16 წლის ბიჭი, რომელსაც მკვლელობისთვის 2007 წელს 15 წელი მიუსაჯეს, უზენაესმა სასამართლომ გუშინ გაამართლა

14 წლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ (განმხილველი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი)  2007 წელს მომხდარი რეზო ფუხაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, იმ დროისთვის არასრულწლოვანი გივი ვაშაკიძე უდანაშაულოდ ცნო.

16 წლის გივი ვაშაკიძეს 2007 წელს თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა,  როგორც არასრულწლოვანს ¼ შეუმცირდა, საბოლოო ჯამში კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გივი ვაშაკიძეს თბილისის პროკურატურამ  ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა – განზრახ მკვლელობა და ხულიგნობა.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამნისტიით, ხულიგნობის მუხლით მისჯილი 3 წლიანი პატიმრობისგან გათავისუფლდა. ასევე 109 -ე მუხლზეც (განზრახ მკვლელობა)  ¼ მოაკლდა და პატიმრობის ვადა შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით.  აქედან 6 წელი ციხეში იჯდა, ხოლო 1 წელი და 4 თვე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

გივი ვაშაკაძის დედა ციური ვაშაკიძე „აიპრესთან“ ამბობს, რომ შვილის გამართლებას წლებია ელოდება.

„ეს საქმე ოჯახმა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნეთ, იქ ვეძებდით სამართალს „ნაციონალების“ განუკითხაობის დროს. ჩემმა შვილმა არ აღიარა ის ბრალი, რასაც ედავებოდნენ, ამის გამო ჩემი ქმარი – პაატა ვაშაკიძე დაიჭირეს. ისეთი ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, ენით აღუწერელი.

მაშინ ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, ბავშვზე მიდიოდა ზეწოლა, აი მამაშენი დიდხანს გვეყოლება ციხეში, თუ არ „ჩაუშვებ“ ვიღაცეებს…

საქმე გავაგზავნეთ სტრასბურგში, იქიდან საქმე საქართველოში გამოაგზავნეს, „ქართული ოცნების“ მთავრობა რომ მოვიდა, მაშინ თეა წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, აღიარა ჩვენმა მთავრობამ და მიწერა სტრასბურგს, ჩვენ მზად ვართ ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და გადავუხადოთ კონვენციის მუხლების დარღვევისთვის 4000 ევრო კომპენსაციაო – 2013 წელს.

ჩაურიცხეს ჩემს შვილს კომპენსაცია და ამის პარალელურად საქართველოს მთავრობას დაევალა ახლიდან  გამოეძიებინა ეს საქმე.  2013 წლის შემდეგ მიდიოდა ძიება, ჯერ საქალაქო სასამართლოში. ხან პროკურორები გამოიცვალა, ხან მოსამართლე, 2-3 წელი გაგვაწამეს. დატოვა საქალაქო სასამართლომ ძალაში ეს გადაწყვეტილება. გავასაჩივრეთ სააპელაციოში, იქაც წელეს, წელეს და ძალაში დატოვეს. მერე შევიტანეთ უზენაესში. უკვე მესამე წელია უზენაესშია ეს საქმე. უდანაშაულოდ სცნეს 109-ე მუხლში“.

როგორც ციური ვაშაკიძე „აიპრესთან“ აცხადებს, რეზო ფუხაშვილის მკვლელი დღემდე არ არის დაკავებული.

„ამ ადამიანის მკვლელი დღემდე არ არის დაკავებული. არ გამოუძიებიათ, ამაშია საქმე. საქმეს თბილისის პროკურატურის პროკურორი დათო ხიზანაიძე  იძიებდა, ჩემი ქმრის სიკვდილი  მაგის კისერზეა.

ჩემი ქმარი დაიჭირეს და 1 წელი იჯდა ციხეში. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. მგონი დღესაც მუშაობს დათო ხიზანაიძე  პროკურატურაში. არასდროს დამავიწყდება მაგისი ჯალათობა. ჩემს ქმარს ინფარქტი და შაქრიანი დიაბეტი დაემართა ციხეში ნერვიულობის ფონზე.  ჩვენი შვილიც ძლივს გადავარჩინეთ.

ჩემი ქმარი პროცესზე მოიყვანეს და ბადრაგები შეყუდებულები იყვნენ იქით და აქეთ მხარეს, 2 მეტრიანი, მორაგბე კაცი ისე გახდა რამდენიმე თვეში, რომ ხელით მოიყვანეს პროცესზე.

3 წელს ითხოვდა და იცი რაზე? ჩემს ქმარს ქონდა ტაბელური იარაღი, რომლის ნებართვას 2 თვის ვადა ჰქონდა გასული.  ჩხრეკაზე რომ მოვიდნენ სახლში, იკითხეს კანონსაწინააღმდეგო რა გაქვთო, იმდენად წესიერი და პატიოსანი კაცი იყო ჩემი ქმარი, იარაღი გამოუღო და უთხრა – ეს იარაღი მაქვს, ნებართვას 2 თვის წინ გაუვიდა ვადა და ვერ მოვიცალე ამისთვის, ვადაა გასაგრძელებელიო. თავისით გამოუტანა და დაუდო, ესენი ვერც იპოვიდნენ 100 წელი იმ იარაღს.

14 წელია ვიბრძვით და გუშინ  საბოლოო გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ჩემი შვილი.“

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...