20 აგვისტო კოღოებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1902 წლის მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, როლანდ როსის მიერ დედალი კოღოების მიერ მალარიის გადატანის ფაქტი უტყუარად იქნა დადგენილი 1897 წლის 20 აგვისტოს.

სწორედ ამის გამოა ეს დღე შერჩეული მალარიის წინააღმდეგ მებრძოლი დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კოღოებთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ.

რომელი ცხოველები არიან დედამიწაზე ყველაზე საშიშები? გველები? ზვიგენები?- კითხულობს ბილ გეითსი თავის ფონდის საიტზე და იქვე თავად პასუხობს: არცერთი ამათგან. ყველაზე საშიშები კოღოები არიან

კოღოების მსხვერპლთა რაოდენობა წელიწადში 725 000 ადამიანს აღწევს, რეიტინგში მომდევნო ადგილებზე მყოფი გველების და ძაღლების წილად კი ბევრად ნაკლები, შესაბამისად, 50 000 და 25 000 ადამიანი მოდის.

კოღოები მალარიის, ყვითელი ციების, დენგეს ცხელების, ენცეფალიტის და სხვა საშიში დაავადებების გადამტანები არიან. მათგან მსოფლიოში ყოველ 12 წამში ერთი ადამიანი კვდება.

კოღოებს იზიდავს ტენი, ნახშირორჟანგის მომატებული კონცენტრაცია, სხეულის სითბო, ლუდის და ოფლის სუნი. ქალები, განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალები, კოღოებს კაცებზე მეტად იზიდავენ. ტანსაცმლის ფერებს კოღოები მხოლოდ იმ შემთხვევაში აქცევენ ყურადღებას, როდესაც არჩევნის გაკეთება რამდენიმე ადამიანს შორის უწევთ. კოღოები მკრთალ ფერებთან შედარებით კაშკაშა ფერებს ანიჭებენ, ენთუზიაზმს არ იჩენენ თეთრი ფერის ტანსაცმლით შემოსილთა მიმართ, მაგრამ აქტიურად რეაგირებენ ალისფერ და ლიმონისფერზე.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად