1 ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მფლობელს ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი გადაეცემა

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ტაქსების რეფორმას მინდა შევეხო, რომელიც საკმაოდ პოზიტიური და შედეგიანი გამოდგა. მეორე ეტაპი, როგორც ყველამ ნახეთ, ითვალისწინებს თეთრ ფერს და მანათობლის სტანდარტს, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაურიგა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს. 8000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება უკვე ჩართულია მომსახურების მიწოდებაში. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ იქნება რეფორმის მესამე ეტაპი, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, რეფორმის თითოეული ეტაპი უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ასევე, მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას.

მინდა ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს, რომლებიც A კატეგორიით ჩაერთვნენ მომსახურების მიწოდებაში.

1 ნოემბრიდან, მათ შეეძლებათ მიიღონ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელსაც მერია კონკურსში გამარჯვებულ კერძო კომპანიასთან ერთად სთავაზობს A კატეგორიის ტაქსებს. ვაუჩერების დარიგების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მძღოლებს არ დაჭირდება ვაუჩერის მიღება რაიმე მისამართზე, ჩვენ მათ შევატყობინებთ, რომელ სერვისცენტრებში იქნება ეს მომსახურება და პირდაპირ შეძლებენ მისვლას. გარდა ამისა, იმ ავტომფლობელს, რომელიც ისარგებლებს ამ ვაუჩერით, გადაეცემა 20%-იანი ფასდაკლების ბარათი სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მომსახურების ერთ-ერთ ქსელში. ეს შეთავაზება და ფასდაკლების ბარათი არის უშუალოდ ჩვენს კონკურსში გამარჯვებული კომპანიის. ამაზე მერია არ გასწევს ხარჯს ბიუჯეტიდან”, –  აცხადებს თბილისის მერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად