“2016 წლის შემდეგ ირაკლი ალასანია თვალითაც არ მინახავს”-ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი ყოფილ თანაპარტიელს ირაკლი ჩიქოვანს მხარდაჭერას უცხადებს, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ჩაერთვება.

როგორც ცაგარეიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში თქვა, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ამ დროის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონია და აქვს, ხოლო მისი ყოფილი პარტიის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია 2016 წლის შემდეგ არც კი უნახავს.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ამ ეტაპზე არ დაბრუნდება, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს რეალურად არა გრიგოლ ვაშაძე, არამედ მიხეილ სააკაშვილი იყრის.

თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ ერთვება საარჩევნო კამპანიაში. თქვენც ხომ არ აპირებთ? გვახსოვს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეორე ტურში მხარი „ოცნებას“ გამოუცხადეთ…

თუ კარგად მიცნობთ, ამ კითხვას არ უნდა მისვამდეთ. 2004 წლიდან სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავი. ვიღაცებისთვის შეიძლება რაღაცები გასარკვევია, მაგრამ მე კარგად ვიცი „ნაცმოძრაობის“ და მათი ბელადის მიხეილ სააკაშვილის წარმომავლობა. სამწუხაროდ ახალი არაფერია, იგივე პრობელემებს შევეჩეხეთ და მივესალმები ირაკლი ჩიქოვანის ასეთ პოზიციას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ იმაზე, რომ როგორმე ეს ავაზაკები თუნდაც საპრეზიდენტო სასახლეში არ მოუშვან.

ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ძველ გვარდიას დახმარებისკენ მოგიწოდათ. თქვენ თუ აპირებთ ჩართვას?

რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რომ სააკაშვილი არ მობრუნდეს უკან. აქ ვაშაძე არაფერ შუაში არ არის. რეალურად კენჭს მიხეილ სააკაშვილი იყრის. მათ აქვთ მწყობრი გეგმა სამოქალაქო დაპირისპირების, ხელისუფლების დამხობის. ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთხელ ეს მათ გამოუვიდათ. მე ეს კარგად მახსოვს, მემატიანე ვარ საქართველოს უახლესი ისტორიის. 2002-2003 წლებიდან მოყოლებული.

პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებთ?

ახლა მე ამას ნამდვილად არ ვაპირებ, მომავალში, 2-3 წელიწადში რა იქნება, ეს არ ვიცი. მაგრამ ყველანაირი წყენა უნდა გადავდოთ და უნდა აღვმართოთ იმგვარი ბარიერები, რომლის გადალახვაც გაუჭირდება მიხეილ სააკაშვილს.

თუმცა, საკმაოდ მწვავე დაპირისპირება გქონდათ „ქართულ ოცნებასთანაც“, როდესაც კოალიციიდან წამოხვედით…

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ახლა წყენების დრო არ არის, ახლა გაერთიანების დროა. თქვენ თვითონ აღნიშნეთ თქვენს კითხვაში, რომ 2016 წელს როცა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წავაგეთ არჩევნები და სამწუხაროდ ბარიერი ვერ გადავლახეთ, მაშინ მე, დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ პირდაპირ მოვუწოდეთ მხარდამჭერებს, რომ მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის. ჩვენ არც მაშინ არ დაგვიმალავს. ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ, რა მოხდა ისეთი ქვეყანაში, რომ აზრი შემეცვალა?! უფრო მეტსაც გეტყვით, ბევრად უფრო საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლა, ვიდრე ეს იყო 2016 წელს და ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს.

რა შეუძლია „ნაცმოძრაობას“ ჩემს თავზე და ჩემს ოჯახზე მაქვს გამოცდილი. ამას არ დავივიწყებ არასდროს. არ ვსაუბრობ ნიშნისმოგებით, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. მე არავის უბედურებაზე არ ვსაუბრობ. რაც ამ ავაზაკების ხელში გადამხდა ამაზე გესაუბრებით. შეიძლება ვიღაცამ თქვას რა უკან იხედებიო, მაგრამ ეს მე არ მითქვამს, გენიოსმა თქვა: „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომივლისო“. ამიტომ, ბუნებრივია ვერაფრით ვერ ვივიწყებ იმ წარსულს. როცა შენ 4-5 წელში დაივიწყებ, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს ამ ქვეყანაში, ან მაზოხისტი ხარ, ამ გულმავიწყი. მე ვერც ერთად გავიმეტებ საკუთარ ერს და ვერც მეორედ. სხვანაირად მოაზროვნე საზოგადოება ვართ და ცოტა დაფიქრება გვჭირდება.

მე არავის მოწოდება არ მჭირდება და არც არავის შეძახილი. იქ ვარ, სადაც ვიყავი. 2018 წელი მოვიდა და მე ფერი არ ვიცვალე. ის, რაც მოხდა 2004-ში, ეს აღარ უნდა განმეორდეს 2018-ში.

კომუნიკაცია თუ გქონიათ ბიძინა ივანიშვილთან ან „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ამ დროის განმავლობაში?

კომუნიკაცია მქონია და მაქვს. აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში. დასამალი არაფერი მაქვს. სადაც კი მიმიწვდება ხელი, ყველგან ხელს შევუშლი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ ლიდერებთან კომუნიკაცია მქონია და მაქვს, ივანიშვილთან კი არ მქონია.

მე თუ რამე მქონდა გასარკვევი რომელიმე ადამიანთან, მე მქონდა და ავად თუ კარგად გავარკვევ. იყო შეცდომებიც, ჩვენი მხრიდანაც, სხვა ადამიანების მხრიდანაც, „თავისუფალი დემოკრატების“ თუ „ოცნების“ მხრიდან და ჩვენ ვზღვიეთ ეს ყველაფერი. მე ჩართული ვარ ამ პროცესში, რომ ეს კრიმინალები და მანიაკები არ დაბრუნდნენ და აღარ გამოვიაროთ 7 ნოემბერი, 26 მაისი… ჩვენ ეს გავიარეთ. თქვენ გჯერათ, ბოდიში რომ მოიხადეს იგივეს რომ აღარ გააკეთებენ? ბევრჯერ გვინახავს მათი ბოდიში და სისხლი ისევ დაღვრილი. ბოდიში ჩემს წინაშე არ აქვთ მოსახდელი, წყალსაც წაუღია ჩვენი ურთიერთობა. ბოდიში მოსახდელი აქვთ ხალხთან.

ბოლოს გვითხარით, დღეს კომუნიკაცია გაქვთ ირაკლი ალასანიასთან ან „თავისუფალი დემოკრატების“ დღევანდელ წარმომადგენლობასთან?

არა, არავითარი კომუნიკაცია მე მათთან არ მაქვს. 2016 წელს დავშორდით, ვინც დღეს პარტიის სათავეში არიან, დღეს მათთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ვისთანაც მაქვს არ დაგიმალეთ.

არც ირაკლი ალასანიასთან არ გქონიათ?

არა, არავითარი კომუნიკაცია არ მქონია. საერთოდ თვალითაც არ მინახავს. კომუნიკაცია მაქვს ყველა იმ ადამიანთან ვინც დღეს არის ჩართული ამ ბრძოლაში.

ცოტა იმ ადამიანების მიკვირს, ვინც მთელი ცხოვრება ხმალამოღებული ებრძოდა ამ უბედურებას, რასაც მიშა სააკაშვილი ჰქვია. ახლა ბოდიში მოუხადეს და დაივიწყეს ეს.

„რესპუბლიკელებს“ გულისხმობთ?

უამრავ ადამიანს ვგულისხმობ. მათი პირადი წყენა ჰქონდათ და ამის გამო გამოჰყავდათ 100 000 ადამიანი ქუჩაში?! ეს მაინტერესებს. ზოგს აგენტობა დააბრალეს, ზოგს რა დააბრალეს და ზოგს რა. აქ ბოდიშის მოხდა შველის დანარჩენ ყველა უბედურებას?! არც ირინა ენუქიძე აწუხებდათ, არც სანდრო გირგვლიანი, არც 7 ნოემბერი, არც 26 მაისი, არც გაყალბებული არჩევნები, არც დაკარგული მიწა-წყალი? პირად წყენებზე ჰქონდათ აგებული თავიანთი თანამონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში?! ეს ვერ გავიგე. დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არასდროს მითქვამს

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა, სადაც მას ჰკითხეს რატომ…

სააკაშვილი: მარგველაშვილი არარაობაა, მან ყველას თავი კარტოფილით და წინდების ქსოვით…

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი: მადლობა ყველას, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას ეს არჩევნები მოაგებინა

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი: რუსების მიერ შექმნილი ტელეკომპანია “იმედი” ჩემ…

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო გაუნათლებელმა ქურდბაცაცა ჯაყომ

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

სააკაშვილი: როცა ხელისუფლება შეიცვლება ამ არჩევნების გაყალბების საქმეს პირველივე…

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

სააკაშვილი: ივანიშვილმა თავისი მახინჯი თოჯინა რეზიდენციაში უნდა დაასკუპოს და ეს…

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ში განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე: ვიცნობ სალომე ზურაბიშვილს… შეიძლება ივანიშვილს მარგველაშვილი…

"თუ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა სალომე ზურაბიშვილს, ალბათ ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენა "ქართულმა ოცნებამ", როცა…

მეგი გოცირიძე: ივანიშვილი მესამე პრეზიდენტს რინგზე ეკვეთა და მოგვპარა არჩევნები

"დაბრუნდით ბატონო პრეზიდენტო და ერთად დავიბრუნოთ საქართველო", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი…

სააკაშვილი: არჩევნების შედეგები ვაღიაროთ? არასოდეს! პასუხი იქნება უკომპრომისო!

ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
კომენტარები
იტვირთება...