189 დაღუპული და ასობით დაკარგული – კატასტროფული წყალდიდობა დასავლეთ ევროპაში

მინიმუმ 189 ადამიანი გარდაიცვალა და ასეულობით ადამიანი დაიკარგა, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად, რომელიც დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს დაატყდა თავს. ათიათასობით ადამიანმა ვერ შეძლო თავიანთ სახლებში დაბრუნება და მრავალი მაცხოვრებელი კი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

უპრეცედენტო ნალექით გამოწვეული წყალდიდობა დასავლეთ გერმანიის ნაწილებს შეეხო და შემდეგ მეზობელ ბელგიასა და ნიდერლანდებში გადავიდა.

სამხრეთ ნიდერლანდების ნაწილი ევაკუირებული რჩება.

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ნგრევის ნამდვილი მასშტაბი აშკარა გახდა, როდესაც შაბათ-კვირას წყალმა დაიწია და ნგრევა, ტალახი და ქაოსი გამოჩნდა.

დანგრეულია მთელი ქალაქები, რკინიგზა და გზები და მინიმუმ 158 ადამიანია დაიღუპა, რასაც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საუკუნის განმავლობაში “ყველაზე მძიმე ბუნებრივი კატასტროფა” უწოდა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვირას ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქალაქ შულდში სტუმრად განაცხადა, რომ განადგურების მასშტაბი “სურეალისტურია”.

“ეს შოკისმომგვრელია – შემიძლია ვთქვა, რომ გერმანულ ენაში არ არის სიტყვები ამ განადგურების აღსაწერად”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. მერკელმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სწრაფად გაუწევს ხალხს ფინანსურ დახმარებას.

რომის პაპმა ფრანცისკემ სოლიდარობა გამოუცხადა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს. “დაე, უფალი მიესალმოს დაღუპულებს და დაამშვიდოს მათი ახლობლები. დაეხმაროს ყველას”, – თქვა მან ვატიკანში სიტყვით გამოსვლისას.

ბელგიის კრიზისის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა კვირას, რომ სიტუაცია ეტაპობრივად უმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვერპლთა ძებნა გრძელდება და რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყლის ნაკლებობაა. ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე 31 ადამიანი გარდაიცვალა.

“სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...