2004 წელს ექიმების დაუდევრობით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საქმე მოიგო

“დადგინდა, რომ არასწორი ოპერაციის გამო გარდაიცვალა ჩემი 25 წლის სრულიად ჯანმრთელი შვილი. მოვითხოვ სისხლის სამართლოს საქმე თავიდან აღიძრას დამნაშავე ექიმების მიმართ და დაისაჯონ დამნაშავეები, ეს აღარ უნდა განმეორდეს”-განაცხადა დღეს გარდაცვლილის დედამ გულნარა სარიშვილიმა. დაზარალებული სტარსბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მიმართვამდე, 15 წლის განმავლობაში სამართლის აღსრულებას საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანციაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. აჭარგანათებაში მომუშავე გიორგი ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში 14 მარტს გარდაიცვალა

გიორგი ბოლქვაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა. საქმის ადვოკატის ემზარ პაქსაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ სამოქალაქო კოდექსში სტრასბურგის სასამართლომ ცვლილებები მოითხოვა, რადგან ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს უარი თქვა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის გამო კომპენსაციის გაცემაზე. მაისში სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2008 წლის გადაწყვეტილება და კომპენსაცია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა:

“მორალური ზიანის ანაზღაურების დაშვება პირის გარდაცვალების გამო, მისი ახლო ნათესავითვის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ფაქტობრივად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიუთითა, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით პარლამენტს ხვალ მივმართავ”-განაცხადა გიორგი ბოლქვაძის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ.
იგი დღეს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროშიც იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად