20 ივნისის მოვლენების საკითხზე საჯარო ფორმატში მსჯელობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება

 “ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დემოკრატიას, თუნდაც, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივებს დავუკეტოთ კარები, მათ აქვთ კანონმდებლობით კონკრეტული უფლებამოსილებები მინიჭებული, შესაბამისად ჩვენ აქ მივყვებით რეგლამენტს. რეგლამენტის თანახმად მოხდება ამ საკითხის განხილვა”. – ​ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” მიერ დარეგისტრირებულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში რეგლამენტის ვადების დარღვევით შეიტანა, მაგრამ რეგლამენტის თანახმად მოხდება ამ საკითხის განხილვა.

„პრინციპულად მინდა ვთქვა, რომ გამოძიებით პირველ რიგში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის ნაწილის შეფასება პირველ რიგში დაიწყო სწორედ მის მხარეს, იცით, რომ გამოძიება დაწყებულია და დეტალურად მოხდება შეფასება, თითოეული იმ ფაქტის, რაზეც საჯარო ინტერესი არსებობს. მეორეს მხრივ ოპოზიციის ამ ინიციატივას რომ შევეხოთ, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დემოკრატიას, თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივებს დავუკეტოთ კარები, მათ აქვთ კანონმდებლობით კონკრეტული უფლებამოსილებები მინიჭებული, შესაბამისად ჩვენ აქ მივყვებით რეგლამენტს. და რეგლამენტის თანახმად მოხდება ამ საკითხის განხილვა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ვადების დარღვევით კი არა, საკითხი პარლამენტში შევიდა მას შემდეგ, რაც მოხდა 20 ივნისს.

“12 დღეა უკვე მიმდინარეობს პროტესტი, ადამიანები, რომლებიც შეკრებილები არიან პარლამენტის წინ, ითხოვენ გახარიას გადადგომას. ჩვენ ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა. ეს კადრები კიდევ ახალ-ახალი ემატება ყოველდღე. ვხედავთ, მიჯრით როგორ ესვრიან პოლიციელები ადამიანებს სახეში, ახლო მანძილიდან. არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, აქ არის საუბარი იმაზე, რაც მოხდა, მათ შორის თვალდაკარგულ ადამიანებზე, ამ ძალის გადამეტებაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ აიღოს შს მინისტრმა. რაც შეეხება იურიდიულ პასუხისმგებლობას, კონკრეტული სამართალდამცავების სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს არის სხვა საკითხი. ნამდვილად უნდა იყოს გამოძიებული ეგ ნაწილიც, და ასევე მინისტრს თუ რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვს. აქ პოლიტიკურ განცხადებებში რომ არ შევიდე, მარტივი კითხვა მაქვს, შემდეგი სხდომა როდის იქნება, და შემდეგ სხდომაზე ეს საკითხი იქნება თუ არა განხილული.

11 დღე გავიდა, ეს საკითხი არ განელებულა, ხალხი იგივეს ითხოვს, და მოლოდინი არის, რომ პარლამენტში ამ თემაზე როგორც მინიმუმ იქნება დისკუსია. ასე ბიუროს ფორმატში კი არა, ჩვეულებრივ საპარლამენტო ტრიბუნებიდან, მათ შორის პლენარული დარბაზის ფარგლებში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად