08.08.2008 – 11 წელი აგვისტოს ომიდან

11 წელი აგვისტოს ომიდან – საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღიდან 11 წელი გავიდა.

11 წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ისევ ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

11 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას აგრესია ისევ არ შეუჩერებია. საქართველოს ჩრდილოელი “მეზობელი” ისევ ცდილობს ტერიტორიების ოკუპაციას, პერიოდულად აფართოებს საზღვრებს და რამდენიმე მეტრის გადმოწევით საქართველოს ტერიტორიის მითვისებას ახდენს.

პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების მოსაზრებები ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ რუსეთის პროვოკაციას არ აჰყვებოდა. მეორე ნაწილის აზრით, კი რუსეთი ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდა და ომი გარდაუვალი იყო. მათი აზრით, ომის აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი თუკი საქართველო რუსეთის ფედერაციას თავის ტერიტორიებს საკუთარი ხელით ჩააბარებდა.

აგვისტოს ომის მოკლე ქრონოლოგია

ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად NATO-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდებოდა, რამაც რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს NATO-ს პოზიციის საპასუხოდ „საშინაო მონახაზები“ მზად ჰქონდა.

7 აგვისტოს, ცხინვალში, დე ფაქტო ვიცე-პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, არ დაესწრო. ქართველმა მინისტრმა რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა.

8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

9 აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ინტერნეტდომენი ძიებადი აღარ იყო. რამდენიმე სამინისტროს, საქართველოს ბანკის და პარლამენტის ვებგვერდი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტის შინაარსი შეიცვალა ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათებმა.

10 აგვისტოს ზოგიერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს საიტი უკვე ფუნქციონირებდა, ხოლო 11 აგვისტოსთვის უმრავლესობა.

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი. რუსულმა ავიაციამ დაბომბა: ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ასევე ფოთის პორტი.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა.

26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ე.წ. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ – ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 1 747. დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...