112-ში ვირუსთან დაკავშირებული ზარის დაფიქსირებისას, მოქალაქეს ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაცია ეწევა

კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეტყობინებები სპეციალური გაიდლაინით იმართება. 112-ში ვირუსთან დაკავშირებული ზარის დაფიქსირებისას, მოქალაქეს ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაცია ეწევა. ოჯახის ექიმები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას – საჭიროა თუ არა მისი სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან გადამისამართება და ასევე, შესაძლებელია თუ არა მოქალაქის სახლის პირობებში მკურნალობა.

პირები, რომლებიც არ საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და ჰოსპიტალიზაციას, ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, რჩებიან საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ონლაინ კლინიკებისა და ოჯახის ექიმების მიერ ხორციელდება უწყვეტად, პერმანენტულ რეჟიმში.
მოქალაქეები, რომლებიც ოჯახის ექიმების მიერ ფასდებიან როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირები, ავტომატურად მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან, რომლის ეკიპაჟებიც შეუფერხებლად ემსახურებიან პაციენტებს და უზრუნველყოფენ მათ შესაბამის დაწესებულებებში ტრანსპორტირებას.

112-ში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ზარების ფილტრაცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ამ დრომდე ეფექტურად მიმდინარეობს. აღნიშნულმა სისტემამ მკვეთრად გააუმჯობესა კოვიდ-19-ის შემთხვევებზე მიზნობრივი რეაგირების ხარისხი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად