„ჯუთას ხეობაში, დავათვალიერეთ ჯუთამდე მისასვლელი გზის დამეწყრილი მონაკვეთი და გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან. ეს არის ისტორიული მეწყერი, რომლის ნაწილიც, სამწუხაროდ, 2022 წელს გააქტიურდა, ხოლო წელს აპრილში მეწყერმა კვლავ დააზიანა გზის ნაწილი. ამოსულები ვართ სპეციალისტებთან ერთად
იმისთვის, რომ ადგილზე ვნახოთ სიტუაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მივიღოთ სწორი საინჟინრო გადაწყვეტილება და რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს გზა გაიხსნას,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჯუთამდე მისასვლელი დაზიანებული გზის დათვალიერების შემდგომ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა დაზიანდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე. 


პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იყო მოსახლეობისა და დამსვენებლების გადაადგილებისთვის დროებითი საგზაო კავშირის უზრუნველყოფა. თუმცა, მეწყრის მასშტაბიდან და დინამიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, საფრთხე კვლავ რჩება აქტიური.


ამჟამად მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები.


პროცესში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის კომპლექსურად შეფასებას და გზის სტაბილური კავშირისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
„უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდესმეწყრის საფრთხე და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში, ასევე, დავიწყებთ სამუშაოს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდისთვის სამუშაოების და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის,“-აღნიშნა რევაზ სოხაძე.