2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ამნისტია გამოცხადდა

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. რადგან ჩვენი თავდაპირველი იდეა იყო სწორედ ის, რომ ჩვენი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები საზოგადოების: მარტოხელა მშობლები, ვეტერანები, დევნილები,პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვა გაგვეთავისუფლებინა იმ ძალიან დიდი ფინანსური ტვირთისგან, რასაც ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს ხოლმე ადმინისტრაციული სახდელის გადახდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს და ჩვენს აღმასრულებლებს უწევთ ამ პირების, რომლებსაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ, ყოველდღიურ რეჟიმში თითქმის შეწუხება და შეხსენება, რომ გადაიხადე ესა თუ ის თანხა”, 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამ კანონით, ეს წნეხი მოხსნილია პირებისთვის: ეს არის 37 000-ზე მეტი პირი და მთლიანი ფინანსური ტვირთი,რომელიც მოიხსნება, არის 23 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ დავიწყებთ ამ საქმეების დახურვას და თითოეულ მათგანს ამის შესახებ უკვე აღსრულების ბიურო უმოკლეს დროში აცნობებს.

“მოცემული მოწყვლადი ჯგუფების გათავისუფლება იმ შემთხვევაშია ძალაში, თუკი,როგორც კანონი ამბობს და ჩვენი ინიციატივა იყო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ეს პროექტი წარვადგინეთ ჯერ მთავრობაში და შემდგომ პარლამენტის წინაშე, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვერავითარ პოლიტიკურ მიზანს ვერ დავისახავდით და არ ვისახავდით. ჩვენ ვისახავდით იმას, რაც არის სოციალური პრობლემები, რასაც ჩვენი აღმასრულებლები ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს, რაც არ უნდა კანონმორჩილები იყვნენ, არ აქვთ იმის საშუალება რომ ეს ფინანსური ტვირთი აწიონ. სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე გამოვყავით ეს ჯგუფები და შევთავაზეთ პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონი” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის: ამნისტია ეხებათ: სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.

კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125​2 მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო” ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, 3 თვის ვადაში, ეტაპობრივად, შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება: დევნილები – 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 2 607 063 ლარი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები – 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 662 281.21 ლარი; სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები – 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 16 909 193 ლარი; ასაკით პენსიონრები – 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად – 1 853 933 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 2 083 საქმე, ჯამურად – 1 451 459 ლარი მარტოხელა მშობლები – 132 საქმე, ჯამურად – 54 248 ლარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად