრაობა ცვლილებებისთვის” დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილი აცხადებს, რომ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს აუცილებელია ადამიანებმა სპეციალისტს მიმართონ და შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარონ, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. შიშნიაშვილის განმარტებით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს სტიგმის გამო პრობლემის აღიარება უჭირს და ექიმს არ მიმართავს, შედეგად კი მდგომარეობა მწვავდება. სტიგმა, ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს, ქვეყანაში არსებული სერვისების მიღებაშიც უშლის ხელს.

ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების არასათანადო მართვა ზოგჯერ სავალალო შედეგებით მთავრდება – ხშირია სუიციდის ფაქტებიც. სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში თვითმკვლელობის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფისქირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219-მა ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სწორედ იმიტომ აღინიშნება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გავაგებინოთ, რომ ფსიქიკური დარღვევები და ჯანმრთელობის პრობლემები არის მართვადი, მოვლადი და ამას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. არამხოლოდ ოჯახის წევრების და ახლობლების მხარდამჭერა, არამედ აუცილებელია პროფესიონალების გვერდში დგომა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სტიგმა ჯერ კიდევ ძლიერია და ხელს უშლის ადამიანებს, რომ თავიანთ თავსა და ოჯახის წევრებში აღიარონ ეს პრობლემა. ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ ამის მიღება და როცა გვიჭირს ამის მიღება, ძალიან გვიან ვახერხებთ პროფესიონალისგან მხარდაჭერის მიღებას. თუმცა, საბედნიეროდ, კარგი ის არის, რომ ნელ-ნელა ვაღიარებთ, რომ ექიმთან წასვლა სირცხვილი არ არის. არათუ სირცხვილი, ეს არის პრობლემის დროულად მოგვარების გზა და ასევე კარგია ის, რომ დროდადრო მრავალფეროვანი ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერი სერვისები ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა მაია შიშნიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად