საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს ყოველწლიურად ატარებს, მარეგულირებელმა ასეთი გადაწყვეტილება ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღების შემდეგ მიიღო, რომლის თანახმადაც სემეკის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. უკვე 3 წელია რაც მარეგულირებელ კომისიას საერთაშორისო სერტიფიკატი აქვს მინიჭებული. სერტიფიცირებას უცხოელი ექსპერტების ერთწლიანი აუდიტი უძღოდა წინ.

ISO-ს ექსპერტებმა აუდიტის პროცესში ყურადღება გაამახვილეს იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც უშუალოდ შეეხება იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევას, სატარიფო პოლიტიკის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სემეკის საქმიანობის საჯაროობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მათ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხებს.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო უნივერსალური სტანდარტია. მისი ძირითადი პრინციპებია: ორიენტაცია მომხმარებელზე, ხელმძღვანელობის ლიდერობა, პერსონალის ჩართულობა, პროცესუალური მიდგომები, სისტემური მიდგომა მენეჯმენტისადმი, საქმიანობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ISO 9001:2015  საერთაშორისო სერტიფიკატის სემეკისთვის მინიჭების იდეა სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ეკუთვნის. დავით ნარმანია ამბობს, რომ კომისია ევროპული მარეგულირებლების ცივილიზებული ოჯახის წევრია და ამ სერტიფიკატის მიღებით დასტურდება, რომ მისი საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„სემეკმა დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ მიეღო საერთაშორისო სერტიფიკატი. ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატის მიღება ნიშნავს იმას, რომ სემეკის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მისაღებად სემეკში განხორციელებულ სამუშაო პროცესს თუ შევაფასებთ,  ეს იყო ინტერაქციული და შედეგზე ორიენტირებული. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხარისხის მართვა სისტემატურად გაუმჯობესდება ნორმატიული და მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესში. საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს სემეკი ყოველწლიურად განახორციელებს“, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, თანამედროვე სტანდარტები და მიდგომები კომისიის საქმიანობაში სერტიფიცირებამდეც იყო დანერგილი.

„სემეკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ რისკების განსაზღვრა, რომლის წინაშეც როგორც მთლიანად კომისია, ასევე ცალკეულად, თითოეული დეპარტამენტი დგას.  სერტიფიცირების პროცესით შესაძლებელი გახდა დოკუმენტირებულად ამ რისკების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სემეკის მდგრად განვითარებას, გამჭვირვალობასა და, ბუნებრივია, ამ პროცესების ობიექტურ შეფასებას. ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, სემეკმა არ შეანელოს განვითარების ტემპები, მუდმივად იყოს ისეთი ინსტიტუცია, რომელიც ნერგავს სიახლეებს და გახსნილია ინოვაციებისადმი. ამიტომაც წამახალისებელია ის გამოწვევა, რომელსაც  ISO სტანდარტი ითხოვს და აწესებს ორგანიზაციაში” - აღნიშნავს დავით ნარმანია.

სემეკის პრიორიტეტებია: სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზა, მომსახურების ხარისხი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კომპანიების ვალდებულებების აღსრულების კონტროლი და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, რაც, კომისიის მენეჯმენტის აზრით, საბოლოო ჯამში მიმართულია სექტორის გაჯანსაღებისა და მომხმარებელთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისკენ.