ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი სოხუმის ცენტრალურ გალერეაში წუხელ ღამით, დაახლოებით 03:30 საათზე გაჩნდა. მისი ლოკალიზება სოხუმის, გუდაუთის, გულრიფშის და ოჩამჩირის თერთმეტმა სახანძრო ეკიპაჟმა მხოლოდ დილის შვიდი საათისთვის შეძლო. ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართულზე არსებულ საგამოფენო დარბაზში და საცავებში დაცული 4000-ზე მეტი ნამუშევარი დაიწვა.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარს დაახლოებით 150 ნამუშევარი გადაურჩა.

მეხანძრეების თქმით, ხანძარი სახურავიდან მოედო შენობას. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არაფერია ნათქვამი. არ გამორიცხავენ, რომ ხანძრის ხელოვნურად გაჩნდა.

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბას 300-მდე ნამუშევარი ინახებოდა. ალექსანდრე შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, გიორგი შერვაშიძის შვილიშვილი იყო. მისი მამა, რუსეთის არმიის ოფიცერი კონსტანტინე შერვაშიძე,  რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა 1932 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გადაასახლეს.

1866 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდეგ კი შარვაშიძეების ოჯახის წევრებს აეკრძალათ სამშობლოში დაბრუნება და ფეოდოსიაში დაბადებული ალექსანდრე სოხუმში მხოლოდ 1918-1920 წლებში ცხოვრობდა, 1920 წელს კი საფრანგეთში გაემგზავრა. იგი 1968 წელს მონაკოში, ხანდაზმულთა თავშესაფარში  გარდაიცვალა.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიღარიბეში მყოფმა ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბამ თავისი 500-მდე  ნამუშევარი არ გაყიდა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმს და სოხუმის სამხატვრო გალერეას უსახსოვრა.

ალექსანდრე შერვაშიძის ნეშტი 1985 წელს გადმოასვენეს სოხუმში. ამავე წელს თბილისში შედგა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა