16 გაფიქრება სიკვდილამდე… ლევან ფანცხავას ბლოგი

ალბათ სულ ბოლო წამს, როცა მიხვდა რომ უნდა დასრულებულიყო დედის სახე დაუდგა თვალწინ…

16 წლის იყო, ბევრი, ძალიან ბევრი ტკივილი ნახა ვიდრე 16 ის გახდებოდა, ჯერ ძმა ეტკინა, მერე მამა, მერე ალბათ მიხვდა რომ დედის ტკივილი არ უნდა ეგრძნო და ამისთვის ყველაფერი გაეკეთა, წავიდა. წავიდა დიდ ქალაქში, პატარა ბიჭი, პატარა მაგრამ დიდი ტკივილით და უფრო დიდი სიყვარულის, დედიკოს გამო, იმის გამო რომ ცხოვრება გრძელდება, იმის გამო რომ მონატრებულ დედას გულში ჩახუტებოდა და ეთქვა რომ ისინი არ მოკვდებიან, ჯერ ერთმანეთის გამო და მერე შიმშილით.

სულ რაღაც 16 წლის, დიახ 16, ასეთი პატარა, “დიდი” კაცივით მუშაობდა და ჩავარდა, ჩვენც თან ჩაგვიყოლა. ამას აუცილებლად ვიგრძნობთ მერე. ამ დროს ალბათ ყველას მაგრად გვკიდია ფეხზე ფულიც, საჭმელიც, დასვენებაც, ყველაფერი, სრულიად ყველაფერი როცა მხოლოდ ერთი კითხვა გვაქს – რატომ? ახლა დედამ რა ქნას? ან დედამ ან მისი პატარა შვილის სულმა, ან იმ თვალებს რა ვუყოთ ვიდრე სამუდამოდ დახუჭავდა, მანამდე რომ წამიერი შიშით მოკვდებოდა.

ბავშვი, მარტო დედის იმედად და დედის ერთადერთ იმედად დარჩენილი ბიჭი. აქაური ჯოჯოხეთიც ალბათ ეს არის. ლიფტის შახტში ხომ სივრცეც არ ეყოფოდა გასაფრენად, ალბათ რამდენი ნატვრა ჰქონდა, რამდენს გეგმავდა, ვინ იცის, არავინ, საერთოდ არავინ მის გარდა და ახლა ყველაფერი სულერთია. ისიც ვერ მოასწრო, ერთხელაც სახლში დაბრუნების ბედნიერებით ენახა დედა, რომელის ბოლო იმედად ენთო გვირაბის ბოლოს, პირველი ხელფასით მაინც გაეხარებინა, ისიც ვერა ადამიანებო, ვერ მოასწრო.

ასე არ ხდება, არ უნდა ხდებოდეს, ამ დროს სულ ვეძებ ღმერთს, ალბათ ისიც ეძებდა იმ წამს, როცა ფეხქვეშ ჰაერი იგრძნო და გაქრა. ახლა თავში მიტრიალებს მხოლოდ ერთი: 16 წლის, მშენებლობაზე, ჩავარდა. როცა ყველაზე მეტად გიხარია ადამიანს, გიყვარს, გრძნობ და დაფრინავ – იმ დროს გაქრა, თვალის დახამხამებაში გაფრინდა. ასეა, მერე გვავიწყდება, რადგან ვეღარ ვითვლით ტრაგედიებს, და ის კადრი რომელიც მან ბოლო ამოსუნთქვამდე ერთი წამით ადრე დაინახა, დარჩება სულ ამ ტრაგედიებს შორის, რადგან დედა სულ უნდა იყოს, რადგან შვილიც სულ უნდა იყოს და… 16 წლის ბიჭი, როცა არაფერი ესაქმებოდა მის თვალებში ცრემლს, წავიდა, რით ვერ დავიღალეთ ამდენი გლოვით, ან რას ვუძლებთ…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად