11 ბიჭი და ერთი ვალენტინა – ქალი ელექტრიკოსი პროფესიული კოლეჯიდან

19 წლის ვალენტინა ზიბზიბაძე ქალისთვის უჩვეულო სპეციაობას ეუფლება. ის ფოთში, კოლეჯ „ფაზისში“, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ელექტროობას სწავლობს. ჯგუფში 12 სტუდენტიდან, მხოლოდ ვალენტინაა გოგონა. როგორც მასწავლებლები ამბობენ,ის ბევრ საკითხში ბიჭებზე სწრაფად რეაგირებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვალენტინა საუკეთესო სტუდენტად დასახლედა და კომპანიის სტიპენდიანტი გახდა.

მოგვიყევი შენს შესახებ, რატომ აირჩიე ეს პოფესია?

ვცხოვრობ ჭალადიდში. ათი და-ძმა ვართ. ყველაზე უფროსი 33 წლისაა, უმცროსი კი ათის. ბაბუა ელექტრიკოსი მყავდა. მამა და ორი ძმაც ელექტრიკოსები არიან. სახლში როდესაც ვაკვირდებოდი, თუ როგორ აკეთებდნენ ელექტროობასთან დაკავშირებულ საქმეებს, გამიჩნდა სურვილი იგივე მეცადა, მაგრამ ახლოსაც არ მიმაკარეს. მაშინ გადავწყვიტე კარგად შემესწავლა ეს პროფესია. ვიცოდი ოჯახში არ მომიწონებდნენ ამ არჩევანს და ასევე, მეგონა კოლეჯში უარს მეტყოდნენ მიღებაზე, რადგან გოგო ვიყავი, მაგრამ ჩემი შიში არ გამართლდა. მქონდა მიმოწერა კოლეჯის დირექტორთნ, ქალბატონ ნინო ბაკურაძესთან, მისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ასე მითხრა _ ნუ გეშინია, დაგეხმარებით, ყველაფერი კარგად იქნებაო.

სახლში როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?

მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო, არადა, მშობლების თანხმობა მაინც მინდოდა მომეპოვებინა.. დიდი ხვეწნის შემდეგ დედა დავიყოლიე, რომ კოლეჯში გამომყოლოდა. მამა კი ნელ-ნელა შეეგუა, უკვე ერთად ვაკეთებთ სახლში სხვადასხვა საქმეებს რაც ელექტროობასთანაა დაკავშირებული.

როდის აღმოაჩინე, რომ ელექტრიკოსობა შენი პროფესიაა?

სახლში ძმა პატარა გაყვანილობას აკეთებდა და დახმარება მთხოვა. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი, 15 წლის. რასაც მეუბნებოდა ყველაფერი კარგად გავაკეთე და აღმოვაჩინე, რომ მისი მითითებების შესრულება ჩემთვის ძალიან მარტივი იყო.

არ გიქმნის უხერხულობას, რომ ქალისთვის უჩვეულო საქმით ხარ დაკავებული?

არანაირ უხერხულობას არ მიქმნის, პირიქით, ეს ჩემი სამყაროა, მე მუკუთვნის და არავის დავუთმობ.

ჯგუფში მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი გოგონა, როგორი დამოკიდებულება აქვთ კურსელებს შენს მიმართ?

თავიდან სერიოზულად ვერ აღმიქვამდნენ, არ სჯეროდათ რომ ქალს შეუძლია მამაკაცის საქმის ხარისხიანად გაკეთება. მერე კი, როდესაც დაინახეს ჩემი პოტენციალი, ძალიან მეგობრულები გახდნენ. უკვე ერთმანეთს ვასწავლით, ვუზიარებთ გამოცდილებას და თითქმის არ ვკამათობთ არაფერზე.

მოგვიყევი, როგორ მიაღწიე კოლეჯში წარმატებას და როგორ გახდი ენერგო-პრო ჯორჯიას სტიპენდიანტი?

ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებმა საუკეთესო სუდენტის გამოსავლენად კოლეჯში ტესტირება ჩაგვიტარეს. მათი რჩეული მე აღმოვჩნდი და სტიპენდია დამინიშნეს. როგორც მერე გავიგე, თავიდან ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ, არ ეგონათ, რომ ტესტირებას ასე კარგად გავართმევდი თავს. სწავლის დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმება შემომთავაზეს, რაც ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩემთვის.


ენერგო-პრო ჯორჯიას გარდა დასაქმება ნავსადგურმაც შემოგთავაზა, რომელ კომპანიაზე გააკეთებ არჩევანს?

ჯერ არ ვიცი, სტაჟირებას გავივლი და მერე გადავწყვიტავ. თუმცა არჩევანს გავაკეთებ, არა ანაზღაურების რაოდენობის მიხედვით, არამედ, სადაც უფრო მეტი პრაქტიკის და გამოცდილების მიღება იქნება შესაძლებელი, იქ ვიმუშავებ.

ალბათ ბავშვობაში სულ სხვა ოცნებები გქონდა და სულ სხვა პროფესიაზე ოცნებობდი…

ბავშვობაში მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი და მოკლე სტატიებსაც ვწერდი ჩემთვის. შემდეგ ექიმობაზე ვოცნებობდი, კარგი ქირურგი მინდოდა გამოვსულიყავი. ბოლოს კი რადიკალურად შევიცვალე გადაწყვეტილება და გავხდი ელექტრიკოსი ( იცინის).

რა გაქვს დასახული მიზნად, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

ენერგეტიკის ფაკულტეტზე სიამოვნებით ჩავაბარებდი, მაგრამ მანამდე მინდა შედუღების კურსების გავლა.

რას ურჩევ შენს თანატოლ გოგონებს, რატომ უნდა მოგბაძონ?

თანატოლებს ვურჩევ დაეუფლონ ნებისმიერ პროფესიას, რომელიც მათ მოსწონთ, რადგან ის საქმე რომელსაც მამაკაცები აკეთებენ, გაცილებით უფრო საინტერესოა. პროფესიას სქესი არა აქვს. შეგიძლიათ მომბაძოთ, დამიჯერეთ, არც ის არის პრობლემა, ჯგუფში თუ მარტო თქვენ აღმოჩნდებით გოგო, რადგან, როდესაც თქვენს შესაძლებლობებს დაინახავენ, სხვა თვალით შემოგხედავენ.

ავტორი: ანა ჯახაია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...