15 ოქტომბერს “ერისიონის” დარბაზში ჯემალ ჭკუასელის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე „ერისიონის“ დარბაზში ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამართავს წიგნის – „ჯემალ ჭკუასელი“ – წარდგენას.

2013 წელს ფონდმა ქართული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ჯემალ ჭკუასელს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა.

ფონდ ,,ქართული გალობის“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საექსპედიციო მასალები გამორჩეულ ლოტბართა შესახებ, ფონდის მიერ პერიოდულად გამოიცემა.

მონოგრაფიის ავტორია პოეტი, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, რედაქტორი კი ფოლკლორისტი – ამირან არაბული. ნაშრომი, რომელიც ნაწილობრივ ასახავს ლოტბარ ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებას, შეიცავს მრავალფეროვან ტექსტობრივ და ვიზუალურ მასალას.

მიძღვნით წერილებსა და ფოტოდოკუმენტებში იკვეთება შთამბეჭდავი პორტრეტი არაორდინარული ხელოვანისა, ღირსეულად რომ აგრძელებს წინამორბედთა შემოქმედებით გზას და ხელს უწყობს ახალი თაობების პროფესიულ დაოსტატებას.
გამოცემთა სერიის – „ქართული სიმღერის მოამაგენი“ – ფარგლებში უკვე მომზადდა მონოგრაფიები ტრისტან და გური სიხარულიძეების, ანდრო სიმაშვილის, პოლიკარპე ხუბულავას, როსტომ გოგოლაძისა და ისლამ ფილფანის მოღვაწეობის შესახებ. „ჯემალ ჭკუასელი“ – ამ სერიით გამოცემული მეექვსე წიგნია.

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ქართველი ერის შემოქმედებითი შთაგონების უშრეტი წყაროა. სწორუპოვარ გუნდად „ერისიონი“ ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა ქორეოგრაფ რეზო ჭოხონელიძისა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის ნიჭიერებამ, პრინციპულობამ და მაქსიმალურმა მომთხოვნელობამ.
პრეზენტაციაში მონაწილეობენ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ და გალობის უნივერსიტეტის გუნდი.
ღონისძიების მხარდამჭერია მეღვინეობა „შილდა“.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად