18 ნოემბრის აქციის მონაწილეებს სასამართლომ 4 – 13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ბექა ბასილაიას და ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, გურამ მჭედლიშვილს და გიორგი ბუნტურს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, კაჭარავას და მჟავანაძეს 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ელგუჯა ბაგრატიონი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

კიდევ 18 დაკავებული პირის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 37 პირი დააკავა.

შსს-ს განცხადებით: აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად