10 ივლისიდან იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცე შეიქმნება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, მინდა, ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ- როგორც იცით, 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და ამოქმედება ორი კატეგორიის ნებართვა – A და B.

A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე.

ჩვენ პირველი ივლისიდან დავიწყეთ აღნიშნული ტაქსების კატეგორიებად დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება.

ამ პროცესში ერთვება იუსტიციის სახლი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს თანამშრომლობისთვის, თანადგომისთვის.

10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით.” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად