13 წლის ნატალია შიხაშვილის საოცარი Art-ი (ფოტორეპორტაჟი)

“ვარ ნატალია შიხაშვილი, დავიბადე 2006 წლის 29 ივნისს თბილისში, მყავს დედა, მამა და ერთი ძმა. ვცხოვრობ თბილისში. 2012 წელს შევედი 161-ე საჯარო სკოლაში. 2013 წელს ჩავაბარე სამხატვრო სასწავლებელში და დავიწყე ხატვაზე სიარული.ვხატავ ერთი წლიდან.” – ასე წარმოგვიდგინა საკუთარი თავი ძალიან ნიჭიერმა ნატალიამ, რომელიც ახლა 13 წლისაა და როგორც ირკვევა, უკვე ხატვის 12 წლიანი სტაჟი ჰქონია.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში “მუზეუმი სახლიდან” გამოფენილმა ნატალიას ნამუშევრებმა ჩვენი და ბევრი ხელოვნების მოყვარული ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მისი ყველა ნამუშევრის წარდგენა იწყება ასე:

“გამარჯობა, ვარ ნატალია 13 წლის ❤ ეს ჩემი ნამუშევრების გვერდია
Natalia Shikhashvili და ძალიან გამიხარდება თუ შემიფასებთ…”

გადავწყვიტეთ, ნატალიას მართლაც საოცარი ნამუშევრები “აიპრესის” ფართო აუდიტორიისთვის წარმოგვედგინა

როგორც ნატალია გვიყვება, სწავლობდა ძერწვას, თოჯინების კერვას, ფერწერას, კომპოზიციას და ამჟამად ამ ყველაფერთან ერთად ხელოვნების ისტორიასაც. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში.

ნატალია შიხაშვილი: ჩემი ჰობია სხვადასხვა აქსესუარის გაკეთება. ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა და ცეკვა. ძალიან მიყვარს ბუნება, ცხოველები, ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება.

ნატალია შიხაშვილი: 2018 წლიდან სამხატვრო სასწავლებელში გადავედი გრაფიკის განხრით და დავიწყე ხელოვნების ისტორიის სწავლა. ვმუშაობდი ადამიანის აგებულებაზე, ვხატავდი ნატურმორტებს და ილუსტრაციებს.

ნატალია შიხაშვილი: ამჟამად სამხატვრო სასწავლებელში მე-7 კლასში ვარ. 3 წელიც და დავამთავრებ დიპლომის დაცვით. ზოგადად ძალიან მიყვარს ხელოვნება და შემიძლია ყველაფერთან მისი დაკავშირება.

ნატალია შიხაშვილი: 2016 წლის ივნისში შევქმენი ჩემი ნამუშევრების გვერდი Art page სადაც ვდებ ჩემს ნამუშევრებს. ასევე იმავე წელს მომივიდა იდეა გამეკეთებინა აქსესუარები წიგნის თემაზე , კონკრეტულად წიგნის ფორმის აქსესუარები, რაშიც ძალიან დამეხმარა დედა.

ნატალია შიხაშვილი: ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება თუ ბუნებაში მოვხვდებოდი ყველგან დამქონდა ფოტოაპარატი და ვაგროვებდი საინტერესო სურათებს.

ნატალია შიხაშვილი: ძალიან მსიამოვნებს ხატვაში სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება, ვცდილობ შევისწავლო როგორც ფანქრით მუშაობა ასევე აკვარელით და სხვა საშუალებებით.

ნატალია შიხაშვილი: ვსწავლობ სხვადასხვა ტექნიკით მუშაობას რათა ნამუშევარი უფრო საინტერესო და ლამაზი იყოს. ძალიან მიყვარს ადამიანების ხასიათის დაჭერა და შემდეგ პატარა ჩანახატის გაკეთება.

ნატალია შიხაშვილი: მსიამოვნებს კედლების, ჩანთების და ტანსაცმლის მოხატვა. ძალიან მინდა გავაკეთო ჩემი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად