რთულია ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში - ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„საკმაოდ რთულია იურიდიული საკითხები და არ ვიცი, რას ნიშნავს იურიდიულად მისი შეწყალება. ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა საბოლოოდ გამოკეთდეს. ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა. პოლიტიკურ გარემოში გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია იმიტომ, რომ ერთია მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ახსოვს, რა რთული პირობები გამოიარა და შეიძლება შეწყალება მათთვის მიუღებელი იყოს. როცა არის გარდამტეხი პერიოდები და საჭიროა წინ წავიწიოთ, ძალიან რთულია, ამის გამო გათიშვა“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპასთან დაახლოება გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაც არის.„ვისაც ეკუთვნის უნდა თქვა, რომ სააკაშვილის დამსახურებაც არის. ალბათ, ესეც ავიწყდებათ. თუ გადავხედავთ დღევანდელ დღეს, არ ვიცი, ვისი დამსახურება არის. საქართველოში ასი ათასობით რუსი შემოვიდა და არანაირი კონტროლი არ არის. რა მოგვიტანა ამან პოზიტივი? როცა ეთანხმებიან კარასინის განცხადებებს, რას ნიშნავს? როცა გამოაქვეყნეს რუსული კანონი. რატომ აკეთებენ ამას?. 100 %-ით მჯერა, რომ ეს რეკომენდაცია უპირველეს ყოვლისა, არის ხალხის დამსახურება, მათ შორის ახალგაზრდების. რომ არ ყოფილიყო სურათი, რომელიც აჩვენებდა, რომ ხალხი გამოდის ევროკავშირის დროში და ხელისუფლებას ეწინააღმდეგება „რუსული კანონის“ გამო, ეს რეკომენდაცია არ იქნებოდა“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.