ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, მე და ჩემს თანამოაზრეებს ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ, - ამის შესახებ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, მან არაერთგზის მიმართა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, რომ გაეტარებინათ წინასაარჩევნო პერიოდი მაღალეთიკური, პროფესიულ სტანდარტებით, თუმცა მსგავსი მიდგომა ყანდაშვილის და მისი თანამოაზრეების მიმართ არ შეინიშნება.
„ძვირფასო მეგობრებო, მე 2025 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც განვაცხადე მზაობა და ინტერესი მიმეღო მონაწილეობა 2025 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში, მე ყველა პოტენციურ კანდიდატს და არჩევნებში მონაწილე თითოეულ ჩვენთაგანს, ადვოკატებს, ალბათ დამეთანხმებით, ნახავდით და მოისმენდით არა ერთ წერილობით მიმართვას, თუ ვიდეო გზავნილს, ვთხოვე, გაგვეტარებინა წინასაარჩევნო დღეები მაღალეთიკურ, პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით, რა სტანდარტს მე პირადად და ჩემი მხარდამჭერი ადვოკატები და ჩვენი დიდი გუნდი ვიცავთ და დავიცავთ ბოლომდე. თუმცა, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, რომ მსგავსი მიდგომა არ შეინიშნება ჩემს და ჩემი თანამოაზრეების მიმართ. ამას მე გულისტკივილით აღვნიშნავ. ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, მე და ჩემს თანამოაზრეებს ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ,“- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, მას და მის კოლეგებს უნდა ეყოთ შესაბამისი ალღო და გამოცდილება, რომ სხვათა ხელში არ იქცნენ პროფესია ადვოკატის დასუსტების იარაღად.
„თუმცა, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ იმიტომ რომ ვინმეს წინაშე ვიკეკულუცოთ, არა კოლეგებო, არამედ მსგავსი სტანდარტის დაცვით პოზიციონირება და ქმედება სჭირდება ჩვენს პროფესიას. ჩვენს უკან ძვირფასო ადვოკატებო, ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი პროფესიის კეთილი სახელი, ჩვენი პროფესიის რეპუტაცია დგას, ჩვენ გვიყურებს საზოგადოება. ჩვენ გვიყურებენ ამჟამინდელი, თუ პოტენციური, მომავალი ჩვენი მარწმუნებლები, ჩვენი კლიენტები. გვიყურებს მართლმსაჯულების ყველა რგოლი და ჩვენს პროფესიაზე იქმნის შთაბეჭდილებას. უფრო მეტიც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი მხრივ, ეს არჩევნები დასრულდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში, თუმცა არა და ვერ დასრულდება ჩვენი მსახურება ამ პროფესიაში და ჩვენი ქცევით არ უნდა ვაზარალოთ პროფესია და ერთმანეთთან ურთიერთობა, ხოლო მეორე მხრივ, არ უნდა ვაზარალოთ პროფესიის სიძლიერე. ხოლო, ასეთი დამოკიდებულებით, ნებსით, თუ უნებლიეთ ჩვენ ვკარგავთ ერთიანობას და პროფესია სუსტდება. ჩვენ მეტი გვმართებს. მეტი გააზრება, რადგან არავის, არაფერს, არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი პროფესიული გაერთიანება და ჩვენი პროფესიის ინტერესი. მათ შორის, გვეყოს ალღო, თუმცა ამისთვის უნდა გვქონდეს, მათ შორის, შესაბამისი გამოცდილება, რათა არ გავხდეთ სხვათა ხელში იარაღი, თუ ინსტრუმენტი ამ პროფესიის დასუსტების, თუ დაყოფის“,- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.









