1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლებში სწავლა განახლდება

1 თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან, გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც,  რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს.

„დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ.

დღეს, საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან.

ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად