A1 ბანერი

2018 წლის მეოთხე კვარტალში წლიურმა ინფლაციამ 1.9% შეადგინა

2018 წლის მეოთხე კვარტალში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მცირედ დაბალი აღმოჩნდა და 1.9% შეადგინა, რაც ძირითადად ბოლო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებამ და, ნაწილობრივ, გლობალურ ბაზრებზე მოსალოდნელზე მეტად შემცირებულმა ნავთობის ფასმა განაპირობა.

აღნიშნულმა გადაფარა ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები, როგორიცაა ბოლო პერიოდში პურპროდუქტებზე გაზრდილი ფასები. შედეგად, წლიური ინფლაცია დეკემბერში 1.5%-მდე შემცირდა. თუმცა, წინა წლის საბაზო ეფექტის ფონზე, 2019 წლის იანვარში მან 2.2%-მდე ისევ მოიმატა. მიუხედავად ამისა, ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ ნიშნულთან კვლავ ახლოს რჩება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

პროგნოზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სუსტი ერთობლივი მოთხოვნა ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს, მომდევნო წლის მანძილზე აღნიშნული შემცირების წნეხს გაუფასურებული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ფონზე იმპორტული ინფლაციისა და წარმოების შუალედური ხარჯების მატება დააბალანსებს, ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, პურზე გაზრდილი ფასი. საშუალოვადიან პერიოდში, ერთჯერადი ფაქტორების აღმოფხვრის პარალელურად მოსალოდნელია გამოშვების პოტენციურ დონემდე ერთობლივი მოთხოვნის გაზრდაც, რაც ინფლაციის კვლავ მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ზრდის შენელების გაზრდილი რისკებისა, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპის შესუსტება, გარკვეულწილად, დროებითი ხასიათის იქნება. აღნიშნული გამომდინარეობს დაშვებიდან, რომ საკრედიტო აქტივობა ზომიერ ზრდას გააგრძელებს, ხოლო ფისკალური სტიმული დაგეგმილი ზომის იქნება. პროგნოზის მიხედვით, მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს როგორც წმინდა ექსპორტი, ასევე მოხმარება და ინვესტიციები, რასაც, საბაზო სცენარის მიხედვით, ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯები, ასევე სესხების ზრდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...