11 მაისს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დაიწყება

11 მაისს ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“(Noble Partner) ოფიციალურად გაიხსნება. 

სწავლება საქართველოში პირველად ტარდება . როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სწავლება ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. 

ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები „ბრედლი“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმში 2 მაისს გამოიგზავნა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ბათუმის პორტში ჩამოვა.

„ტვირთის მოძრაობა ბულგარეთიდან, ვარნადან შავი ზღვის გავლით საქართველოსკენ, ბათუმისკენ, პარტნიორ ქვეყნებს შორის ახალ მარშრუტს გახსნის. თავისუფალი მოძრაობის გაფართოება კიდევ უფრო გაამარტივებს წვრთნების ხელმისაწვდომობას და კრიზისების ოპერაციების დროს სწრაფ რეაგირებას“,- განაცხადა მე-4 თანრიგის უორენტ ოფიცერმა მარკ შავენმა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...