14 ათასი ლარი 20 წლის “ფორდ ტრანზიტის” რემონტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის ბიუჯეტის 2012 წლის ფინანსური შესაბამისობის ანგარიშის თანახმად, სსიპ "ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაცია კუთვნილ ავტომანქანებზე თვითღირებულებაზე მეტ თანხას რემონტზე ხარჯავდა.

აუდიტის სამსახურის სსიპ ბათუმის ბულვარის ფინანსური აუდიტის ანგარიშში, დაფიქსირებულია რამდენიმე არაპროდუქტიული ხარჯი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოებს ეხება. კერძოდ, ბათუმში, ბიუჯეტიდან 1995 წლის გამოშვების ფორდ ტრანზიტის რემონტზე, რომლის ღირებულება 6894 ლარი იყო, 2012 წელს 9563 ლარი დაიხარჯა, 2013 წელს ამავე სატრანსპორტო საშუალების რემონტზე 4967 ლარი. სულ 20 წლის მანქანაზე 2012-2013 წლებში 14 530 ლარი დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურმა ბათუმის ბულვარის მიერ "არაპროდუქტიული ხარჯი" ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში დააფიქსირა. კერძოდ, 1993 წელს გამოშვებული "მერსედეს ბენცის" რემონტზე, რომლის შეფასებული ღირებულება 2532 ლარი იყო, 2013 წელს 7589 ლარის ოდენობის ხარჯი იქნა გაწეული.

"სულ ორივე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაწეული ხარჯები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით არაგონივრულად მაღალია და შეადგენს 21 118 ლარს, რაც ბულვარის საკუთრებაში არსებულ ფულადი სახსრების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე მიუთითებს",-ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ "აიპრესმა" გარკვეული პერიოდის წინ აჭარაში რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე აცხადებდა. იქ ტექნიკური მომსახურებისთვის სახელშეკრულებო ღირებულება 8 000 ლარს შეადგენდა, ხოლო პრეისკურანტის მთლიანი ოდენობა 112 905 ლარს შეადგენდა. ზემოხსენებულ შემთხვევაში კი დაფიქსირდა, რომ არაპროდუქტიული ხარჯი მომსახურების გონივრული ღირებულების გაუთვალისწინებლად იქნა დახარჯული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად